10 უცნობი ფაქტი NATO-ს შესახებ

10 უცნობი ფაქტი NATO-ს შესახებ

საერთო მტრის წინააღმდეგ რიგი სახელმწიფოების ერთ ალიანსში გაერთიანების პრაქტიკა არაერთი საუკუნეა არსებობს. ანტიკურ დროსაც კი ძლიერი მტრის დამარცხებისთვის, ქვეყნები საკუთარ სამხედრო შენაერთებს ერთად უყრიდნენ თავს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. გერმანიის წინააღმდეგ გაერთიანებულმა მოკავშირეებმა ერთმანეთს ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება. 1946 წლის 5 მარტს, აშშ-ის ქალაქ ფულტონში უინსტონ ჩერჩილმა ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მან სსრკ და კომუნიზმი მწვავედ გააკრიტიკა. მიჩნეულია, რომ ცივი ომი სწორედ ამ გამოსვლის შემდეგ დაიწყო.

ამ ამბიდან 2 წლის თავზე, 1948 წლის მარტში ევროპაში ბრიუსელის პაქტი გაფორმდა. წევრი სახელმწიფოები - ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია და საფრანგეთი დასავლეთ ევროპულ ალიანსს აყალიბებდნენ. დოკუმენტის თანახმად, კომუნისტური საფრთხის წინააღმდეგ მათ შეთანხმებით უნდა ემოქმედათ. მოგვიანებით ამ დოკუმენტის საფუძველზე მეორე გაერთიანება შეიქმნა.

1949 წლის 4 აპრილს 12-მა სახელმწიფომ (ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, აშშ, საფრანგეთი) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტი კოლექტიური უსაფრთხოების ახალ, ერთიან სისტემას დაედო საფუძვლად. ხელშეკრულების ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში, მხარეები მისი კოლექტიური დაცვის ვალდებულებას იღებდნენ.

რატიფიცირების შემდეგ, შეთანხმება ძალაში 1949 წლის 24 აგვისტოს შევიდა. სწორედ ამ დღიდან იწყება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის - NATO-ს ისტორია.

  • ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ალიანსის ლოგოზე წარწერა NATO ორნაირად არის შესრულებული - NATO და OTAN. ეს იმიტომ, რომ პირველი ინგლისურადაა დაწერილი - North Atlantic Treaty Organization - NATO, მეორე კი ფრანგულად - Organisation du traité de l'Atlantique Nord - OTAN. ალიანსის შტაბ-ბინა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარეობს. ამ ქვეყანაში კი ფრანგულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს.

  • ალიანსი პირველად 1952 წლის 18 მაისს გაფართოვდა. მისი ახალი წევრები საბერძნეთი და თურქეთი გახდნენ. რეალურად არც ერთი და არც მეორე ალიანსში გააწევრიანებისთვის არც სამხედრო და არც ეკონომიურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ყველაფერი ორივე ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა. თურქეთი პოტენციურ მტერს - სსრკ-ს უშუალოდ ესაზღვრებოდა, საბერძნეთი კი სსრკ-სთან სიახლოვესთან ერთად, ხმელთაშუა ზღვის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა. 1974-80 წლებში ღია სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების გამო თურქეთი და საბერძნეთი NATO-ს მხოლოდ ფორმალურ წევრებად რჩებოდნენ.

  • საფრანგეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ალიანსი საკუთარი სურვილით დატოვა. ეს 1966 წლის ივლისში მოხდა. ერთი თვით ადრე სსრკ-ში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი დე გოლი ბრეჟნევმა ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე მიიწვია. სტარტის შემდეგ დე გოლმა ხუმრობით იკითხა - იმედი მაქვს, რომ ეს რაკეტა პარიზზე არ არის დამიზნებული. ლეონიდ ილიჩმაც პასუხი არ დააყოვნა - რა თქმა უნდა, ბატონო პრეზიდენტო, კონკრეტულად ეს რაკეტა არა. ერთი თვის თავზე პარიზმა NATO დატოვა. ალიანსის წევრობას საფრანგეთი მხოლოდ 2009 წელს დაუბრუნდა.

  • ისლანდია ალიანსს ერთადერთი წევრია, რომელსაც არმია არ ჰყავს. შეიარაღებული დანაყოფების სახით მის განკარგულებაში მხოლოდ სანაპირო დაცვაა.

  • NATO-ს ყველაზე სუსტი წევრი, სამხედრო ძალის სახით - ლუქსემბურგია. ამ პატარა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ 450 სამხედრო ირიცხება.

  • ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 5 სახელმწიფო მსოფლიოს უძლიერესი არმიების ათეულში შედის. ესაა - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და თურქეთი.

  • NATO-ს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკის ჯამური რაოდენობა 200 000-ს აჭარბებს. რაც რუსეთთან შედარებით სამჯერ მეტია.

  • NATO-ს საკუთარი ანბანიც აქვს. 1956 წლიდან ორგანიზაცია ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ფონეტიკურ ანბანს მოიხმარს. მასში შემავალ 26 ასოს კონკრეტული სიტყვა შეესაბამება. ასე მაგალითად, A - Alfa, B - Bravo, G - Golf, L - Lima, T - Tango, V - Victor, Z - Zulu.

  • ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საკმაოდ ძვირადღირებული ორგანიზაციაა. ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს მისმა ბიუჯეტმა და სამხედრო ხარჯებმა 892 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან 641 მილიარდი დოლარი აშშ-ის ფინანსური წილი იყო. შედარებისთვის, იმავე წელს რუსეთის თავდაცვის უწყების ბიუჯეტმა 66 მილიარდი დოლარი შეადგინა.

  • ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 პუნქტი მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს. ეს აშშ-ში 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მოხდა. ამ დებულებით, NATO-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც თავდასხმა მთლიანად ალიანსზე.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო