მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაძევებული რუსი დიპლომატების სკანდალები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გაძევებული რუსი დიპლომატების სკანდალები

ესტონეთში, რუსეთის კონსულმა ნარვეში, ანდრეი სურგაევმა ქვეყანა დატოვა. იგივეს გაკეთება მოუხდა გენერალურ კონსულს დიმიტრი კაზენოვსაც... არაორდინალურ ვითარებაზე წერს ტალინში რუსეთის საელჩოს პრეს-ატაშე დენის მოსიუკოვი.

უფრო ადრე, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ კაზენოვსა და სურგაევს ქვეყნის დატოვება მოუწევდათ, მაგრამ მიზეზი არ განუმარტავთ... რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დიპლომატების გაძევება არამეგობრული ჟესტია, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება...

კაზენოვი რუსეთის გენერალურ საკონსულოს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის ფლობს ესტონურ და ინგლისურს ენებს და არის პირველი რანგის მრჩეველი. ადრეულ წლებში, დიპლომატიური მისიებით იმყოფებოდა ავღანეთსა და ინდოეთში. სურგაევი კი, გენერალური საკონსულოში კონსულ-მრჩეველი იყო. დიპლომატების გაძევების ერთ-ერთ ვერსიად შპიონაჟი სახელდება.

რა თქმა უნდა, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუს დიპლომატს ამა თუ იმ ქვეყნიდან აძევებენ: 2017 წლის 29 მაისს 5 რუსი დიპლომატი გააძევეს მოლდოვადან და ისინი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.

2016 წლის დეკემბერში, ამერიკაში რუსეთის საელჩოდან 35 რუსი დიპლომატი გააძევეს, რომელთაც დიპლომატიური საქმიანობის დარღვევაში სდებდნენ ბრალს. ამერიკამ ორი მათგანის საცხოვრებელი, რომელიც ვაშინტგონსა და ნიუ-იორკში მდებარეობდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დალუქა.

2016 წლის 8 ივლისს, ამერიკის სახელმწიფოს დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, ამერიკიდან გააძევეს ორი რუსი დიპლომატი. ეს იყო პასუხი, ცოტა ხნით ადრე, მოსკოვის მიერ გაძევებული ამერიკელი დიპლომატების საქმეზე. მაშინ ამერიკელი დიპლომატების შესახებ ვრცელი მასალა მოამზადა "ვაშინგტონ პოსტმა". რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ორივე ამერიკელი დიპლომატი ამერიკის ცენტრალურ დაზვერვასთან თანამშრომლობდა, რის გამოც ისინი რუსეთის პოლიციამ დააკავა...

2015 წლის 13 ივლისს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესაში რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, რის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. უკრაინულმა მხარემ მაშინ დიპლომატის ვინაობა არ გაამხილა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარისას აღნიშნა, რომ ეს რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამოძახილი იყო.

2014 წლის ოქტომბერში, პოლონეთმა დიპლომატიური საქმიანობის დარღვევის მოტივით, ქვეყნიდან გააძევა რამდენიმე რუსი დიპლომატი. საუბარი იყო იმაზე, რომ პოლონეთიდან რუსი დიპლომატების გამოწვევა პოლონელი პოლკოვნიკის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას უკავშირდებოდა.

2014 წლის 8 აპრილს, კანადის საინფორმაციო საშუალებები რამდენიმე რუსი დიპლომატის მიერ კანადის ორ კვირაში დატოვების აუცილებლობაზე წერდნენ. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათი გაძევების მიზეზი არ გაამხილა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი რუსეთსა და უკრაინას შორის გართულებული ურთიერთობა, კიდევ ერთი ვერსიით კი, შპიონაჟი იყო.

2013 წლის დეკემბერში, ამერიკის ხელისუფლებამ და საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ, რუსი დიპლომატების ჯგუფს სამედიცინო დაზღვევებთან დაკავშირებით ბრალი თაღლითობაში დასდო. საქმეში დიპლომატიური სამსახურის 49 ყოფილი და მაშინ მოქმედი თანამშრომელი ფიგურირებდა.

ფედერალური ბიუროს ინფრომაციით, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის, ასევე გენერალური საკონსულოსა და ნიუ-იორკში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის თანამშრომლები, თაღლითობის სქემით 9 წლის განმავლობაში მოქმედებდნენ. საუბარი იყო 1,5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯანდაცვის დაზღვევის უკონონოდ გამოყენებაზე. სკანდალი მსოფლიო განსჯის საგანი გახდა, თუმცა, სერგეი ლავროვმა ბრალდებას აბსურდული უწოდა...

2012 წლის იანვარში, კანადურმა მედიამ, ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია სამხედრო საზღვაო ოფიცრის, ჯეფრი პოლი დილაილას დაკავების შესახებ, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი.

2011 წლის 1-ელ თებერვალს, ირლანდიის ხელმძღვანელობამ ყალბი პასპორტების დამზადებისა და დიპლომატიური საქმიანობის დარღვევის ფაქტზე, რუსი დიპლომატები დააკავა.

2010 წლის ნოემბრის ბოლოს, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტრინიდად ხიმენეს გარსია-ერერამ, ნაციონალური დაზვერვის ცენტრის დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით, ადგილობრივი გაზეთ EL Pais -ში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხად, ესპანეთის საელჩოს პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველს იგნასიო კარტახენის და ელჩის პირველ მდივანს ბორხე კორტეს-ბრეტონას ქვეყნის დატოვებას სთხოვდა.

2010 წლის დეკემბერში, რუსეთმა და ბრიტანეთმა დიპლომატების "გაცვლა" განახორციელეს, - ორივე სახელმწიფომ თითო დიპლომატი გაიწვია.

2010 წლის აგვისტოში, რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი ბუქარესტში, ანატოლი აკოპოვი რუმინეთის ხელმძღვანელობამ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ეს იყო მოსკოვიდან რუმინელი დიპლომატის გაბრიელა გრეკის გაწვევაზე პასუხი. "ეფესბემ" გაბრიელა გრეკი სამხედრო საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას დააკავა.

2009 წლის აგვისტოში, ჩეხეთის მედიის ინფორმაციით, ჩეხეთმა ქვეყნიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი. ერთი მათგანი, რუსეთის ფედერაციის ატაშეს მოადგილე, დააკავეს, მეორე რუსი დიპლომატი ჩეხეთის ხელმძღვანელობამ გააფრთხილა, შვებულებიდან აღარ დაბრუნებულიყო. მედიის ინფორმაციით, ორივე მათგანი რუსეთის საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობდა...

2009 წლის ივლისში, კიევმა ასევე ორი დიპლომატი, რუსეთის ფედერაციის ელჩის მრჩეველი ვლადიმერ ლისენკო და ოდესის გენერალური კონსული ალექსანდრ გრაჩევი დიპლომატიური საქმიანობის დარღვევის ბრალდებით გაათავისუფლა. პასუხად, - რუსეთმა გააფრთხილა უკრაინის გენერალური კონსული ნატალი პროკოფიევა და ელჩის მრჩეველი იგორ ბერეზკინი კიევში დაბრუნებულიყვნენ.

2009 აპრილში, გაურკვეველი მიზეზით, ბელგიიდან გაიწვიეს რუსი დიპლომატები.

2008 წლის სექტემბერში, ფინელი დიპლომატი გაიწვიეს მოსკოვიდან, რაც ადგილობრივმა მედიამ, ფინეთში რუსეთის საელჩოდან რამდენიმე რუსი დიპლომატის გაძევების პასუხად მიიჩნია.

2008 წლის 21 იანვარს, ლატვიაში რუსეთის ელჩის მეორე მდივანი ალექსანდრე როგოჟინი შპიონაჟის ბრალდებით ქვეყნიდან გააძევეს, რაც რუსეთმა ლატვიის მხრიდან არამეგობრულ ქმედებად შეაფასა და მოსკოვში ლატვიის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

2009 წლის აპრილში, ნატოში რუსეთის ორ მუდმივ წარმომადგენელს, ვასილი ჩიჟოვსა და ვიქტორ კოჩუკოვს აკრეტიდაცია გაუუქმეს და რუსეთში გააძევეს.

2007 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთს, სადაც რუსეთის დიპლომატიური სამსახურის სამი თანამშრომელი, ივან ვოლინკი, პეტრ სოლომატინი და ალექსანდრ კურტენკო და პერსონა ნონ-გრანტად იყო გამოცხადებული... დიპლომატები საქართველოს შსს-ს მოძიებული მასალების თანახმად, ქვეყნისთვის არასასურველ პერსონებად დასახელდნენ.

მაშინ ოთხი ხელბორკილიანი რუსი ოფიცერი, გენერალური პროკურატურის შენობიდან გამოიყვანეს, რის შემდეგაც პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თითოეულ ეჭვმიტანილს ოფიციალური ბრალდება წაუკითხა.

რუსული ტელეკომპანია НТВ-ის ცნობით, კიდევ ორი რუსი ოფიცერი გააცილეს თბილისის აეროპორტში. ერთ-ერთი მათგანი ჯაშუშობაში ოფიციალურად ეჭვმიტანილი კონსტანტინე პიჩუგინი იყო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, აქამდე ამიერკავკასიაში რუსული სამხედრო დაჯგუფების შტაბს აფარებდა თავს. ქართულ პოლიციას შტაბის შენობა 27 სექტემბრიდან ალყაში ჰყავდა მოქცეული და პიჩუგინის გადმოცემას ითხოვდა.

2007 ივლისში, ბრიტანეთიდან 4 რუსი დიპლომატი გააძევეს. ეს იყო პასუხი რუსეთის უარზე, - ბრიტანეთის სასამართლოსთვის გადაეცა ანდრეი ლუგავოი, რომელიც ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად ცნეს... მალე მოსკოვმაც გაუშვა ლონდონში ბრიტანეთის საელჩოს 4 თანამშრომელი.

2004 წელს, ლიტვა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა იყო, რომელმაც სადაზვერვო საქმიანობის გამო, ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ატაშე და საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე