90 დაღუპული ქაბულში - ტერაქტზე პასუხისმგებლობას "ჰაკანის ქსელს" აკისრებენ

90 დაღუპული ქაბულში - ტერაქტზე პასუხისმგებლობას "ჰაკანის ქსელს" აკისრებენ

TASS-ის ინფორმაციით, 31 მაისს ქაბულში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფმა დაჯგუფება "ჰაკანის ქსელმა" აიღო. რუსული გამოცემა იუწყება, რომ ამ ინფორმაციას ლიბანურ ტელეარხ Аль-Маядин-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ნატოს წარმომადგენლობის განცხადებით, "მწვანე ზონის" შემოსასვლელთან ავტომანქანა ჰაერში "აფრინდა", შემდეგ ცეცხლში გაეხვა და ნაწილებად დაიშალა. მათივე თქმით, ავღანელი სამხედროების დამსახურებით, ტერორისტებმა "მწვანე ზონაში" ვერ შეაღწიეს, თორემ შედეგი ბევრად უარესი იქნებოდა.

აფეთქებას 90 ადამიანი შეეწირა (ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები ვარაუდობენ, რომ რაოდენობა გაიზრდება), 400-მდე კი დაიჭრა, მათგან ბევრი მძიმე მდგომარეობაშია. დაჭრილები ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები... დანაღმული მანქანა გერმანიის საელჩოს მახლობლად, ადგილობრივი დროით 08:30 წუთზე, ვაზირ-აქბარ-ხანის კვარტალში, დიპლომატიურ კორუსთან ახლოს აფეთქდა, სადაც იაპონიის, ირანის, ინდოეთისა და სხვა სახელმწიფოების საელჩოებიც არის.

"თალიბანის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა გადაჭრით უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ დაჯგუფება გმობს განუკითხავ თავდასხმას, რასაც სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლი ახლავს. ავღანეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 31 მაისის ტერაქტის უკან "ჰაკანის ქსელი" დგას, რომელიც პაკისტანიდან იმართება და მჭიდრო კავშირი აქვს "თალიბანთან"... ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თავდასხმას "სამხედრო დანაშაული" უწოდა.

მისივე თქმით, პირველადი მონაცემებით, აფეთქება დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა 11-მა ტერორისტმა, რომლებიც "ხაკანის ქსელის" წევრები არიან. ტელეარხ Tolo News-ის ინფორმაციით, ნაპოვნია წერილი, სადაც ავტორი ავღანეთის ლიდერს მიმართავს, თუმცა, წერილში არაფერია ნათქვამი "ხაკანის ქსელის" დაჯგუფებაზე, კონკრეტულად კი ჯალალუდინა ხაკანის შვილზე, ანას ხაკანზე, რომელიც არაერთი ტერორისტული აქტის ავტორია და რომელიც პაკისტანის დაზვერვის სააგენტოს კოორდინატებს ფარულად იყენებს.

დაჯგუფება "ხაკანის ქსელის" ბაზა პაკისტანის ჩრდილოეთ ნაწილში, ვაზირისტანის პროვინციაშია და იქიდან ებრძვის ავღანეთის ხელმძღვანელობას.

საიდან მოდის "ჰაკანის ქსელი"?

ტერორისტული დაჯგუფება "ჰაკანის ქსელი", ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიაზე, 2000-იანი წლებიდან მოქმედებს. მაშინ მას სათავეში პუშტუნი, ზადრან ჯალალუდინა ხაკანი ედგა, რომელიც 1980-იან წლებში, როდესაც ავღანეთში საბჭოთა კავშირის ჯარები იბრძოდნენ, მოჯაჰედების საველე მეთაური იყო.

რუსული მედიის მტკიცებით, მაშინ ის და მისი თანამებრძოლები ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის ცენტრალური დაზვერვიდან იღებდნენ. 1980-იან წლებში, პაკისტანის საზღვართან მდებარე ავღანეთის ქალაქ ხოსტში, "ხაკანის ქსელი" საბჭოთა ჯარების მიმართ ისეთი სისასტიკით გამოირჩეოდა, რომ 1987 წელს, გენერალ-პოლკოვნიკმა ბორის გრომოვმა ზადრანის კლანთან მოლაპარაკება სცადა, რათა ქალაქი ხოსტა მშვიდობიანად აეღოთ, მაგრამ ხაკანი მასთან კავშირზეც არ გავიდა...

1989 წელს საბჭოთა კავშირმა ავღანეთიდან ჯარები გაიყვანა, ქვეყანაში კი სამოქალაქო ომი გაგრძელდა. ხაკანი საბჭოთა ჯარებთან ბრძოლის კვალდაკვალ, ძალაუფლების მოპოვებას ცდილობდა. სწორედ მაშინ მოიხვეჭა ავტორიტეტი მოჯაჰედების თვალში. მშვიდობიანი მოსახლეობის პატივისცემაც დაიმსახურა, რადგან მათზე არასდროს უძალადია და არც გაუძარცვავს.

1992 წელს, როდესაც ამბოხებულები ქვეყნის სათავეში მოვიდნენ, ის საველე მეთაურებს ხელმძღვანელობდა. შემდეგ, ავღანეთის იუსტიციის მინისტრი გახდა, სადაც 4 წელი იმუშავა. 1996 წელს, როდესაც ავღანეთის დედაქალაქსა და ქვეყნის დიდ ნაწილზე კონტროლი "თალიბებმა" დაამყარეს, ის მათ შუერთდა, თუმცა, ორგანიზაციის წევრი არ გამხდარა. 1997 წელს ხაკანი ავღანეთის საგარეო საქმეთა საკითხებს უძღვებოდა, ისლამური სახელმწიფოზე ოცნებობდა და სხვა რელიგიების მიმართ შეუწყნარებელი იყო...

2001 წელს, ამერიკა თავის მოკავშირეებთან ერთად, ავღანეთში შეიჭრა და "თალიბანის" რეჟიმი დაამხო. მაშინ, თალიბებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, მთებს შეაფარეს თავი. ხაკანი თანამებრძოლებმა, "თალიბების" შეიარაღებული ძალების მეთაურად დანიშნეს, რადგან მებრძოლებს შორის ავტორიტეტით სარგებლობდა. მოგვიანებით, მას პაკისტანის დაზვერვის სამსახურები შეჰპირდნენ, თუ თალიბანის ლიდერებთან ურთიერთობას გაწყვეტდა, ავღანეთში მის პრეზიდენტობას მხარს დაუჭერდნენ, რაზეც უარი განაცხადა, ავღანეთში დაბრუნდა და ახალი ხელისუფლებისა და ნატოს ძალების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლები დაიწყო... ის ავღანეთის ჩრდილოეთით, ვაზირისტანში იყო გამაგრებული, სადაც მაშინ "ალ ქაიდას" ლიდერი ოსამა ბინ ლადენი აფარებდა თავს.

2000-იან წლებში, მან ხაკანების კლანთანაც აღადგინა ურთიერთობა და მათთან ერთად ებრძოდა ნატოს ძალებს... 2006 წელს, თალიბანის ლიდერმა მულა ომარმა ჯალალუდინა ხაკანი ანტისახელმწიფოებრივი ძალების მეთაურად დანიშნა. ცოტა ხანში, მან "საქმეში" თავისი შვილი სირაჯუდინიც (სირაჯი) ჩართო, რომელიც თანამებრძოლებში "ხალიფას" სახელით იყო ცნობილი. მალე მამამისის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დაჯგუფების მეთაურობა მთლიანად სირაჯის ხელში გადავიდა. მაშინ ისიც ითქვა, რომ ხაკანი-უფროსი გარდაიცვალა...

პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ხაკანის ქსელი" თალიბანისა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა, ხანდახან ასეც იყო, თუმცა, ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიც ადგილობრივ ხელისუფლებასა და ნატოს ძალებთან ბრძოლაა, ერთად იყვნენ.

"ჰაკანის ქსელის "ანგარიშზე" არსებული ტერაქტები არასრული სია:

2008 წელს, ქაბულში, ელიტარულ სასტუმრო "სერენაზე" განხორციელებული თავდასხმა, სადაც სხვა უცხოელ მაღალჩინოსნებთან ერთად, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარი იმყოფებოდა და დაშავდა. იმავე წლის ივლისში, ქაბულში მდებარე ინდოეთის საელჩოში აფეთქება მოხდა და 58 ადამიანი დაიღუპა.

"ხაკანის ქსელის" წევრებმა ავღანეთში სამუშაო მისიით მყოფი ამერიკელი ჟურნალისტი, დევიდ როდა და მისი თარჯიმანი გაიტაცეს და ვაზირისტანში გადაიყვანეს. სანაცვლოდ, ტერორისტები "თალიბების" გათავისუფლებასა და დიდძალ თანხას ითხოვდნენ. ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ, ამერიკელმა და მისმა თარჯიმანმა თავს გაქცევით უშველეს...

2010 წელს წელს "ხაკანის ქსელის" წევრები ქაბულში, ამერიკულ სამხედრო კონვოირს დაესხნენ თავს, რა დროსაც 19 ადამიანი, მათ შორის ნატოს 6 თანამშრომელი დაიღუპა...

2011 წელს ჯალალაბადში ამ დაჯგუფების წევრები ავღანეთის პოლიციის ფორმაში გადაცმულები, "ქაბულის ბანკს" დაესხნენ თავს და 42 ადამიანი იმსხვერპლეს... იმავე წელს, ქაბულში სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" განახორციელეს თავდასხმა და 12 ადამიანი შეიწირეს... მოგვიანებით, ვარდაკის პროვინციაში, ნატოს სამხედრო პოსტზე, სატვირთო ავტომობილით შევარდნენ და 5 ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს, 102-მა კი მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღო, მათ შორის 72 ამერიკელი სამხედრო იყო... იმავე წლის, 13 სექტემბერს ბურკაში (ქალების სამოსი) შემოსილმა "ხაკანის ქსელის" ტერორისტებმა ქუჩაში ცეცხლი გახსნეს და 16 ადამიანი მოკლეს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე