რატომ ვერ იმარჯვებს ამერიკა ავღანეთში?

რატომ ვერ იმარჯვებს ამერიკა ავღანეთში?

"ამერიკა ვერ იმარჯვებს ავღანეთში და თალიბანის პოზიციები სულ უფრო ძლიერდება" - საერთაშორისო კოალიციისათვის შემაშფოთებელი შეფასება 13 ივნისს, სენატის საკომიტეტო მოსმენაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელი კონგრესმენები პენტაგონს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ავღანეთში 16 წლის წინ დაწყებული ომისათვის ახალი სტრატეგია ჯერაც არ მოუმზადებია. 13 ივნისს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა ასეთ კრიტიკას "სამართლიანი" უწოდა და აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგიის აუცილებლობას თავადაც აცნობიერებს.

საქმე ის არის, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს უფლება მისცა, ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობა განსაზღვროს. ამ გადაწყვეტილებით, მან ფაქტობრივად, გადადგა ნაბიჯი ჯარისკაცების რაოდენობის გასაზრდელად. ავღანეთში შეერთებული შტატებისა და მრავალეროვანი ჯარების სარდალი, ამერიკელი გენერალი ჯონ ნიკოლსონი აცხადებს, რომ ავღანეთში ამჟამად მყოფი 8400-მდე სამხედრო მოსამსახურის გარდა, კიდევ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი სჭირდება.

უფრო კონკრეტულად, პენტაგონში 3000-დან 5000-მდე ჯარისკაცის დამატების შესაძლებლობას განიხილავენ. მათი ნაწილი შესაძლოა, შეერთებული შტატების მოკავშირეებმა გააგზავნონ. თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მეტისმა კონგრესში ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ავღანეთის ჯარები, რომლებიც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დახმარებით ებრძვიან თალიბანს, ამ ომში ვერ იმარჯვებენ, ავღანეთში კონტროლის დამყარება ძნელია და დროთა განმავლობაში თალიბანი კი არ სუსტდება, - ძალას იკრებს.

"მართალია, ავღანეთში ამჟამად ვერ ვიმარჯვებთ, მაგრამ ამას რაც შეიძლება მალე გამოვასწორებთ. მიმაჩნია, რომ ის სამი რამ, რასაც ვითხოვთ, აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან საქმე ეხება ქვეყნის დაცვას", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სენატის საკომიტეტო მოსმენაზე.

"კომიტეტის წევრებსა და კონგრესს მოვუწოდებ დაგვეხმარონ სამი მიზნის განხორციელებაში, - პირველი, სრულად დააფინანსონ ჩვენი მოთხოვნა, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს. მეორე, დროულად დაამტკიცონ 2018-ის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რათა თავიდან ავიცილოთ, კიდევ ერთი დამაზარალებელი დროებითი ბიუჯეტი და მესამე: მოსპონ მომავალი სეკვესტრების საფრთხე სტაბილური საბიუჯეტო დაგეგმვისას."

მეტისის თქმით, - 2019- 2023 წლების ბიუჯეტისათვის პენტაგონი, სავარაუდოდ, მოითხოვს დაფინანსების 3-5 %-ით გაზრდას.

ამჟამად, ამერიკას ავღანეთში 8 400-მდე ჯარისკაცი ჰყავს. სამხედრო ლიდერების მიერ კონგრესისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, - ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ ავღანეთში დამატებითი ძალების განათავსონ, რათა ავღანეთის არმიას უფრო აქტიური დახმარება გაუწიონ.

მატისის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ცალკე განიხილოს ავღანეთში უკვე 16 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი, შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია რეგიონალურ მიდგომაზე იქნება ორიენტირებული. აშშ-ის მედია ვარაუდობს, რომ თავდაცვის მინისტრი გამოვა რეკომენდაციით, ავღანეთში დამატებით 3-5 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნოს.

დასავლურ მედიაში უკვე აქტიურად მსჯელობენ საკითხზე, - თუ რატომ ვერ იმარჯვებს ამერიკა ავღანეთში. ცნობილია, რომ კოალიციის ძალებს ადგილობრივი ჯარისთვის, რაც დრო გადის, უფრო მეტი დახმარების გაწევა უწევთ.

თავად ავღანური მედიის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევენ, ის ვერ ვითარდება, რადგან კორუფცია ყველა საფეხურზე, ყველა უწყებაში ყვავის. ამერიკა მათ შიდა საქმეებში ჩარევას თავს არიდებს, რასაც ადგილობრივი ჩინოვნიკები მშვენივრად იყენებენ... "მთლიანობაში, ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის და წინ ვერ მიდის",- წერს ბრიტანეთში მომუშავე ავღანელი ჟურნალისტი ნაჯიბულა ქურაიში, რომელსაც თალიბები დევნიან...

ავღანეთში მოქმედი კოალიციის ჯარებმა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ოქტომბერში თალიბანის მმართველობა დაამხეს, თუმცა, მისი ბოლომდე განადგურება ვერ შეძლეს. მისი ლიდერები მთებში გაიხიზნენ და ხან ერთი, ხანაც მეორე პროვინციიდან უტევენ ამერიკის მიერ მხარდაჭერილ ადგილობრივ ხელისუფლებას.

ავღანეთში, ამჟამად, ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის" პროგრამით საქართველოს 870-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ჯარისკაცების რაოდენობით - აშშ-ის, იტალიისა და გერმანიის შემდეგ, საქართველო მეოთხე ადგილზეა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე