აფხაზეთში მღელვარება პიკს აღწევს - რას მოიტანს საპროტესტო მუხტი?

აფხაზეთში მღელვარება პიკს აღწევს - რას მოიტანს საპროტესტო მუხტი?

აფხაზეთში მღელვარება პიკს აღწევს. ადგილობრივმა პარტია "ამცახარამ" მორიგი შეხვედრა გამართა და "პრეზიდენტს" რეგიონში ვითარების დასალაგებლად 10-დღიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ვადის ამოწურვამდე თანამდებობიდან მშვიდობიანი წასვლა შესთავაზეს, რადგან ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები მშვიდად ყოფნის საშუალებას არ იძლევა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ამცახარამ" რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვა.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი "სახალხო ფრონტის" წარმომადგენლების პროტესტის მიზეზი გაუსაძლისი კრიმინალური სიტუაცია და უმძიმესი სოციალური ფონი გახდა.

მათი თქმით, ე.წ. პრეზიდენტი ხაჯიმბა ვერ მართავს სიტუაციას, ხოლო ხელმძღვანელობა ადეკვატურად ვერ აღიქვამს რეალობას. მიუხედავად ამ განცხადებებისა და სოციალურ ქსელში გამოხატული უკმაყოფილებისა, კრიმინალური სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება.

თითქოს ყველაფერი მიწყნარებული იყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ბლოგერმა ერთ-ერთ ინტერნეტგვერდზე დაწერა, - "კიდევ ერთი, მორიგი "ანტიტურისტული" ოპერაცია დაიწყო. ახალი დაწყებულია ტურისტული სეზონი, მაგრამ ჩვენ ბეჯითად ვაფრთხობთ ჩვენი შიდა პოლიტიკური გარჩევებით", - წერს ბლოგერი, რომელიც აფხაზეთში არსებულ ვითარებას დეტალურად განიხილავს.

წაიკითხეთ: "აფხაზური ჭაობი" - ტურისტულ სეზონზე კრიმინალი აფხაზეთში პიკს აღწევს

ამ მესიჯმა რეგიონში ვითარების კიდევ ერთხელ აფეთქება გამოიწვია. რამდენიმე ოპოზიციური პარტია ხაჯიმბას წინააღმდეგ გაერთიანდა. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობს "ამცახარა", პარტია, რომელიც რუსეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

აფხაზი პოლიტიკოსებისა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სოხუმის, გაგრისა და ბიჭვინთის კვალდაკვალ, ვითარება დამძიმდა გალის რაიონში - კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც გალში ადამიანთა გატაცებებზე "მუშაობენ", ინტერნაციონალურია. მათ კავშირი აქვთ ე.წ აფხაზურ მილიციასთან და რუსეთის საოკუპაციო ძალებთან.

აფხაზეთის ხელისუფლებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანთა გატაცება ისევ ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ”ამერიკის ხმის” ინფორმაციით, გატაცებები აქ კვლავაც ეთნიკური ნიშნით ხდება. დამნაშავეთა მთავარი სამიზნე ადგილობრივი ქართველები არიან...

იმავე გამოცემის თქმით, - არასამთავრობო ორგანიზაციის - "განიარაღება და არა ძალადობა" მონაცემებით, ოკუპირებულ გალის რაიონში "მძევლის საბაზრო ფასი მისი ოჯახის ან იმ ორგანიზაციის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, რომელსაც იგი წარმოადგენს. გატაცების "ბაზარი" და გამოსასყიდი თანხა საკმაოდ სოლიდურია და ყოველწლიურად იზრდება. კერძოდ, გალის რაიონში მძევლის გამოსასყიდი თანხა 1000-დან 100 000 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს."

ოკუპაციის ზონაში მცხოვრებთა თქმით, ადამიანის გატაცებები განსაკუთრებით ხშირია გალის რაიონის ქვედა ზონაში და მდინარე ენგურის მოსაზღვრე სოფლებში. თუმცა, ასეთ შემთხვევათა უმრავლესობა არ ხმაურდება. ოჯახებს ურჩევნიათ შუამავლების მეშვეობით გამოსასყიდი ჩუმად გადაიხადონ... აფხაზი პოლიტიკოსების თქმით, ამის შესახებ ხაჯიმბას კლანი ბოლომდე ინფორმირებულია, თუმცა ვითარების გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს.

პარტიის წარმომადგენლის ალხაზ კვიცინიას შეფასებით, ხაჯიმბას, რომელიც ისედაც არ სარგებლობდა მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით, თავისი კლანის წარმომადგენლების ქმედებებმა საფლავი გაუთხარეს.

"ყოველ დღე ჩვენი მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ მკვლელობების, ყაჩაღობის, ძარცვისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. როდესაც ხელმძღვანალობა აბსოლუტურ უსუსურობას ავლენს, ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან სწრაფად იქმნება პარალელური ფრონტი, რომელიც ცდილობს, ხელისუფლებას დაანახოს რეალობა... ამის პასუხად, ხაჯიმბა დანაშაულებრივი წარსულის მქონე ერთ კადრს მეორით ცვლის და ხელებს იფშვენტს, თითქოს ცდილობს ვითარება დაალაგოს.

არადა, გვახსოვს, 2015 წელს, რაულ ხაჯიმბამ სამართალდამცველ ორგანოებს 10 დღე მისცა, რათა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე, გაგრაში ბანკის ძარცვა გაეხსნათ, მაგრამ საქმე დღემდე გაუხსნელია, ისევე, როგორც სხვა ბევრი რეზონანსული საქმე," - აცხადებს კვიცინია, რომლის თქმითაც, ხაჯიმბა მუდმივად ახსენებდა რუსეთისგან მიღებულ ფინანსურ დახმარებას, როგორც დროებითს, თუმცა, ახლა მას ერთადერთ "ოქროს ვალუტის რეზერვს" უწოდებს.

"ამცახარას" შეკრებას დაესწრო დე ფაქტო აფხაზეთის ექს-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ "კონსტიტუციური" მეთოდებით. მისივე თქმით, მის დროს "ქვეყანა" არასდროს იმართებოდა დისტანციურად და არც მოსკოვთან ჰქონდა განსაკუთრებული კავშირები, როგორც ამას ხაჯიმბა და მისი მხარდამჭერები წარმოაჩენდნენ. თუმცა, ისიც ცხადია, რომ სათავეში მისი მოსვლის შემდეგ, რუსეთის მიმართ აფხაზეთის მიჯაჭვულობა გაიზარდა.

ჯერჯერობით არავინ იცის, რა შედეგს მოიტანს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომელიც არასრულწოვანი გოგონას გაუპატიურებას მოჰყვა. საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ხაჯიმბა "ფასადურ ცვლილებებს" განახორციელებს და ყველაფერი ამით დასრულდება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე