"მცოცავი ოკუპაცია" საქართველოში და ევროპელების დამოკიდებულება

"მცოცავი ოკუპაცია" საქართველოში და ევროპელების დამოკიდებულება

მძიმე რეალობიდან გამომდინარე, საქართველოში "მცოცავი ოკუპაციის" თემა აქტუალობას არ კარგავს, თუმცა, ჯერჯერობით ძნელია საუბარი, თუ რამდენად არის შედეგზე ორიენტირებული პროტესტის ეს ფორმა.

ოკუპაციის ზოლზე ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცათ ადგილობრივებს, რომლებმაც არ იციან, რა იქნება ხვალ, თუმცა მათი დიდი ნაწილი საცხოვრებელს მაინც არ ტოვებს. მათ შორის, არც ისინი, ვისი სახლებიც მავთულხლართებს მიღმა დარჩა...

ადგილობრივები ჩივიან, რომ კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლები, 2008 წლის ომის მიერ მიყენებული ზიანის გარდა, უწყლობამაც დააზარალა. მათი თქმით, წყლის სარწყავი არხები "იქით მხარეს" მოჰყვა და მათთვის მოსავლის მოყვანა შეუძლებელი გახდა, რის გამო, თავიანთ ბაღ-ბოსტნებს ვეღარ უვლიან და შესაბამისად, შემოსავალიც შეუმცირდათ. მათი თქმით, მიწის ნაკვეთის მოსავლელად წასულ ადამიანებს მუდმივად იტაცებენ და 100 ლარიან ჯარიმას აკისრებენ...

წყალსადენების გარდა ოკუპაციის ზოლს მიღმა, ნავთობსადენიც მოჰყვა. ბაქო-სუფსას ტერმინალი 2008 წლის ოკუპაციის შემდგომ, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანთან ხელმისაწვდომი უკვე აღარ იყო. თუმცა, მცოცავი ოკუპაციის გამო მისი უფრო დიდი მონაკვეთი დაიკარგა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას წარმომადგენელი გია გოჭოშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ ახლა უკვე ამ მონაკვეთზეც შეუძლებელია მილსადენთან მიახლოვება, რადგან მას ჩვენი ცხენოსანი პატრული ვერ აკონტროლებს. "ჩობალაურის ბოლოს, ავტობანის ჩრდილოეთ მხარეს, ყველაზე ახლოს დგას ბანერი, ავტობანიდან 300-400 მეტრში", - ამბობს ადგილობრივი.

იმავე გამოცემასთან საუბრისას, ანალიტიკოსი ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ამბობს, რომ "საზღვრის" გავლება იქ, სადაც საბჭოთა კავშირის რუკებზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია იყო მონიშნული, მილსადენს საფრთხეში აგდებს...

"რუსეთს ამის გამო ომს ვერ დავუწყებთ, მაგრამ ალბათ საჭირო იქნება, შემოვლითი პატარა ხაზი აშენდეს ამ მიმართულებით. როგორც გამოსავალი, ქართულმა მხარემ თავის დროზე ეს ასე დასახა. რამდენიმე წლის წინაც იყო ამაზე საუბარი. რუსები პირველად ხომ აკეთებენ ასეთ სისაძაგლეებს ჩვენს ტერიტორიაზე. მაშინაც, როდესაც დაისვა საკითხი, გამოსავალი, შემოვლითი პატარა გზის აშენება იყო, რათა იმ იმ ადგილს, სადაც რუსები ასე თავხედურად გვივლებენ ბარიერებს, გვერდი ავუაროთ. ჩვენ ამ მილსადენის დატვირთვის შედეგად, გარკვეული შემოსავლები გვაქვს ბიუჯეტში," - ამბობს ანალიტიკოსი, რომლის თქმითაც, ასეთი ფაქტებით რუსეთი ქართული საზოგადოების რეაქციას ამოწმებს.

"გადმოვწიეთ საზღვარი, მთავრობა მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩააყენებს საქმის კურსში. ყველა ოფიციალური პირი, ვინც კი ჩამოდის, მიდის და საზღვარს ნახულობს, მაგრამ შედეგი? ეს წმინდა ფსიქოლოგიური ზეწოლაა რუსეთის მხრიდან, რათა საქართველოში დასავლური მიმართულების ძალები დააკნინონ და საზოგადოების ფრუსტრაცია გამოიწვიონ," - წერს ის.

საქმე ის არის, რომ ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ნავთობსადენი "მათ ტერიტორიაზე გადის და მათაც უნდა ისარგებლონ - მიიღონ ან ნავთობი ან ფული..." მეორე, საერთაშორისო თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს, ამ ეტაპზე ოკუპაციის ზოლი არ შეხებია, თუმცა, გამორიცხული არაფერია.

საქართველოში მცოცავ ანექსიაზე საუბრობს "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში გერმანელი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი. როგორც ჰარმსი აღნიშნავს, მას "პუტინოფობად" მოიხსნიებენ, თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ რუსოფობი არ არის.

მისი თქმით, დასავლეთმა გარკვეულწილად დაივიწყა ე.წ. გაყინული კონფლიქტები. "მხოლოდ ყირიმის ანექსიის შემდეგ, დონბასის ოკუპაციისა და ომის გამო, ევროკავშირში და დასავლეთში, ხალხს გაახსენდა, რომ სხვა პრობლემებიც არსებობს, არა იმავე განზომილების, მაგრამ ასეთივე საშინელი იმ რეგიონებისათვის, რომლებსაც ეს პრობლემები უკავშირდება. ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის თითქმის ყველა ქვეყანას ეხება... ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ "გაყინული კონფლიქტები" რაოდენობით არ განისაზღვრება, რადგან მთავარი რაოდენობა კი არა, კრემლის სტრატეგიაა, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ" - ამბობს ჰარმსი.

მისივე შეფასებით უკრაინის ფონზე, საქართველოში ამ მხრვი არსებულმა პრობლემებმა უკანა ფლანგზე გადაიწია და იმდენად აღარ არის საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა უკრაინა დიდი ქვეყანაა და იქ პრობლემებიც ძალიან აშკარაა... ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, თბილისი ძალიან ევროპული ქალაქია და ეს ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის განწყობამაც დაადასტურა.

"თუმცა საქართველოს მაინც რთული მდებარეობა აქვს რუკაზე. მას ესაზღვრება რუსეთი და არც ისე მეგობრული ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო აგრესიული ხდება. ამიტომ საქართველოს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ევროკავშირის პარტნიორობა, ევროპული კავშირები და ევროპული პერსპექტივა..."- წერს ჰარმსი.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე