აფხაზეთში კიდევ ერთი რუსი ტურისტი დაიკარგა

 აფხაზეთში კიდევ ერთი რუსი ტურისტი დაიკარგა

აფხაზეთში რუსი ტურისტი დაიკარგა. აფხაზური გამოცემა Апсны Лайф -

ის ინფორმაციით, რუსი ტურისტი სოხუმის სოფელ ფსხუს გავლით, წებელდის მიმართულებით მიდიოდა და გზაში დაიკარგა...

აფხაზეთის მთებში დაკარგული რუსი ტურისტის ძებნა უკვე დაწყებულია. ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას თქმით, მოსკოველმა ანდრეი ლიხაჩევმა ფსოუს "საზღვარი" 6 ივლისს გადმოკვეთა. ბოლოს მან დედასთან დარეკა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო. 22 ივლისს ის სოჭის აეროპორტიდან მოსკოვში უნდა გადაფრენილიყო, თუმცა, მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

კვიცინიას თქმით, მას ფცხუს მიმდებარე ტერიტორიაზე 22 ივლისის შემდეგ ეძებენ. ასევე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს გუდაუთის უღელტეხილზე...

ასეთი ფაქტების კვალდაკვალ რუსულ მედიას მოჰყავს, აფხაზეთში ბოლო წლებში დაკარგული რუსი ტურისტების ფაქტებიც, - ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო ბაშკირეთის ერთ-ერთი ქალაქის, დიურთულის მერის ქალიშვილის, 19 წლის ლილია ისლამოვას საქმე. ის მეგობარ გოგონასთან ერთად, რომელსაც დედაც თან ახლდა, გაგრაში ისვენებდა. სამშობლოში დაბრუნების წინა დღეს, მათ "ზღვასთან დამშვიდობება" გადაწყვიტეს.

ლილია ადგილობრივმა ადგურ ავიძბამ, რომელიც სანაპიროზე კატერს აქირავებდა, სასეირნოდ დაპატიჟა. 2 საათის შემდეგ, ადგური მარტო დაბრუნდა და თქვა, რომ გოგონა დაიხრჩო... შემდეგ ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ გოგონა კატერიდან წყალში გადახტა და ნაპირისკენ გამოცურა.. 

ლილიას დედამ აფხაზეთში სიმართლეს ვერ მიაგნო, მაგრამ გაარკვია, მისი ქალიშვილი პირველი არ ყოფილა, ვინც ასე უცნაურ მდგომარეობაში დაიკარგა, - სასეირნოდ წასვლისა და უკან ვერდაბრუნების შემთხვევები ადრეც მომხდარა. რუსი ჟურნალისტის, ალექსანდრ როსლიაკოვის ინფორმაციით, - ამ ფაქტის შემდეგ, აგეძურას რაიონიდან 17 წლის გოგონა გაქრა.

ადგილობრივების თქმით, რუს გოგონებს იტაცებენ, შემდეგ კი თურქეთში სექსმონებად ყიდიან... ამის შესახებ რუსმა ტურისტებმა არაერთხელ მიმართეს ე.წ. რუსეთის ელჩ გრეგორევს, თუმცა მან ეს ინფორმაცია არასერიოზულად მიიჩნია...

ბოლო დღეებში, აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრომ რეგიონში ბოლო პერიოდში არსებული კრიმინოგენული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დანაშაულების გახსნისა და გამოვლენის ფაქტები გაიზარდა. დე ფაქტო მინისტრ ასლან კობახიას თქმით, ბოლო დროს აღნიშნული უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ისინი საზოგადოებასთან "გახსნილ რეჟიმში" მუშაობენ. მათივე თქმით, ბოლო დროს, "სამართალდარღვევათა" რაოდენობა გაზრდილია, რისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი უმუშევრობაა.

აფხაზეთის ე.წ. მილიციის პოლკოვნიკის, როდიკ ბაზბას ინფორმაციით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, "სისხლის სამართლის" დანაშაულმა, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მოიმატა. მაგალითად, 2016 წლის ზაფხულში, ამ დროისთვის "დარეგისტრირებული" იყო 298 საქმე, წელს კი უკვე 382 დანაშაულის ფაქტი "დარეგისტრირდა", მათგან 290 გახსნილია, შარშანდელი საქმეებიდან კი 239 "საქმის გახსნა" მოახერხეს. კობახიას ე.წ. უწყების ინფორმაციით, მათ შორის არის მკვლელობის, ყაჩაღობის, ძარცვის,

ადამიანისა და ავტომანქანის გატაცების ფაქტები...

არასახარბიელო ვითარება ნარკომიანასთან დაკავშირებით - შარშან, წლის პირველ ნახევარში, დაფიქსირებული იყო 47 ნარკორეალიზაციის ფაქტი, წელს ამ დროისთვის უკვე გამოვლენილია 78 შემთხვევა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 82 ადამიანის წინააღმდეგ, მათგან 14 რუსეთის მოქალაქეა...

ადგილობრივების თქმით, ვითარებას ართულებს ისიც, რომ სეზონზე რეგიონში რუსეთიდან დასასვენებლად ჩამოდიან ის მოქალაქეები, რომლებიც წამალდამოკიდებული არიან, რადგან აფხაზეთში თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობენ.

აფხაზეთში დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება "გაი", რაც რეგიონის გზებზე კატასტროფულ ვითარებას ქმნის. ბოლო 6 თვის განმავლობაში, 70 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 110-მა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ვითარებას ამწვავებს ის, რომ ადგილობრივები ავტომანქანას ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ.

არსებული ინფორმაციით, ამ "სფეროში" უმძიმესი პრობლემების მიუხედავად, საკადრო ცვლილება არ განიხილება. "ხელისუფლებამ"  უწყების ხელმძღვანელებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს