ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის ლიკვიდაცია დაიწყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის ლიკვიდაცია დაიწყო

ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობამ, რუსეთთან ერთად, ჯარის რეფორმირება დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც, ოსურის მედიის თქმით, აუცილებლად დადგება საკითხი, - რა დარჩება "რეფორმირებული არმიისგან" და რა ფუნქცია ექნება მას...

ამასთან დაკავშირებით, ცხინვალში იმყოფებოდა რუსეთის დელეგაცია, რომლის მიზანიც ე.წ. ოსურ არმიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება იყო, რომლის შემდეგად ის რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევა.

რეფორმის ფარგლებში უნდა მოხდეს საკადრო ცვლილებები და შესაბამისად, გარდაუვალია შემცირებები, რამაც უკვე გამოიწვია ოსების უკმაყოფილება... "არმია" მთლიანად გადავა საკონტრაქტო სამსახურზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალებში იქნება ჩარიცხული. ამისთვის ოსურ მხარეს სამთვიანი ვადა მისცეს, რომლის შემდეგაც მან, რუსეთან შეთანხმებით, უნდა წარმოადგინოს ახალი საშტატო ერთეულები.

ოსი ჟურნალისტების თქმით, შეთანხმებას ოფიციალურად ასე ეწოდება, - "სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული განყოფილებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის გეგმა". თუმცა, სინამდვილეში საქმე სხვაგვარად არის - არავინ არსად არ შედის;

ყველაფერი იქნება ასე: თავდაპირველად, ოს სამხედროებს სამსახურებიდან გაყრიან, შემდეგ, მათი გარკვეული ნაწილი ვლადიკავკაზის სამხედრო გაწვევის სამსახურში იქნება აღრიცხული, სადაც სერჟანტებსა და ოფიცრებს, საერთო შერჩევის საფუძველზე, კონტრაქტით დაასაქმებენ.

მათ კითხვაზე, - რა დარჩება ამ რეფორმის შემდეგ ოსური არმიისგან და რა ფუნქცია ექნებათ მას?.. -  ოსი დეპუტატი ამირან დიაკონოვი ასეთ პასუხს სცემს, - "სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალებისგან დარჩებიან მხოლოდ მოხალისეები და სავალდებულო სამსახურის წვევამდელები.

სავალდებულო სამსახური ჩვენთან ისეთივეა, როგორც რუსეთში - ჯარისკაცი მსახურობს ერთი წელი. სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, სამხედრო პირს უპრობლემოდ შეეძლება რუსეთის არმიაში კონტრაქტით იმსახუროს".

თუმცა, ოსი დეპუტატისთვის უცნობია, რა რაოდენობით სამხედრო პირი დარჩება ოსურ არმიაში. ე.წ. თავდაცვის უწყების თქმით, საბოლოო ვარიანტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

დიაკონოვის თქმით, წელს სკოლა 453-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ნახევარი მაინც მამაკაცია, თუმცა, მათი ნახევარი სწავლის გაგრძელებას მოისურვებს, დანარჩენი კი პოტენციური წვევამდელია. ანუ უხეში გათვლებით, სულ 100-120... დიაკონოვის თქმით, რბილად რომ ვთქვათ, მათი "არმია" მართლაც საჭიროებს რეფორმებს, რადგან კარგა ხანია თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

ოსური მოსახლეობა ორ რამეზე შფოთავს - პირველი, გარდაუვალ შემცირებებზე, რაც უმუშევრობის კატასტროფულ დონეს კიდევ უფრო გაამწვავებს და მეორე, - რუსული მხარე არავითარ ანგარიშს არ უწევს ოსი სამხედროების ნამსახურეობას, სტაჟსა, წოდებას და სამხედრო გამოცდილებას... შესაბამისად, მათ არც მაღალი სამხედრო პენსია ელოდებათ და ამ არცთუ ახალგაზრდა ადამიანების მომავალი ასეთია, - იძულებული გახდებიან სამუშაოს საძებნელად სადმე, სავარაუდოდ, რუსეთში გადაიხვეწონ...

კიდევ ერთი, ოსური მოსახლეობისთვის მეტად ნიშანდობლივი საკითხი ასეთია, - ისინი მიიჩნევენ, რომ ე.წ. ოსური არმიის ლიკვიდაციაა დაგეგმილი, რაც "მათი ქვეყნის სუვერენიტეტს ეჭვქვეშ აყენებს".

რუსი სამხედრო ექსპერტის, პოლკოვნიკ ვიქტორ ბარანცევის თქმით, ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ ოსების თუნდაც 5-ათასკაციანი არმია ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე გამოწვევებს. "მათ კარგი პარტნიორი სჭირდებათ, რომელსაც ძლიერი შეიარაღება, კარგი სკოლა და შესაძლებლობები ექნება... ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ჩვენ დავიცავთ სამხრეთ ოსეთს ისე, როგორც რუსეთის მიწის ნებისმიერ გოჯას..." - აცხადებს ბარანცევი.

ოსური მედიის თქმით, "დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ცხინვალის ხელისუფლებებს ისე "გამოუვიდათ", რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლას ერთმანეთს ასწრებენ... ამასთან, შეძლეს და რესპუბლიკის მოსახლეობა დამოუკიდებლად არსებობის უპერსპექტივობაში დაარწმუნეს..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?