"ჩვენი ხალხი თავის დაცვით დაიღალა და დანებებას აპირებს" - რა ელის აფხაზეთს?

"ჩვენი ხალხი თავის დაცვით დაიღალა და დანებებას აპირებს" - რა ელის აფხაზეთს?

მძიმე სოციალურ და კრიმინოგენულ ფონზე, აფხაზეთში შიდა დაპირისპირებამ იმძლავრა, - რეგიონში არსებობს რამდენიმე ათეული პოლიტიკური პარტია და გუნდი და ახლა თითქმის ყველა ერთმანეთს დაუპირისპირდა. საქმე ის არის, რომ "საგარეო კურსში" აფხაზეთიც თანდათან ბაძავს ცხინვალის რეგიონს, სადაც პოლიტიკური პარტიები მოსახლეობის გულის მოსაგებად, რუსეთთან უფრო მეტი დაახლოებისკენ ისწრაფიან...

რამდენიმეწლიანი უხმო ჭიდილის შემდეგ, - აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში, რუსულ-აფხაზური ერთობლივი, საკოორდინაციო ცენტრის "რატიფიკაცია" მოხდა, რომლის ფარგლებშიც, აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა ორგანოებში მნიშვნელოვანი რეფორმა ჩატარდა და ეს შეთანხმება აფხაზეთს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის სჭირდება. აფხაზეთში უკვე საუბრობენ, რომ რუსეთმა სადავეების მოჭერას მიჰყო ხელი.

აფხაზი ბლოგერებისა და პოლიტოლოგების თქმით, საინტერესოა, რას მოიმოქმედებს აფხაზეთი, თუ რუსეთი შეეცდება შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებები სრულად გააკონტროლოს. "ვხედავთ, რომ ეს გარდაუვალია და რა შეგვიძლია ჩვენ ამის საპირწონედ?!" - წერენ აფხაზები, რომელთა თქმითაც, რუსეთმა ბოლო დროს აფხაზეთში მომხდარი ყველა დანაშაულებრივი ქმედება თავის სასარგებლოდ გამოიყენა.

თავის დროზე ითქვა, რომ უამრავი საეჭვო გარემოება იყო გუდაუთაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. "ოფიციალური" ვერსიით, რუს ტურისტებს თავს ყაჩაღობის მიზნით დაესხნენ. აფხაზეთში "ეჭვმიტანილების" გვარის გავრცელებას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელებში აფხაზები წერდნენ, რომ "დანაშაულში ეჭვმიტანილ" ძმებ ჯინჯოლიებს ხელი შეაწმინდეს. აფხაზების თქმით, დეტალები გაირკვა და ყაჩაღობა არც ყოფილა - რუსი ტურისტები და აფხაზი ძმები ერთმანეთთთან ახლოს თევზაობდნენ. ადგილობრივებმა ისინი "ჭიქა დასალევზე" დაპატიჟეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ანდრეი კაბანოვი დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა...

ამის შემდეგ რუსეთი თავისი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობაზე ალაპარაკდა და ამ განზრახვას ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. რაულ ხაჯიმბა, რომელიც ოპოზიციაში ყოფნისას აფხაზეთის მიმართ რუსეთის დამოკიდებულებას აპროტესტებდა, ახლა რუსეთის მითითებებს პირნათლად ასრულებს.

ოსების არ იყოს, რუსეთთან ახლო დამოკიდებულების ხაზგასმას ცდილობს აფხაზეთში დაბრუნებული ექსპრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბიც, რომელიც რეგიონში ყოველთვის პროაფხაზური კურსის გამტარებელი პოლიტიკოსი იყო. ახლა კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგ შენიშვნების გამოთქმის შემდეგ, სახელისუფლებო დეპუტატებთან ერთად, საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნას მაინც მხარი დაუჭირა.

ერთადერთი, ვინც ცენტრის შექმნას არ ეთანხმება, პარტია "აინარია". მათ ამის წინააღმდეგ სოხუმში აქციის გამართვაც სცადეს, მაგრამ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის ალმას ჯოპუას ოჯახურმა სკანდალმა პარტიას აფხაზურ საზოგადოებაში იმიჯი შეულახა და მიუხედავად იმისა, რომ არასრუწლოვნის გაუპატიურებაში "ეჭვმიტანილი" ჯოპუას ძმამ პარტია დატოვა, "აინარიამ" რეგიონში ავტორიტეტი დაკარგა...

თავის მხრივ, არც აფხაზური სამოქალაქო საზოგადოება აქტიურობს. ბლოგერების თქმით, ისინი საკუთარ პრობლემებში არიან ჩაძირულნი და დაიღალნენ. აფხაზური საზოგადოება ძალიან დანაწევრებული და დასუსტებულია, რასაც უპრობლემოდ ახერხებს რუსული პროპაგანდა, ტელევიზიები და ინტერნეტგამოცემები.

"ასე მგონია, ჩვენი ხალხი თავის დაცვით დაიღალა და დანებებას აპირებს, ეს კი ჩვენს მამაც ხალხს არ ჩვევია... გათითოკაცებული ვართ, ვერ ჩამოვყალიბდით, საკუთარ საზრუნავზე გადავერთეთ; რას მოვიმკით ასე? " - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში და დასძენენ, რომ სიტუაციას ამძიმებს რთული ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც ყოველდღიურად მძიმდება, - აფხაზეთის ე.წ. შს სტატისტიკიდან ჩანს, რომ უმძიმესი კრიმინოგენული ვითარების კვალდაკვალ სეზონი ჩავარდა.

ამ ფონზე რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება დაუგვიანა, ყველა ადგილობრივ უწყებაში, რომელსაც ხელფასებს რუსეთი ურიცხავს, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მიმართ უსიტყვო მორჩილება გამოხატეს. ადგილობრივი ხელისუფლება შეეცადა, გამოსავალი ეპოვნა და დაფინანსების საკუთარი წყაროები მოიძია, რუსეთი აუჩქარებლად ელოდა, რის გაკეთებას შეძლებდა ხაჯიმბა საკუთარი ძალებით, შემდეგ კი სოხუმში ცენტრის დაფუძნების მიზნით საკუთარი კადრები მიავლინა. მალევე გაირკვა, რომ ადრე ნათქვამი 400-მდე ადგილობრივი კადრი საჭირო არ იყო და საქმეს 20-მდე ადამიანიც გაუძღვება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?