სადამ ჰუსეინის სასახლეში გატარებული დღეები და ქართველი ჯარისკაცების მოგონებები ცხელი წერტილებიდან

სადამ ჰუსეინის სასახლეში გატარებული დღეები და ქართველი ჯარისკაცების მოგონებები ცხელი წერტილებიდან

რამდენიმე სამშვიდობო მისიის გამოვლის შემდეგ, სამხედროებმა, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში ერთად მსახურობდნენ და განგების წყალობით გადარჩნენ. ლევან ჯანგირაშვილმა და თამაზ დემეტრაშვილმა, საერთო მეგობართან, ანრი მაღლაკელიძესთან ერთად, გადაწყვიტეს, ეს ყველაფერი მკითხველისთვის მოეყოლათ და ჩანაწერები წიგნად ექციათ... მათ კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის სამშივოდბო მისიები გამოიარეს და მოსაგონარი ძალიან ბევრი აქვთ. სამივე მისიაზე საუბრისას ამბობენ, რომ არსებობს ადამიანური ურთიერთობები, რომელიც არანაირ ეროვნებასა და რელიგიურ მრწამსს არ ცნობს... ამჯერად,  ისინი ერაყის მისიას იხსენებენ...  

ლევან ჯანგირაშვილი, სერჟანტი:

- მინდოდა ის 180 დღე, რომელიც ავღანეთში და ერაყში გავატარე, სრულად აღმედგინა. ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს და შესაბამისად, ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია. მსმენია, საბრძოლო სიტუაციებმა ნოსტალგია იცისო. მართლაც ასეა, - სწორედ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე შეიძლება ნამდვილი სიცოცხლის გემო იგრძნო. ალბათ, ეს იწვევს შემდეგ ნოსტალგიას... წიგნი შექმნილია იმ მოვლენების ქრონოლოგიათა ერთობლიობით, რომელთა გადატანა სხვადასხვა ქვეყანაში სამშვიდობო მისიით მყოფ ქვედანაყოფებს მოუწია და იმ დაღუპული ვაჟკაცის ხსოვნას ეძღვნება, ვინც თავი შესწირა იდეას, თანამებრძოლებს და ქვეყანას. წიგნში მოთხრობილი ამბების გმირებიდან ზოგი დღესაც მსახურობს და მათ თითქმის არავინ იცნობს.

თამაზ დემეტრაშვილი, ყოფილი სამხედრო:

- ერაყი, თავისი გამორჩეულად მძიმე და საინტერესო ეპიზოდებით დამამახსოვრდა; ალ კუტი, ერაყის პროვინცია ვასიტის რაიონული ცენტრია. ეს არის, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი, ირანის საზღვართან ახლოს, ბაღდადიდან 160 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მდინარე ტიგროსი ქალაქს გველისებურად მიუყვება და ერთ-ერთ ნაწილში U-სებურად ყოფს.

ჩვენი ბაზა "დელტა" ქალაქის უშუალო მისადგომთან მდებარეობდა. ეს იყო საჰაერო აეროდრომი, რომელიც ერაყის კამპანიის დასაწყისში, ამერიკულმა საზღვაო ქვეითებმა დაიკავეს. შემდეგ, იქ ამერიკული საჯარისო კონტინგენტი განლაგდა და ბაზას "მეწინავე ბაზის" სტატუსი მიენიჭა. სწორედ ეს ბაზა იყო ქართული კონტინგენტის ძირითადი პლაცდარმი პროვინციის გასაკონტროლებლად.

საფრთხე მხოლოდ კორუმპირებული პოლიცია და ჩინოვნიკები არ ყოფილა, - ვასიტის პროვინციაში მოქმედებდა JAM-ის დაჯგუფების ქსელი, რომელსაც მუქთადა ალ სადრი მეთაურობდა. მასზე და მის ჯგუფზე ინფორმაცია ჯერ კიდევ საქართველოში მივიღეთ. JAM, ანუ Jaish Al Mahdi, ძლიერ ძალას წარმოადგენდა. 2004 წლიდან, მისი ჯგუფი, ბაღდადის ერთ-ერთ გარეუბან სადრ "სიტიში" (ასე ეძახდნენ იმ ადგილს) კოალიციურ ძალებს ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა. იგივე ხდებოდა ნაჯაფში, ბასრაში, კუფასა და ალ კუტში. წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი იყო, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, მუქთადას ამბოხებულებმა მთლიანად დაიკავეს ნაჯაფი, ბასრის ნაწილი და ასევე ალ კუტი, სადაც უკრაინელთა ქვედანაყოფი იდგა.

გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა ბაღდადში... 2005 წლისთვის, ამერიკელებმა დაკარგულ რაიონებზე კონტროლი აღადგინეს. სადრი "სიტიში", ალ კუტისთვის ბრძოლას რამდენიმე ათეული ამბოხებული შეეწირა. კონტროლი აღდგა, ნაჯაფსა და სადრ სიტიზე, თუმცა, ამ რაიონებში, დაჯგუფების გავლენა არ შემცირებულა. მუქთადა ალ სადრი აქტიურად განაგრძობდა ახალგაზრდების რეკრუტირებას და მათ კოალიციური ძალების წინააღმდეგ გამოყენებას.

ასევე აქტიურად ახდენდა არმიისა და პოლიციის მაღალჩინოსნების მოსყიდვას. 2007 წლისთვის კოალიციურმა ძალებმა, გადაწყვიტეს, მასთან მოლაპარაკებები ეწარმოებინათ. ჩემთვის მოლაპარაკებების დეტალები უცნობი იყო, მაგრამ ჩვენი ალ კუტში ჩასვლისას, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებდა. მთელი მისიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იყო, როდესაც აშკარად ვიგრძენი, რა შეიძლება მოხდეს ერთ წუთში, - კონვოი, რომლითაც გადავაადგილდებოდით, ნაღმზე აფეთქდა და სამი ჯარისკაცი დაგვეჭრა. მათ შორის, ერთი საკმაოდ მძიმედ.

აფეთქებულ მანქანაში არ ვმჯდარვარ, თუმცა, სტრესი ძალიან დიდი იყო, - ვიგრძენი, რას ნიშნავს იყო ჯარისკაცი - საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, აფეთქებულ მანქანასთან უნდა მიხვიდე და დაჭრილს უნდა დაეხმარო. არასდროს დამავიწყდება, როგორ დავცქეროდი ნერვულად აკანკალებულ ხელებს და ვერაფრით ვაჩერებდი.

ლევან ჯანგირაშვილი:

- ერაყში, ბაღდადში "მწვანე ზონის" პერიმეტრის უსაფრთხოება და რამდენიმე საკონტროლო გამშვები პუნქტი გვებარა. მწვანე ზონა შედარებით უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა. ამ ტერიტორიაზე განლაგებული იყო აშშ-ს სამხედრო სარდლობის შტაბი, გაეროს ოფისი (რომელსაც ასევე ჩვენ ვიცავდით), ერაყის პარლამენტისა და უშიშროების შენობა (ადგილი, სადაც სადამ ჰუსეინი ჩამოახრჩვეს), სასტუმრო ალ რაშიდი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი. ქართული ბატალიონი სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი ცოლის სასახლეში იყო განლაგებული. თავად სასახლე, ერთ დროს ძალიან ლამაზი ნაგებობა ყოფილა - დაკიდული ბაღებითა და რამდენიმე აუზით.

2003 წელს, ერაყის კამპანიის დასაწყისში, ამ სასახლეში მდებარე ბუნკერში სადამის გენერალიტეტი იკრიბებოდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს სასახლე დაიბომბა, რის შედეგადაც, ნაწილობრივ განადგურდა. ვარაუდობდნენ, რომ დაბომბვას შეეწირა ჰუსეინის ერთ-ერთი ვაჟი, უდეი, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის შეხვედრას არ ესწრებოდა და მასზე ნადირობა საკმაო ხანს გაგრძელდა.

ქუსეი და უდეი ჰუსეინები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მათ მანიაკალურ მიდრეკილებებზე წიგნებია გამოცემული და არაერთი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. ცნობილია, რომ ისინი ადამიანებს ცოცხლად უშვებდნენ მჟავაში. ოჯახებს ანადგურებდნენ და ოჯახის უფროსს ამის ყურებას აიძულებდნენ, მერე კი, მათაც კლავდნენ. საკუთარი სიძეც არ დაინდეს... მათზე სპეციალური დანიშნულების ძალები ნადირობდნენ და 2003 წლის 22 ივლისს ორივე ძმა ქალაქ მოსულში გაანადგურეს, მაგრამ დაღუპულები ნანგრევებიდან არ ამოუყვანიათ. თვეში ერთხელ სადეზინფექციო სამსახური მოდიოდა და დაბომბილ ადგილს სპეციალური ხსნარით ამუშავებდა. საქმე ის არის, ჰუსეინის ერთ-ერთი მთავარი სასახლე ხელუხლებელი დარჩა. ეტყობა, სარდლობამ შტაბის მოწყობაზე წინასწარ იზრუნა...

ჩემს ქვედანაყოფს, სწორედ იმ დროს მოუწია სამშვიდობო ოპერაციის შესრულება, როდესაც სადამ ჰუსეინი კოალიციურ ძალებს ახალი შეპყრობილი ჰყავდათ და სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ამბოხებულები ძალიან აქტიურობდნენ. მათ ხელში საკმაოდ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო, ასევე ადგილობრივების დიდი მხარდაჭერით სარგებლობდნენ და მწვანე ზონაში შემოღწევას კი არა, გამოსასყიდის მიზნით ადამიანების გატაცებასაც ახერხებდნენ... თავისუფლად მოქმედებაში, "მკვდარი" და უკონტროლო ზონები ეხმარებოდა, რომლებიც ქალაქის ირგვლივ მრავლად იყო... ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სახიფათო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, თუმცა, გადავლახეთ...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე