"ეს იყო არაპირდაპირი რუსული ოპერაცია" - როგორ იხსენებს ტამიშთან ბრძოლებს აფხაზეთის ომის ვეტერანი, გიორგი თავდგირიძე

"ეს იყო არაპირდაპირი რუსული ოპერაცია" - როგორ იხსენებს ტამიშთან ბრძოლებს აფხაზეთის ომის ვეტერანი, გიორგი თავდგირიძე

1993 წლის 2 ივლისს დილის 5.00 საათზე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველობდა. 2 ივლისს ტამიშის მუნიციპალიტეტში ბაზირებული ქართული ნაწილები სანაპირო ზოლის კონტროლს პრაქტიკულად არ ანხორციელებდნენ. დესანტმა ამით ისარგებლა და ნაპირზე დაუბრკოლებლად გადავიდა. დესანტმა ცაკირა-ტამიშის მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის სწრაფი გაფართოება დაიწყო. 2 ივლისს, გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჩქირდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცთა უმეტესობა დაიღუპა. ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე მებრძოლი დაკარგა. ქართული ჯარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მალევე მოახდინეს მობილიზება და მტერს მიზნის შესრულების საშუალება არ მისცეს. ტამიშთან გამართული ბრძოლების გახსენება მის უშუალო მონაწილეს, აფხაზეთის ომის ვეტერანს გიორგი თავდგირიძეს ვთხოვეთ:

- ბრძოლა 2 ივლისს დაიწყო და დასრულდა 10 ივლისს, როცა დესანტის ლიკვიდაცია მოხდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ მოლაპარაკების შემდეგ დავთანხმდით, რომ გაგვეხსნა კორიდორი, რათა ქართული შეიარაღებული ძალების ზურგს უკან არსებული დასახლებები მომარაგებულიყო ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთით. ეს კორიდორი რუსებმა გამოიყენეს იმისათვის, რომ იარაღი და გარკვეული პირები გადაესროლათ ამ მიმართლებით. უშუალოდ 2 ივლისს გადმოსხეს, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარური არმიის გარკვეული ნაწილები, ანუ ადამიანები, რომლებიც ეკუთვნოდნენ რუსეთის არმიას, მაგრამ ბრძოლაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც გაურკვევლი პირები, რათა არ მომხდარიყო რუსების პირდაპირი ასოცირება ამ ომში.

რაც შეეხება დესანტის ხასიათს, ითვალისწინებდა გარკვეულ ვერაგობას და მზაკვრობას რადგან ეს ყველაფერი იყო მშვიდობიანი ჰუმანიტარული ტვირთის საფარქვეშ, მათ მხოლოდ მას მერე დაიწყეს საბრძოლო მოქმედება, რაც უკვე ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ქართულ ქვედანაყოფებს მოულოდნელად დაესხნენ თავს. თავდასხმა მოხდა მთელი ფრონტის გასწვრივ თითქმის ყველა ადგილზე, რომელიც ქართულ ჯარებს ჰქონდათ დაკავებული. დაწყებული ანუარხუს სიმაღლეებიდან - დამთავრებული ცაგერამდე. საბრძოლო პოზიციები იმდენად ახლო-ახლოს იყო, რომ ჩემი თანამებრძოლები კარგად არჩევდნენ მტრის ჩაცმულობას, რომელიც არ იყო, არც ჩრდილო კავკასილების და არც აფხაზების. ეს ქვედანაყოფები იყვნენ აღჭურვილი ისე, როგორც შეესაბამება სადესანტო ქვედანაყოფების ჯარისაკცებს. მათ ჰქონდათ სრული ეკიპირება, თქვენ წარმოიდგინეთ, მესანგრეთა ნიჩბებიც კი. გარდა ამისა, ისინი საუბრობდნენ გამართული რუსულით, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ მათი იდენტიფიცირება ძალიან იოლი იყო, თუმცა სამწუხაროდ მაშინ არავითარი საბუთი ხელში არ ჩაგვვარდნია, რადგან ეს იყო არაპირდაპირი რუსული ოპერაცია და მათ დაღუპულებს არავითარი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი არ გააჩნდათ.

- დაზვერვას თუ ჰქონდა მონაცემები, რომ რაღაც მსგავსი იგეგმებოდა?

- ჩანასახში მყოფ ქართულ შეიარაღებულ ძალებს რომ მაღალი დონის სპეცსამსახურები არ გააჩნდათ, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა დროს, ადგილს და სხვა, მგონი ყველასთვის ცხადია და ამის დამალავა გულუბრყვილობა იქნება. ზოგადად, რუსებს ხშირად სჩვეოდათ ვერაგობები. მაგ. მოლაპარაკებების შედეგად გაგვაყვანინეს მძიმე ტექნიკა, არტილერია, ძირითადი ქვედანაყოფები და შემდეგ გენერალური შტურმი დაიწყეს სოხუმზე, რასაც მოჰყვა კიდეც სოხუმის დაცემა.

- ქართული ჯარი რამდენად მზად შეხვდა თავდასხმას?

- სამწუხაროდ, ეს არ იყო ერთიანი ჩამოყალიბებული სისტემა და ხშირად გარკვეულ მიმართულებაზე გვიწვედა გაცილებით ნაკლები ქვედანაყოფის ყოლა ვიდრე ამას სიტუაცია მოითხოვდა. ერთიანი მოქმედების სისტემა ისე არ იყო აწყობილი, როგორც ტრადიციულ შეიარაღებულ ძალებში ამ ყველაფრიდან და კიდევ სხვა უამარავი მიზეზიდან გამომდინარე, გარკვეული ჯგუფები შეხვდნენ მოუმზადებელი, ვერ მიიღეს სწორება და დესანტის გადმოსხმის პირველი დღე მტრისთვის წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ახლადფეხადგმული ჯარის სასახელოდ უნდა ითქვას, დესანტმა პირველივე დღესვე ვერ მიაღწია დასახულ მიზანს, ანუ მათ ვერ მოახერხეს ანუარხუს სიმაღლის დაკავება და შემოდგომი მოქმედებებისთვის პლაცდარმის შექმნა. მიუხედავად ქართული ჯარის მხრიდან დიდი ზარალისა, პირველივე დღიდან ცხადი გახდა, რომ ეს დესანტი წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მათი მთავარი მიზანი იყო მინიატურული ბლიც-კრიგი, რომელიც არ გამოუვიდათ და ყველაფერი დასრულდა 9 ივლისს ანუარხუს შტურმით. მათთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ანუარხუს დაკავება, რადგან სოხუმი მოწყვეტილი იქნებოდა დახმარებას ზურგიდან და ის შტურმი, რომელიც სოხუმზე სექტემბერში დაიწყო, დაიწყებოდა ივლისში. დესანტის წარუმატებლობის მერე, რუსებმა უფრო სამარცხვინოს, თუმცა სასარგებლო ხრიკს მიმრთეს, როდესაც თავის თავზე აიღეს სამშვიდობო მისია. განაიარაღეს შეიარაღებული ძალები და ამით არა მხოლოდ სოხუმის აღება გახდა შესაძლებელი, არამედ მთელი აფხაზეთის, რადგან ქართულმა მხარემ ვეღარ მოახერხა მნიშვნელოვანი ძალების გადასროლა, რომელიც გაუმკლავდებოდა რუსულ-აფხაზურ-ჩრდილო კავკასიურ ძალებს. ზოგადად, არმია, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, პატარა დამარცხების დროსაც გაცილებით მოწყვლადია, ვიდრე რეგულარი ჯარი, რომელსაც პატარა მარცხის კომპენსირება შეუძლია, თუნდაც რეზერვებით.

- ქვედანაყოფმა, რომლის რიგებშიც თქვენ იბრძოდით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მტერს, როდესაც სამი ტანკი გაუნადგურა...

- მე ვიყავი პირველი საარმიო კორპუსის დაზვერვის ბატალიონის მეთაური. ეს ბატალიონი აღმოჩნდა ანუარხუს სიმაღლეზე ალყაში. მიუხედავად იმისა, რომ ალყაში ვიყავით, კარგი პოზიცია გვქონდა. მტერი ცდილობდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად, გენერალური დარტყმით დაეკავებინა სიმაღლე. ამ შტურმისთვის მათ გამოიყენეს ტანკები. ისინი ელოდნენ, რომ როდესაც ჩვენს პოზიციაზე შემოიჭრებოდნენ, ჩვენი დაცვის სიმყარე მოირღვეოდა და გავიქცეოდით, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ მათი შეცდომა ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენეთ, შევაჩერეთ მათი ქვეითი ძალები და პოზიციაზე შემოსული ტანკები ავაფეთქეთ.

- როგორ ფიქრობთ, ტამიშის ბრძოლა არის თუ არა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი?

- ისტორიაში უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლებიც არსებობს, თუმცა ეს არის ჩვენი თაობის ბრძოლა და, ბუნებრივია, ამ თაობისთვის ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა, თუმცა არსებობს კიდევ სხვა ბრძოლებიც, იმავე აფხაზეთის ომში, როდესაც ქართული ჯარის სიძლიერე კარგად გამოჩნდა. რთულია, შეადარო, რომელი უფრო მძიმე ბრძოლა იყო ან რომელი უფრო მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვენლოვანი იქნებოდა, რომ აფხაზეთი ყოველგვარი ბრძოლის გარეშე შეგვენარჩუნებინა. მე არცერთ ჯარისკაცს არ ვუკარგავ დამსახურებას და ქედს ვიხრი მათ წინაშე. ეს იყო ცალკეული ქართველისა და ცალკეული ჯარისკაცის გმირობის ილუსტრაცია.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ფოტოები აღებულია სიტიდან: zneoba.ge

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს