"ბიდონები შესაძლოა კვალის არევის მიზნით ყოფილიყო" - ექსპერტი დივერსიის ალბათობასა და უკრაინის ხანძრებთან კავშირზე

"ბიდონები შესაძლოა კვალის არევის მიზნით ყოფილიყო" - ექსპერტი დივერსიის ალბათობასა და უკრაინის ხანძრებთან კავშირზე

ბოლო დღეების უმთავრესი მოვლენა საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე არსებული ხანძრებია. საზოგადოება უკვე ღიად საუბრობს დივერსიის ალბათობაზე, მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკთებს პოლიტიკოსთა ნაწილი. რამდენად შესაძლებელია, ეს მართლაც იყოს დივერსია, ამაზე კომენტარი ექსპერტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბესიკ ალადაშვილს ვთხოვეთ:

- ჩემი აზრით, გამოძიებამ 4 ძირითად ვერსიაზე უნდა იმუშაოს. პირველი ვერსია ესაა - ბუნებრივი და სტიქიური უბედურება, მეორე - ტურისტების ან ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ შემთხვევით გადაგდებული სიგარეტის ნამწვი, დარჩენილი კოცონი და სხვა, ანუ დაუდევრობა. მესამე ვერსიად აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის, რომ ეს ყველაფერი ხომ არ იყო ტყისმჭრელი ბრაკონიერების მიერ გაკეთებული, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით. და მხოლოდ მეოთხე ვერსიად შეგვიძლია განვიხილოთ დივერსია, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალქეების მიერ იქნა მოწყობილი ან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიერ, რომლებიც სხვა ქვეყნისვთის მუშაობენ ან უბრალოდ, სახელმწიფოს მტრები არიან. ყველა ვერსიას არსებობის თანაბარი უფლება აქვს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თითქმის ერთი თვეა ქვეყანაში არ ყოფილა წვიმა, ყველაფერი გამომშრალია და უმცირესი ჩარევითაც შეიძლება მოხდეს აალება.

- ხანძარი, ფაქტობრივად, სრულად ანადგურებს ნივთმტკიცებებს, თუ ეს მართლაც დივერსიაა, რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ გამოძიებამ დაადგინოს სიმართლე?

- რამდენადაც ცნობილია, აღმოაჩინეს ბენზინის ბიდონები, სიმართლე რომ გითხრათ, ამის აღმოჩენა უფრო დამაეჭვებელია, ვიდრე ის, რომ არ აღმოეჩინათ, რადგან შეგნებულად რომ გაეჩინათ ხანძარი, რკინის ბიდონებით სიარულს არავინ დაიწყებდა, ვინაიდან პლასტმასის ბოთლებით ატანილი 4-5 ლიტრი ბენზინი სავსებით საკმარისი იქნებოდა დიდ ფართობზე ცეცხლის გასაჩენად და თანაც კვალიც განადგურდებოდა. გასათვალისწინებელია, ისიც, თუ რა ადგილას იდო ეს ბიდონები, შესაძლებელია, კვალის არევის მიზნითაც ყოფილიყო დადებული. ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

აუცილებელია, შედგეს რუკა, სადაც ყველაფერი იქნება აღნიშნული როდის დაიწყო ხანძარი, როგორ განვითარდა და სხვა. ზოგადად, დივერსიის ასეთი ფაქტები ისტორიას ახსოვს. შორს რომ არ წავიდეთ, 1812 წელს, ნაპოლეონმა მოსკოვი გადაწვა, რათა მტერს თავის დასაყრდენი აღარ ჰქონოდა. ამას "გადამწვარი ველის თეორიას" უწოდებენ. ასე იქცეოდნენ მონღოლებიც და სხვა დიდი დამპყრობლებიც.

- ხანძარია უკრანაშიც. უკრანული მედია წერს, რომ ამის უკან რუსეთი დგას, ხომ არ შეიძლება ამ ხანძრის და ჩვენთან არსებულ ხანძრების სერიას შორის რაიმე კავშირი იყოს?

- ძალიან ძნელია ამის თქმა, რადგან უკრაინა რუსეთთან რეალურ საომარ ვითარებაშია, ორივე მხარე ყველაფერს იყენებს ამ ომის დროს, თუმცა ძირითადად სეპარატისტები მოქმედებენ. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ საომარ ვითარებაში და, აქედან გამომდინარე, ხელის დადება ნაადრევი იქნება. რაც შეეხება პირდაპირ კავშირს, ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

- უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენად ეფექტურად შეიძლება შეფასდეს ჩვენი ხელისუფლების მუშაობა?

- კარგი იქნება, თუ გვექნება სრული ინფორმაცია, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ყველა რესურსის თავიდანვე და მაქსიმალურად გამოყენება, ასევე ისმის კითხვა, თუ რატომ არ გვაქვს შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ვერტმფრენებს, როგორითაც ბელორუსი დაგვეხმარა (MI 26). ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სტრატეგია ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ ბრძოლის. ეს ეხება როგორც ხანძარს, ისე სხვა სტიქიურ მოვლენებსაც. კლიმატური ცვლილებებია და ადრინდელზე გაცილებით ხშირად ხდება სტიქიური მოვლენები და ხელისუფლების ვალია, რომ ამ ყველაფერს მომზადებული დახვდეს. გასაანალიზებელია ყველაფერი, რადგან სტიქიასთან თამაში დაუშვებელია, უნდა იყოს სერიოზული სტრატეგია, უნდა იყოს შესაბამისი მომზადება, ტექნიკური აღჭურვა, ამისთვის უნდა გამოიყოს თანხები, რომელიც, ბუნებრივია, რაციონალურად უნდა დაიხარჯოს, თუმცა ყოველგვარი ეკონომიის გარეშე.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ფოტო: რადიო "თავისუფლება"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე