ტერორიზმის ახალი კვალი ვლადიკავკაზში - "ჩრდილოეთ კავკასიაში 4 ტერორისტი მოკლეს"

ტერორიზმის ახალი კვალი ვლადიკავკაზში - "ჩრდილოეთ კავკასიაში 4 ტერორისტი მოკლეს"

ჩრდილოეთ ოსეთში სამართალდამცავებმა ISIS-ის 4 ბოევიკი მოკლეს. ადგილობრივი ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ისინი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე თავდასხმას გეგმავდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, "ოთხი ტერორისტის განეიტრალება საქართველოს მოსაზღვრე სოფელ ჩმიში მოხდა".

შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ ვლადიკავკაზის ცენტრში სროლა ატყდა. ერთ-ერთ ქუჩაზე ალყაში მოაქციეს ტერორისტული ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი, ორმხრივი სროლებისას, ის ადგილზე დაიღუპა.

მოგვიანებით რუსეთის ძალოვანმა უწყებებმა გაავრცელეს ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, სუარგომის ხეობაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლული 4 ტერორისტი და ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში ლიკვიდირებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრი შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

"განეიტრალებული ბოევიკები ერთდროულად რამდენიმე ტერორისტულ აქტს, მათ შორის სამართალდამცველებზე თავდასხმას გეგმავდნენ. თან ჰქონდათ, ავტომატები, ყუმბარები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები. მათ იარაღის დაყრაზე უარი განაცხადეს და ძალოვნების მისამართით ცეცხლი გახსნეს", - წერს რუსული მედია, რომლის ინფრომაციითაც, ხმაურიანი სპეცოპერაციის ჩატარების მიუხედავად, სამართალდამცავი უწყება, გარდაცვლილთა პირად მონაცემებს არ აკონკრეტებს.

აღმოსავლეთმცოდნე ელბრუს სატცაევი ჩმის ხეობას ტერორისტებისთვის სტრატეგიულ ადგილს უწოდებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ხეობა ქართველებით, ინგუშებითა და ოსებით არის დასახლებული.

"ის საქართველოს სამხედრო გზის მეზობლად მდებარეობს, ამასთან, ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთის ჯეირახის ხეობას ესაზღვრება. მისგან რამდენიმე ნაბიჯზეა რუსეთ-საქართველოს საზღვარი... ჩმი უკვე ვლადიკავკაზის ოლქის შემადგენლობაშია. ხეობასთან ახლოს მდეობარეობს ტყე, რაც ტერორისტებისთვის არც თუ ცუდი თავშესაფარია", - ამბობს სატცაევი, თუმცა, ჩრდილოეთ ოსეთში ტერორისტული ორგანიზაციის იატაკქვეშა ქსელების არსებობას გამორიცხავს, რადგან რადიკალური ისლამის გავრცელების შემთხვევაში, ინფორმაცია გაჟონავდა.

რუსი პოლიტოლოგი არტურ ატაევი ასევე იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ ოსეთში ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელების საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს, მით უფრო, რომ ჩრდილოეთ ოსეთს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონთან კავშირი არ აქვს. თუმცა, რუსული მედია ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერმა ექსპერტებმა რაც უნდა თავი იმშვიდონ, ფაქტია, რომ ჩრდილოეთ ოსეთში, ისევე, როგორც დანარჩენ რუსეთში, საფრთხე არსებობს.

"ეს არ არის მცირე მობილური ჯგუფები, რომლებიც ერთი რეგიონიდან მეორეში გადადიან. ბოლოდროინდელი პროცესებით ნათელია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ჩრდილოეთ ოსეთში, მხოლოდ იმ ოთხი წევრით არ შემოიფარგლება. თავის დროზე, "იმარატ კავკაზმა" და შემდეგ "ირისტონის" ვილაითმა ვერაფრს მიაღწიეს. თუმცა, როდესაც დაღესტანში "იმარატ კავკაზის" უკანასკნელი ლიდერი, ალისხან კებეკოვა მოკლეს, მას შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში ტერორისტები გააქტიურდნენ", - წერს რუსული მედია, თუმცა, ადგილობრივი ექსპერტების ერთი ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ მთავარი საფრთხე ჩრდილოეთ კავკასიაა, რომელსაც ფედერალური სამსახურები მუდმივად აკონტროლებენ.

მათი ონფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის მიმართ მათი ინტერესი მარტივად აიხსნება - "ეს არის სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის დამაკავშირებელი რეგიონი. გარდა ამისა, საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო გზა სატრანსპორტო არტერიაა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, "ამ გზით ახლო აღმოსავლეთში, ISIS-ის ჯგუფებში მოხალისე მეომრების ახალ-ახალი ნაკადი გაგზავნონ. ამასთან, რუსული მედია წერს, რომ ვინაიდან ISIS მოსულსა და დეირ-ეზ-ზორაში, ფაქტობრივად, განადგურდა, მათი მობილური ჯგუფები მათთვის ხელსაყრელ ადგილებში გაფანტვასა და იქიდან მოქმედებას ცდილობენ.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე