"ზოგჯერ იმის შეხსენებაც მერიდება, რომ ცოცხალი ვარ..." - ომის გმირის მძიმე ხვედრი საქართველოში

"ზოგჯერ იმის შეხსენებაც მერიდება, რომ ცოცხალი ვარ..." - ომის გმირის მძიმე ხვედრი საქართველოში

ამას წინათ, საქართველოში ტურისტული მარშრუტით სტუმრად ბრიტანული არმიის ვეტერანი სამხედრო იმყოფებოდა. იგი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში, კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის, ეროვნული და რელიგიური განსხვავებების ნიადაგზე წარმოქმნილი მრავალწლიანი კონფლიქტის მონაწილეა. ალან რუთერი, ამჟამად ლონდონში, "როიალ ჩელსი ჰოსპიტალში" თანამებრძოლებთან და კოლეგებთან ერთად ცხოვრობს. სახელმწიფო მას, პენსიის სახით 800 ევროს ურიცხავს, რომელშიც ყველანაირი, მათ შორის ჯანდაცვის სრული ხარჯები შედის და როგორც თავად ამბობს, ისევ უკან ურიცხავს სახელმწიფოს, - ეს სამხედრო ჰოსპიტალში უზრუნველად ცხოვრების ერთგვარი ფასია...

ვიცი, შორია ბრიტანეთამდე... თუმცა, იქნებ ოდესმე საქართველოშიც დადგეს დრო, როდესაც ქართველი სამხედრო ჯანმრთელობის დაკარგვით მომავალსაც არ დაკარგავს, ისე, როგორც ეს ბოლო წლებში ხდებოდა, გამონაკლისების ჩაუთვლელად... დამოუკიდებელი საქართველოს სამივე ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად და ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ როგორც თავად ამბობენ, "ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების მქონე ვეტერანებს უკვე ერიდებათ სახელმწიფოს და საზოგადოებას არსებობა შეახსენონ..."

ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ლევან ბლუიშვილის ცხოვრებაა. დედამისს, "გმირი დედის" ყველა ჩინი და მედალი ეკუთვნის, რადგან ყველაფერი გააკეთა, შვილისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. საკუთარი საცხოვრებელი ბინის გაყიდვის შემდეგ, ლამის ყველა მაღალჩინოსნისა და ბიზნესმენის კარზე, შვილისთვის სამკურნალო, დეტალურად გაწერილი ხარჯების ფურცლებით ხელში დააკაკუნა... ზოგმა კარი არც გაუღო, თუმცა, უფრო მეტი დაეხმარა. "კვირის პალიტრისა" და AMBEBI.GE-ს მკითხველმაც არაერთხელ ჩაურიცხა თანხა ანგარიშზე...

ასე შეკოწიწებული თანხებით, რამდენჯერმე წავიდნენ თურქეთში სამკურნალოდ და ოპერაციებისთვის, თუმცა, ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის გამო, მკურნალობა გრძელდება..

"უკვე მერიდება იმის ხსენება, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ და საერთოდ, ზოგჯერ იმის შეხსენებაც მერიდება, რომ ცოცხალი ვარ და ისევ სამკურნალო თანხა მჭირდება, რომ ცხოვრება გავაგრძელო..." - ამბობს აფხაზეთის ომის ვეტერანი, კაპიტანი ლევან ბლუიშვილი.

19 წლის ლევან ბლუიშვილს, რომელიც აფხაზეთში ომში მოხალისედ წავიდა, მოწინააღმდეგის 17 ტყვია მოხვდა. ის ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, აფხაზური დაჯგუფების პირისპირ აღმოჩნდა და სასიკვდილოდ დაიჭრა... თავდაპირველად, მკვდარი ეგონათ და გაგრის მორგში გადაუყვანიათ. თანამებრძოლებმა სწორედ მორგში მიაგნეს. თან დედა ჰყავდათ, შვილის "ცხედარი" რომ ამოეცნო. შემდეგ, კისერზე, სიცოცხლის ფეთქვა იგრძნო... იქიდან, სასწრაფოდ გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი, თბილისში გადმოაფრინეს.

ლევან ბლუიშვილი:

- 1992 წლის 30 აგვისტოს, გაგრაში, კოლხიდაში, შეტევაზე გადავედით. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, დღის თორმეტი ან პირველი საათი იქნებოდა, მივიღეთ ინფორმაცია რომელიღაც აფხაზური დაჯგუფება უახლოეს საათებში ქართულ ქვედანაყოფზე თავდასხმას აპირებდა. ჩვენს სადესანტო ნაწილს ამ თავდასხმის მოგერიება ეკისრებოდა. 100 ქართველი მეომრის დაღუპვას, 10 კაცის თავგანწირვა ვარჩიეთ და რამდენიმე მეომარმა კოლხიდაში დაბანაკებულ აფხაზურ ბანდფორმირებაზე იერიში მივიტანეთ... ცეცხლის გახსნას მათი მხრიდან პასუხი მოჰყვა. ის პოზიცია კი დავიკავეთ, მაგრამ შეტაკების დროს ძალიან მძიმედ დავიჭერი - 17 ტყვია მომხვდა, მათ შორის სნაიპერის ტყვია. როგორც მითხრეს, მიწაზე დავარდნის შემდეგ, გონდაკარგულს, "აკაემის" ავტომატიდან მთელი ჯერი "გადამატარეს"... რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ჩემგან 15-20 მეტრის რადიუსში ნაღმი აფეთქდა და მისი ნამსხვრევებიც მომხვდა... სხეულის ერთადერთი ნაწილი, სადაც ტყვია არ მომხვედრია, თავი იყო... გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა სამხედრო ვერტმფრენით თბილისში მოვყავდი, ისიც - რამდენიმე წუთით. ამის შემდეგ, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში დამიბრუნდა აზროვნება", - იხსენებს ვეტერანი.

მას შემდეგ, 17 ოპერაცია გაიკეთა. მარცხენა ხელი ამპუტირებული აქვს. მარჯვენა ხელის თითების ასამოძრავებლად, მკურნალობა და ქირურგიული ჩარევები ჯერაც არ დასრულებულა. თურქეთში, ანკარის კლინიკის ექიმები თვის ბოლოს ელოდებიან. "იქ მოსახვედრად კი, 3 ათასი ლარი გვჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს და უკვე აღარ ვიცი, დახმარებისთვის ვის მივმართო..." - ამბობს აფხაზეთის ომის ვეტერანის დედა, ზაირა ბლუიშვილი.

598 47 45 19 - ლევან ბლუიშვილი

595 31 37 96- ზაირა ბლუიშვილი

ლიბერთი ბანკი:

GE25LB2100048045060422

მიმღები: ლევან ბლუიშვილი

ტელ: 0901 701 210 ზარის ღირებულება 1 ლარი (დარეკეთ მაგთისა ბილაინის აბონენტებმა)

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე