"სატელეფონო ტერორიზმი" რუსეთში - ვინ დგას ანონიმური ზარების უკან და რა საფრთხეზე საუბრობენ ექსპერტები

"სატელეფონო ტერორიზმი" რუსეთში - ვინ დგას ანონიმური ზარების უკან და რა საფრთხეზე საუბრობენ ექსპერტები

რუსეთში ანონიმურად განხორციელებული მასობრივი ზარების ტალღა არ წყდება. 5 სექტემბრიდან, ადგილობრივ სამართალდამცავებს დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული უწყებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია უწევთ. მოსახლეობის თქმით, ბოლო დღეებში სამართალდამცავების რეაქცია შესუსტდა.

ბოლო მონაცემებით, შენობებში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების შედეგად სკოლებიდან, სადგურებიდან, სავაჭრო ცენტრებიდან და სხვა, სულ 420-მდე საზოგადოებრივი დაწესებულებიდან ევაკუირებულთა რაოდენობა 130 ათასს აჭარბებს.

პოლიციის თანამშრომელთა თქმით, ისინი ერთი ობიექტიდან მეორემდე მისვლას ვეღარ ასწრებდნენ, რომ ზარები ისევ შემოდიოდა.

14 სექტემბერს РИА Новост-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ვერსიით, ამ ზარების უკან "ისლამური სახელმწიფოს" წევრები დგანან. გამოცემის წყარო ამბობს, რომ შესაბამის ადგილობრივ სამსახურებს უკვე აქვთ იმ პირთა მონაცემები, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში ცრუ ზარებს ახორციელებდა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება...

თუმცა, განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს "ნოვაია გაზეტა". გამოცემის ინფორმაციით, "ეფესბეს" სამსახურებმა სატელეფონო მიმოწერით, IP-ის საშუალებით, ცრუ განგაშის ავტორების ადგილმდებარეობის ამოცნობა შეძლეს და აღნიშნეს, რომ სპეციალური, დაშიფრული მესიჯების გაგზავნა, უკრაინის ტერიტორიიდან ხორციელდება.

რუსული საზოგადოების ერთი ნაწილი ზარებს კინოფილმ "მატილდასაც" უკავშირებს, რომელმაც რუსეთში დიდი მღელვარება და პროტესტი გამოიწვია. ალექსეი უჩიტელის ფილმში აღწერილია ნიკოლოზ II-სა და პოლონელი ბალერინას მატილდა კსეშინსკის სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც იმპერატორის ავტორიტეტს მნიშვნელოვნად აკნინებს.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ქრისტიანული სახელმწიფოს" ხელმძღვანელის ალექსეი კალინინის თქმით, კინოთეატრებში ბომბის არსებობის შესახებ სატელეფონო ზარები სწორედ ფილმ "მატილდას" პრემიერას უკავშირდება და მის ჩაშლას ისახავს მიზნად.

"ფილმი რუსეთის ისტორიის გაყალბება და ლაფში ამოთხვრაა, რადგან ის ეხება წმინდა მეფეს... ასე რომ, სანამ ამ ფილმის ჩვენებას კინო-თეატრები ოფიციალურად არ შეწყვეტენ, ზარები არ შეწყდება..." - წერს კალინინი და დასძენს, რომ კინო-თეატრების გარდა, სხვა დაწესებულებებში განხორციელებულ ზარებთან მათ კავშირი არ აქვთ.

თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა და მოსკოველების აზრით, ძირითადი საფრთხე კვლავ "ისლამური სახელმწიფოდან" მოდის. თუმცა, ამ საქმეში "უკრაინის მონაწილეობასაც" არ გამორიცხავენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, მძიმე ვითარების მიუხედავად, ფედერალური არხები ჩვეულებისამებრ დუმან და კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოტა ხანში, "სხვადასხვა მიზეზებით", მთელ რუსეთში, დაკავებების ახალი ტალღა დაიწყება. მათივე ინფორმაციით, "ეფესბე" ამ შემთხვევას სათავისოდ გამოიყენებს.

რუსული მედია კიდევ ერთ ვერსიას განიხილავს. მათი ვარაუდით, მასობრივი ზარები შესაძლოა ემსახურებოდეს იმის შემოწმებას, თუ რამდენად ბრძოლისუნარიანია რუსეთი, როგორც სახელმწიფო და რამდენად ეფექტურად შეუძლია მას მსგავს საფრთხეს თავი გაართვას.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დმიტრი გალოჩკინი ამბობს, რომ რუსეთის თითქმის ყველა ქალაქში "დანაღმული შენობების" არსებობა რუსეთის მიმართ განხორციელებული საინფორმაციო შეტევაა.

"ვიღაც ძალიან ცუდად გვეთამაშება. ის, რომ ასეთი ტიპის ზარებმა სისტემატური ხასიათი შეიძინა, ძალიან სახიფათოა და სულც არ არის გამორიცხული, რომ ტერაქტზე მიანიშნებდეს... საყოველთაო ცრუ განგაშის ფონზე, შესაძლოა, ადამიანებმა არც მიაქციონ ყურადღება მორიგ ზარს და სწორედ ამ დროს მოხდეს ტერაქტი"- ამბობს გალოჩკინი.

ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ ასეთი ტიპის ზარები რუსეთის ისედაც დასუსტებულ ეკონომიკაზე უფრო მძიმედ აისახება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე