ქურთისტანის რეფერენდუმი - ახალი თავსატეხი მსოფლიოსთვის?!

ქურთისტანის რეფერენდუმი - ახალი თავსატეხი მსოფლიოსთვის?!

შესაძლოა, მსოფლიოს კიდევ ერთი ახალი თავსატეხი გაუჩნდეს, - 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების თანახმად გაირკვა, რომ რეფერენდუმის მონაწილეთა 93,7 %-მა ერაყიდან გასვლას მხარი დაუჭირა...

სანამ ქურთისტანი რეფერენდუმის შედეგებს ზეიმობს, ერაყის ხელისუფლება რადიკალური ზომების მისაღებად ემზადება - ის პროცესს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას მიმართავს, ბათილად ცნონ შედეგები და მოლაპარაკების მაგიდას შემოუსხდნენ... რეფერენდუმის ჩატარებამდე, ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სამხედრო შენაერთების გაგზავნის თხოვნით მიმართა იმ რეგიონებში, რომლებიც ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში არ შედის, თუმცა, რეფერენდუმი მაინც ჩატარდა...

ქურთისტანის რეგიონის ხელმძღვანელობასა და ერაყის მთავრობას კიდევ ერთი რამ აქვთ გასარკვევი, - მათ შორის სადავო თემებსა და ტერიტორიებს შორის ნავთობით მდიდარი ქალაქი ქირქუქი მოხვდა... შესაბამისად, სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ერაყის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ჯარი გააგზავნოს ქირქუქის რეგიონში და მის ნავთობის საბადოებზე კონტროლი დაამყაროს... პასუხად, ქურთული სამხედრო დაჯგუფება "ფეშმერგას" გენერალურმა შტაბმა განაცხადა, - "ქურთული ტერიტორიებს, მსოფლიოს ყველაზე საშიში ორგანიზაციის წევრებისგან წლების განმავლობაში მტკიცედ იცავდნენ და იქიდან არც ახლა გავლენ..."

რეგიონს ქურთი მებრძოლებისგან შემდგარი სამხედრო შენაერთი "ფეშმერგა" მას შემდეგ აკონტროლებს, როდესაც 2014 წელს ერაყის არმიამ ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში პოზიციები დათმო. იმ წლებში და შემდეგ, ქურთმა მეომრებმა ექსტრემისტებს ნავთობის საბადოების აღების საშუალება არ მისცეს...

რეფერენდუმამდე რამდენიმე ხნით ადრე, პრემიერ-მინისტრმა აიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმი რაიმე სახის ძალადობას გამოიწვევს და ერაყის მოსახლეობას საფრთხე დაემუქრება, ის სამხედრო ძალას გამოიყენებს.

ქირქუქის რეგიონი მრავალეთნიკურობით გამოირჩევა, - იქ ეთნიკური თურქმენები და არაბებიც ცხოვრობენ, მაგრამ ისტორიულად, ამ რეგიონში აბორიგენობის პრეტენზიას ქურთები აცხადებენ....

ქურთისტანში რეფერენდუმს, როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების ლიდერები ეხმაურებიან - თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ქურთებს, სანქციების ამოქმედებით ემუქრება, რაც მათთვის სავალალო შედეგებს მოიტანს. "მათ საკვების მოპოვებაც კი გაუჭირდებათ, თუკი ნავთობსადენი ჩაიკეტება და თურქეთი ერაყის ჩრდილოეთით ვაჭრობას შეაჩერებს", - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. რეუტერს-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა ნავთობსადენის ჩაკეტვაზე, რომელიც სათავეს ერაყის ქურთისტანში იღებს და ნავთობს დანარჩენ მსოფლიოს აწვდის, გასულ კვირასაც ისაუბრა.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, გასულ კვირას, თურქეთმა, რომელიც ქურთისტანის რეფერენდუმის მკარად ეწინააღმდეგება, ერაყის ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნებიც დაიწყო, რომელსაც ერაყელ სამხედროთა მცირე ჯგუფი შეუერთდა. მაშინ პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს პროცესი რეფერენდუმს არ უკავშირდებოდა...

ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ, თავის პოზიცია გამოხატა ირანმაც, ამ ქმედების პასუხად, მან რეგიონთან საჰაერო სივრცე ჩაკეტა. თეირანმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება მათ ბაღდადის თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

ერაყის ქურთისტანში, 5.2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა სუნიტია. ერაყის ნახევრად ავტონომიურ რეგიონი, რომელსაც რეგიონული მთავრობა მართავს, არსებული სახით 1992 წელს შეიქმნა...

2003 წლიდან, სადამ ჰუსეინის რეჟიმი დამხობის შემდეგ, ქურთებმა ძალაუფლება ხელში აიღეს და თანდათან, უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზეც ალაპარაკდნენ... ერაყიდან გამოყოფის მიზეზად, ისინი სხვადასხვა ფაქტორს ასახელებდნენ. ადრე მათი მცდელობა ვერ შედგა, თუმცა ახლა როგორც ჩანს, სიტუაცია საკმაოდ შორს წავიდა. რეფერენდუმის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ახლა 2005 წლისგან (მაშინ კიდევ ერთხელ ჩატარდა რეფერენდუმი, თუმცა, შემდეგ მათ ხანმოკლე ტაიმ აუტი აიღეს) განსხვავებული სიტუაციაა, - ისინი გაძლიერდნენ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრით.

დასავლური მედიის თქმით, - თურქეთში ქურთთა რაოდენობა - 16 მილიონს აჭარბებს, რაც მოსახლეობის 19-%-ია და და მათ იქ საკმაოდ მაღალი პოსტები უჭირავთ, როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო და ბიზნესსფეროებში... ქურთების რაოდენობა ირანში - 8 მილიონია, სირიაში კი, 2 მილიონი. რამდენად არიან ისინი მიმდინარე პროცესებში ღიად ან ფარულად ჩართული, ჯერჯერობით უცნობია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო