აფხაზები რუსეთისგან ჩერქეზი რუსლან გვაშევის დაცვას ცდილობენ

აფხაზები რუსეთისგან ჩერქეზი რუსლან გვაშევის დაცვას ცდილობენ

აფხაზები, შესაძლოა, ჩერქეზთა უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, რუსლან გვაშევის მხარდასაჭერ აქციას სოლიდარობის ნიშნად შიმშილობით შეურთდნენ... სოხუმში უკვე დაიწყო რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინთან გასაგზავნი ხელმოწერების შეგროვება, რათა გვაშევი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლდეს.

67 წლის რუსლან გვაშევი, რომელიც აფხაზების თქმით, 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურ ომში აქტიურად მონაწილეობდა, 2017 წლის 11 სექტემბრიდან შიმშილობს. ის რუსეთის სასამართლო გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელიც მას "ჩერქეზთა ხსოვნის დღეს ტიტების ხესთან ლოცვის გამო" სოჭში დააკისრეს. ლაზარევის სასამართლომ გვაშევი 100 ათასი რუბლით დააჯარიმა, ლოცვის ფაქტს კი ექსტრემიზმის აქტი უწოდა...

უკვე 24 წელია, ტრადიციულად, "სოხუმის გათავისუფლების" დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან და თურქეთიდან ყოველწლიურად ჩამოდიან. სოხუმის "სტუმრებს" შორის არ იყო რუსლან გვაშევი, რომელიც კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, 1992-1993 წლებში კონფედერაციულ შტაბს ხელმძღვანელობდა და "აფხაზეთის არმიის" ე.წ. პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. ის, კონკრეტულად, გუდაუთის ბრძოლებში მონაწილეობდა და ჩრდილოეთ კავკასიიდან "მოხალისე მეომრების" მობილიზებას ახდენდა.

"კავკასიის პატრიოტი და აფხაზეთის დამსახურებული მოქალაქე (90-იანი წლების ომის შემდეგ, არძინბამ მას ამაგი დაუფასა და აფხაზეთის დამსახურებული მოქალაქის სტატუსიც მისცეს) გვაშევი, არის ერთ-ერთი ცოცხალი სიმბოლო აფხაზეთისა და მისი მრავალეთნიკური ხალხისა, ამიტომაც, მისი ღირსებისა და პიროვნების დაცვა ჩვენი მოვალეობაა,"- განაცხადა აფხაზმა სამოქალაქო აქტივისტმა დავით დასანიამ გვაშევის მხარდამჭერ აქციაზე.

ცნობისთვის, დავით დასანიამ სულ რაღაც ორი წლის წინ საკუთარი ოჯახის წევრი სამკურნალოდ თბილისში ჩამოიყვანა... სოხუმში დაბრუნებულმა, აფხაზეთში არსებულ რეალობასთან შედარებებით, საკმაოდ ვრცელი, ემოციური პოსტი მიუძღვნა "საქართველოს", სადაც წერდა, თუ როგორ ვითარდება, წინ მიდის ეს "ქვეყანა" და როგორი შეცვლილია ქართველი ხალხი უკეთესობისკენ; როგორ შეხვდნენ მას დევნილი ქართველები, ნოსტალგიით, სითბოთი და სიყვარულით... თუმცა, რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, ადგილობრივი სპეცსამსახურები ესტუმრნენ და ახალ პოსტში ამჯერად, თავი იმართლა...

ერთი სიტყვით, გვაშევის მხარდამჭერ აქციაში, რომელიც სოხუმში გაიმართა, 200-მდე ადგილობრივი მონაწილეობდა. დასანიას თქმით, 30 სექტემბერს, აფხაზეთი ქართული ჯარებისგან გათავისუფლებას იზეიმებს და შესაძლოა, 67 წლის გვაშევმა, რომელიც პირველი ჯგუფის შშმ პირია, იქამდე ვერ მიაღწიოს, რადგან 16 დღეა შიმშილობს...

"გთხოვთ, დაიცვათ უსამართლობის მსხვერპლი გმირი, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება...", - მიმართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დავით დასანია, რომელსაც იმედი აქვს, რომ ვლადიმირ პუტინი აფხაზი ხალხის თხოვნას გაითვალისწინებს და სოჭში, ლაზარევის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაერევა.

"ჩრდილოეთ კავკასიის ადიღურ რესპუბლიკებში საზოგადოება და ხელისუფლება რუსლან გვაშევს მხარში ვერ დაუდგა, რადგან იქ ადამიანებს აზრის გამოთქმის ეშინიათ. აქციაში მონაწილეობაზე საუბარიც კი არ არის, რადგან ისინი იქ შიშის ქვეშ ცხოვრობენ. მათ ეშინიათ, რომ შესაძლოა, ნებისმიერი მსგავსი აქციის ინიციატორი ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, ფიზიკურად გაანადგურონ. ასეთ პირობებში, მათ ალბათ ვერ გაამტყუნებ, მაგრამ დუმილი თვითმკვლელობის ტოლფასია", - განაცხადა სოხუმში მიტინგზე გამოსვლისას დავით დასანიამ.

"ჩვენ მივმართეთ რუსეთის კრასნოდარის მხარის საზოგადოებრივ პალატასა და ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომ რუსლან გვაშევის მიმართ უსამართლობა არ დაუშვან. ჩვენი ორგანიზაცია ვერ დარჩებოდა გვერდზე და აქტიურად ეძებს პრობლემის გადაჭრის გზას", – განაცხადა აფხაზური ორგანიზაციის "დედები მშვიდობისთვის" ლიდერმა გული კიჩბამ.

რუსლან გვაშევი, 90-იანი წლების დასრულების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში აფხაზეთში ცხოვრობდა და სწორედ იმ სამხედრო შტაბს ხელმძღვანელობდა, რომელსაც მისი აზრით, კავკასიის კონფედერაციისთვის უნდა ჩაეყარა საფუძველი, თუმცა, შემდეგ, ის არძინბას ხელისუფლებას ვერ შეეწყო, - ის კავკასიურ დიასპორებთან საერთო ენის გამონახვასა და გარკვეული გეგმების შემუშავებასაც აპირებდა. ამავდროულად, თავისი კავშირებით, "ომის შემდეგ დანგრეული აფხაზეთის აღსადგენი თანხების მობილიზებასაც ცდილობდა", თუმცა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და მასთან ერთად, კონფედერაციის გეგმა ჩავარდა... მოგვიანებით, გვაშევს, აფხაზეთში მიღებული ჭრილობა გაურთულდა და მძიმე ოპერაციის გადატანა მოუწია, რის გამოც 1-ელი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი მიანიჭეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, თავისი "კავკასიური აკვიატებების" გამო, დიდი ხანია მას ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები "თავს დასტრიალებენ". მას ყველა თანამოაზრე ჩამოაშორეს ან "ჩამოშორდა" და "საკუთარი ლოზუნგების ამარა დარჩა, როგორც ქარის წისქვილებთან მებრძოლი დონ კიხოტი", - წერს რუსული პრესა...

ლალი პაპასკირი

ამბები.გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე