აშშ უკრიანას ლეტალური იარაღით მოამარაგებს? - "ამერიკა ამით რუსეთს აჩვენებს, რომ მზად არის საერთაშორისო წესრიგი დაიცვას"

აშშ უკრიანას ლეტალური იარაღით მოამარაგებს? - "ამერიკა ამით რუსეთს აჩვენებს, რომ მზად არის საერთაშორისო წესრიგი დაიცვას"

აშშ-ს კონგრესის ქვედა პალატამ უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგების შესახებ იმსჯელა და შესაძლოა, საკითხი დადებითად გადაწყვიტოს. აქამდე ვაშინგტონი კიევს მხოლოდ არალეტალურ შეიარაღებას აწვდიდა... ექსპერტებსა და მიმომხილველებს ვაშინგტონში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ. ერთი მხარე მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს შეაკავებს გარკვეულწილად, ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი მოსკოვის პროვოცირებას გამოიწვევს...

ამერიკაში უკრაინის ელჩის ვალერი ჩალის განცხადებით, პირველ რიგში, ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის, რამაც არსებული რეალობა უნდა შეცვალოს... რას შეცვლის ეს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე და როგორ შეიძლება სცენარი განვითარდეს - პოლიტიკური ანალიტიკოსის ტარას ჩორნოვილის თქმით, ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროსაც იყო, მაშინ, როდესაც რუსეთმა აგრესიული ნაბიჯები ყირიმის მიმართულებით გადადგა და მისი ანექსია მოახდინა, სამხედრო შენაერთები გადაისროლა დონბასში...

"მაშინ, ბარაქ ობამამ რუსეთის მისამართით გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, თუ რუსეთი კონფლიქტის ესკალაციას გადაწყვეტდა, ამერიკა შესაბამის ზომებს მიიღებდა, ასე რომ, ახლა ტრამპის განცხადება არაფრით განსხვავდება აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის მიმართვისგან..." - აცხადებს უკრაინელი ექსპერტი, რომელსაც მიაჩნია, რომ ობამა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობისმოყვარე პრეზიდენტი იყო, რომელსაც სურდა მისი ქვეყანა არც ერთი კონფლიქტის მონაწილე აღარ ყოფილიყო.

"ობამა არ იყო ამისთვის მზად, ეს მასთან შეხვედრებმა და კონსულტაციებმაც აჩვენა... 2014 წელს, ამერიკაში უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის საკითხი დაბლოკეს. ეს იყო ობამას პირადი პოზიცია..." - აცხადებს ჩორნოვილი.

ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება გადამწყვეტი ნაბიჯია, რომელიც რეგიონისა და რუსეთისადმი ამერიკის პოლიტიკის ცვლილებაზე უნდა აისახოს... სხვების თქმით, შესაძლოა, რომ უკვე ყველაფერი დაგვიანებულია და ბრძოლის ველზე სიტუაცია არ შეიცვლება.

გაეროს მონაცემებით, უკრაინის კონფლიქტმა ამ დრომდე 10,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 1.5 მილიონი ადამიანის იძულებით გადაადგილებულია.

ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინი დონბასში გაეროს დამკვირვებლების განთავსების იდეით გამოვიდა, თუმცა, დასავლელი ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთის ეს ინიციატივა არაფრის მომტანია. მათი თქმით, მოსკოვი შესაძლოა, ამ ინიციატივით, ცდილობს, ამერიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აიცილოს თავიდან და ამისთვის წინაპირობებს ქმნის, - მისი სურვილია, დონბასში სტაბილური ვითარება წარმოაჩინოს.

ისე, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გააკეთა და ამ სვლით მათზე კონტროლი შეინარჩუნა, ამავდროულად, კონფლიქტები გაყინა და ვითარების მართვასაც ახერხებს...

არსებობს კიდევ ერთი პოზიცია, - ამერიკა ამ გადაწყვეტილებით რუსეთს აჩვენებს, რომ ის მზად არის საერთაშორისო წესრიგის დაიცვას, მაშინ, როდესაც აგრესორები მის შერყევას ცდილობენ. მათი თქმით, საქართველო-რუსეთის ომში დასავლეთის სუსტმა, ფაქტობრივად, ნეიტრალურმა პოზიციამ რუსეთი აგრესიული ქმედებებისკენ წააქეზა. "ამერიკამ იგივე შეცდომა, უკრაინის შემთხვევაში აღარ უნდა გაიმეროს" - მიაჩნიათ მათ.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ევრაზიის ცენტრის დირექტორი ატლანტიკური საბჭოდან და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ პუტინს, ევროპაში საშიში, რევიზიონისტული კურსი აქვს აღებული. მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი, ცივი ომის დასრულებით გამტკიცებული საერთაშორისო პრინციპების შეცვლა სურს.

"ის ღიად ამბობს, რომ მას სურს გავლენის სფეროს შენარჩუნება პოსტსაბჭოთა სივრცეში, სურს ნატოს და ევროკავშირის დასუსტება. ამიტომ ვნახეთ მისი ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოს საზღვრები შეცვალა, რომელზეც დასავლეთის პასუხი სუსტი იყო. მოგვიანებით, ის დონბასში შეიჭრა. ამიტომ საქართველოს ომსა და დღეს უკრაინაში მიმდინარე ომს შორის პირდაპირი კავშირია", - აცხადებს ჰერბტსი.

დასავლელი ექსპერტების თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების იდეის ამოსავალი წერტილი არის რუსეთის შეკავება, რუსეთი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ისწავლის ჭკუას, თუ მას მეზობელ ქვეყნებში შეჭრა ეკონომიკურად და სამხრედრო თვალსაზრისით ძვირად დაუჯდება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე