აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის თანაორგანიზატორი პავლე არძინბა დაბრუნდა

აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის თანაორგანიზატორი პავლე არძინბა დაბრუნდა

აფხაზეთში, ე.წ. ექსპრეზიდენტის ალექსადრე ანქვაბის მკვლელობის მცდელობაში "ბრალდებული" პავლე არძინბა დაბრუნდა და ადგილობრივ "სამართალდამცავებს" საკუთარი ნებით ჩაბარდა... ის 5 წლის განმავლობაში ძებნაში იმყოფებოდა... აფხაზეთში მის გამოჩენას უკვე მოჰყვა მითქმა-მოთქმა, - ფაქტია, რომ არძინბა რეგიონში ისე არ გამოჩნდებოდა, - ადგილობრივების თქმით, შესაძლოა, "პროკურატურის" მონაწილეობით, კიდევ ერთი ცირკი ვიხილოთ, რაც მისთვის სასჯელის შემსუბუქებას გულისხმობს, ცხადია, გარკვეული "წინაპირობის" სანაცვლოდ. თუმცა, არც მოვლენების სხვანაირი განვითარება არ არის  გამორიცხული...

პავლე არძინბა 1951 წელს გუდაუთის რაიონის სოფელ დურიპშში დაიბადა. გუდაუთის სკოლის დამთავრების შემდეგ, მან და ანქვაბმა ერთი და იგივე სასწავლებელი, როსტოვის უმაღლესი სასწავლებელი, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრეს... არძინბა აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ საომარ მოქმედებებში, - არსებული ინფორმაციით, მაშინ აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და შეიარაღების საკითხსაც კურირებდა, თუმცა, ეს არაოფიციალურად ხდებოდა...

აფხაზეთის ომის შემდეგ, მის პოლიტიკასთან კავშირზე რეგიონში ბევრი არაფერი იყო ცნობილი, ის უფრო ბიზნესით იყო დაინტერესებული, თუმცა, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ანქვაბზე რიგით მეექვსე თავდასხმა განხორციელდა, არძინბას გვარმაც გაიჟღერა. ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელებმა გუდაუთის ტყეებს შეაფარეს თავი, შემდეგ კი რეგიონი დატოვეს...

რაც შეეხება პავლე არძინბას, - ის იმ წლებში მიმდინარე კლანურ დაპირისპირებაში მოჰყვა, რომელიც შემდეგ, კრიმინალურ-პოლიტიკურ ბრძოლაში გადაიზარდა... მაშინ, ანქვაბმა  არაერთი ჩინოვნიკი შეავიწროვა, ისინი, ვინც წლების განმავლობაში დე ფაქტო ბიუჯეტიდან, რუსეთიდან წამოსულ დაფინანსებას იპარავდა. მათ მოსკოველი ჩინოვნიკებისგან მწვანე ჰქონდათ ანთებული, მაგრამ ანქვაბმა ისინი გადაიკიდა, - აფხაზ პოლიტიკოსს კორუფციასთან ბრძოლა ჰქონდა ჩაფიქრებული... ამ ჯგუფში მოჰყვა არძინბაც. საერთოდაც, მასა და ყველას, ვინც 90-იან წლებში საომარ მოქმედებებში იყო ჩართული, მიაჩნდათ, რომ კარგი ცხოვრება დაიმსახურეს...

ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში პავლე არძინბამ განაცხადა, რომ ომის დროს ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო აფხაზეთში, მის ანგარიშზე 600 მილიონზე მეტი იყო, თუმცა, ომი დროს, მან აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს 3 მილიონი გადასცა; დაცვისა და შეიარაღებისთვის კიდევ 3 მილიონი გამოყო. ცალკე სოხუმს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, კიდევ 3 მილიონი აჩუქა; "სულ 15 მილიონი დავარიგე, როდესაც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა, ტომრებით ვგზავნიდით ფულს სხვადასხვა რეგიონში, რათა მიზნობრივად დახარჯულიყო, იმათ დახმარებოდნენ, ვისაც სჭირდებოდა..."- წერდა არძინბა.

ომის შემდგომ წლებში, აფხაზეთის მედიამ ის 20 ყველაზე გავლენიან და მდიდარ ბიზნესმენთა შორის დაასახელა. მას ახლო კავშირი ჰქონდა რუს სამხედროებთან, სხვა მხრივ მისი ბიზნესი წარმატებული ვერ იქნებოდა...

სწორედ ასეთი გავლენიანი ფიგურების წინააღმდეგ გალაშქრება სცადა მაშინ ალექსანდრე ანქვაბმა. შედეგად, 4 წელიწადში განხორციელებული თავდასხმებიდან რიგით მეექვსეს ერთ-ერთი თანაავტორად სწორედ პავლე არძინბა დასახელდა. მაშინ ანქვაბის ავტომობილს და მის კორტეჟს გუდაუთა-სოხუმის გზაზე 08:30 საათზე დაესხნენ თავს. სადაც კორტეჟი მოძრაობდა, ჯერ ფუგასი აფეთქდა, რომლის შედეგად კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი დაზიანდა, შემდეგ კი ანქვაბის ავტომობილს ახლომდებარე მთიდან ტყვიამფრქვევიდან და ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი.

დაცვის სამსახურმა საპასუხო ცეცხლითვე უპასუხა. ანქვაბის ავტომობილის მძღოლმა ამ ხაზის გავლა მოახერხა. ანქვაბი არ დაშავებულა. ის სოხუმში იმყოფება და ადასტურებს, რომ კარგად არის, თუმცა, პირადი დაცვის ორი ახალგაზრდა წევრი, თენგიზ ფანდარია და რემზიკ ზუგბა დაიღუპა, და ორიც დაიჭრა... გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სროლისას ანქვაბს გადაეფარნენ...

ამ ფაქტის გარშემო სასამართლო პროცესი, რომელსაც აფხაზი ჟურნალისტები "საუკუნის პროცესს" უწოდებდნენ, ლამის ერთი წლის შემდეგ, 2013 წელს დაიწყო... თუმცა 2014 წელს ცნობილი გახდა, "სასამართლო პროცესები" ძალზე დიდი პაუზებით იმართებოდა, ანუ საქმე უსაშველოდ გაიწელა... 2017 წლის აპრილში, საქმეში 7 "ბრალდებული" გამოიკვეთა, - მათგან ორს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, დანარჩენების "სასჯელი" შედარებით მსუბუქი იყო. ერთ-ერთი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. კიდევ ერთ დაკავებულს თავდასხმასთან კავშირი ვერ დაუმტკიცდა.

ახლახან გაათავისუფლეს გუდაუთის სოფელ დურიპშის მცხოვრები ანზორ ბუთბა, რასაც აფხაზური მედია ამ საქმის გარშემო შემწყნარებლური განწყობის დასაწყისად მიიჩნევს... "სასამრთლომ" საქმის მთავარ დამნაშავედ, 2012 წელს გარდაცვლილი ალბასბეი კვარჩია დაადგინა და მისი გარდაცვალების გამო, - საქმე შეაჩერა... მაშინ ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა კვარჩიამ დაგეგმა. მისივე ჩანაფიქრით, ამას "სახელმწიფო გადატრიალება" უნდა მოჰყოლოდა, თუმცა საქმის წარუმატებლობის გამო, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...

მაშინ, "ძებნაში" მყოფი პავლე არძინბას ადვოკატი, ივანე ზარანდია აცხადებდა, რომ ანქვაბზე თავდასხმაში მისი "დაცვის ქვეშ მყოფის" მონაწილეობა ვერ მტკიცდებოდა და შესაბამისად, არძინბაზე ძებნა უსამართლოდ გამოაცხადეს.

რისთვის დაბრუნდა არძინბა აფხაზეთში?.. - ამ კითხვაზე, აფხაზურ მედიის ვერსია სხვადასხვანაირია, - ერთ-ერთის თანახმად, ის "ქვეყნისთვის" ძალზედ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, ამიტომაც დაბრუნდა აფხაზეთში მშვიდად... ან სულაც შესაძლოა, მან "აფხაზეთში მშვიდად დაბრუნება იყიდა..." მეორეს თქმით, "პაშკა არძინბა" როგორც მას ახლობლები უწოდებენ, ამ დროის განმავლობაში პრიმორის დასახლებაში, მიუსერაში, თავის კუთვნილ იახტაზე ცხოვრობდა, უბრალოდ, განდეგილივით ყოფნა მობეზრდა და გამოჩნდა...

ამ ხნის განმავლობაში, ის არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც "რუხი კარდინალი", რომელიც ხაჯიმბას "ხელისუფლებაში" გარკვეულ საქმეებს აგვარებდა და საკადრო ცვლილებშიც ერეოდა... კონკრეტულად, 2014 წელს, რაულ ხაჯიმბას უკან "პაშკა არძინბა" იდგა. რასაც თავის მხრივ, ხაჯიმბა უარყოფდა...

ასე რომ, როგორც აფხაზური მედია წერს, "პაშკა", ისე, ჰაერზე არ დაბრუნდებოდა. ის საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ საკუთარ სიცოცხლეს და "ბექრაუნდს" გაუფრთხილდეს. რა ელოდება მას? - თუ აფხაზეთში "კანონის აღსრულების" მიხედვით ვიმსჯელებთ, ის რეგიონის შიდა საკითხებს ცოტა ხნით, სოხუმის ციხის ელიტარული საკნიდან მოაგვარებს, შემდეგ, სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე