ახალი სეპარატისტული წარმონაქმნები მსოფლიოში და საფრთხე საქართველოსთვის

ახალი სეპარატისტული წარმონაქმნები მსოფლიოში და საფრთხე საქართველოსთვის

ერაყის ქურთისტანში რეფერენდუმის ჩატარება მსოფლიოსთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, - მსგავსი რეფერენდუმი, ოღონდ არაოფიციალური სტატუსით, ქურთისტანში 2005 წელსაც გაიმართა, მაშინ ერაყისგან გამოყოფას 98%-მა დაუჭირა მხარი. თუმცა, წლების განმავლობაში, ქურთები პოლიტიკური და განსაკუთრებით, ეკონომიკურ-სამხედრო თვალსაზრისით, გაძლიერდნენ...

თუ ქურთებმა უკან არ დაიხიეს და თავიანთი წლების წინანდელი სურვილის განხორციელება დაიწყეს, ეს ნიშნავს, რომ აზიაში კიდევ ერთ შეიარაღებულ კონფლიქტს მივიღებთ, მას ოთხი სახელმწიფო - ერაყი, თურქეთი, სირია და ირანი იარაღით დაუპირისპირდება...

საქმე ის არის, რომ მათ, კონკრეტულად ქურთების სამხედრო შენაერთ "პეშმარგას", "აისის"-თან ბრძოლის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და გარდა ამისა, ისინი ამერიკულ ჯარებთან ერთად გააფთრებით ებრძოდნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმს, რომელმაც ქიმიური იარაღით დაბომბა მათი თანამოქალაქეები... სწორედ იმ წლების შემდეგ გაუჩნდათ ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების იდეა.

ამ დროისთვის "პეშმარგა" აკონტროლებს სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებს - მოსულს, ქირქუქს და ერბილს. მათგან ქირქუქი ნავთობით ყველაზე მდიდარია. არაერთი მცდელობის მიუხედავად, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მისი დაპყრობა ვერ შეძლეს... თუმცა, დრომ აჩვენა, რომ ერაყის ქურთისტანს ავტონომია აღარ აკმაყოფილებს და დამოუკიდებელი სახელმწიფოსკენ ისწრაფვის.

იმ შემთხვევაში, თუ ერაყის ქურთისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩუმად არც თურქეთის, სირიისა და ირანის ქურთები იქნებიან, მით უფრო, რომ "დიდი ქურთისტანის" "საზღვრებში" ამ სახელმწიფოების ტერიტორიებიც არის მოქცეული, - ვითარებას ართულებს ისიც, რომ ისინი იქ კომპაქტურად არიან ჩასახლებული... მთლიანობაში, ოთხივე ქვეყნაში სულ 40 მილიონზე მეტი ქურთი ცხოვრობს, - თურქეთში 20 მლნ, ირანში 11 მლნ, ერაყში 7 მლნ, ხოლო, სირიაში 3 მლნ. 

თურქეთის ქურთისტანში ვითარება უკვე წლებია დაძაბულია, თუმცა, ერდოღანის ხელისუფლება მათ ჯერ კიდევ იგერიებს, უკვე წლებია იქ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ სპეცოპერაციები ტარდება, თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამან მათი ბრძოლისუნარიანობა შეასუსტა...

განსხვავებული ვითარებაა სირიაში, - ასადის ხელისუფლება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლებში ძალიან დასუსტდა და თუ მას ახლა ადგილობრივი ქურთებიც შეუტევენ, ეს შესაძლოა, მისთვის უმძიმესი აღმოჩნდეს....

ვინ უჭერს მხარს "დიდი ქურთისტანის" იდეას?

რა თქმა უნდა, ეს იდეა დიდი სახელმწიფოების ჩარევის გარეშე ვერ მომწიფდებოდა და იდეად დარჩებოდა - ჯერ კიდევ "ცივი ომის" დროს, ქურთ პარტიზანებს საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები ნატოს წევრი თურქეთის ტერიტორიაზე თავიანთ საქმეს შესანიშნავად აკეთებინებდნენ. საბჭოთა ხელმძღვანელობა მათ "მეხუთე კოლონად" გამოყენებას აპირებდა.

მოგვიანებით, მათთან კავშირი ამერიკამ დაამყარა და მათი დახმარებით, სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხო, სულაც არ არის გამორიცხული, იგივე ბედი ელოდეს სირიის მმართველს ბაშარ ასადს, თუ "დიდი ქურთისტანის" ჩამოყალიბების ლიდერებს სხვა, უფრო დიადი ოცნებები არ აქვთ... სხვა საკითხია, როგორ და რის ფასად მორიგდებიან ერთმანეთში ისინი და მათი ძველი მხარდამჭერები, რადგან მათთვის "მწვანეს ანთებით", რუსეთსა და ამერიკას ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ სახელმწიფოსთან ძლივს აწყობილი ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბება... 

ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც "დიდი ქურთისტანის" შექმნა აწყობს, ისრაელია, რომელსაც ხელს აძლევს ირანის, სირიის, თურქეთისა და ერაყის დასუსტება, რადგან ამით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ლიდერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ისტორიული შანსი აქვს, თუმცა, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ და მხოლოდ ქურთების უფლებების დაცვას მოითხოვენ. მათი თქმით, - ქურთები თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნია. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ ერთიანი პოზიციის მონახვას ისრაელი და ქურთთა ლიდერი ბარზანი, ამას დრო გვიჩვენებს...

ერაყის ქურთისტანი 4 დიდი სახელმწიფოს მუქარის პირისპირ

რეფერენდუმის ჩატარებისთანავე, ერაყი, თურქეთი, ირანი და სირია ერბილს სამხედრო-ეკონომიკური სანქციებით დაემუქრნენ... ისინი მზად არიან "დიდი ქურთისტანის" ამბიციები იარაღის ძალით გაანეიტრალონ. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში, თურქეთსა და ერაყის ქურთისტანს შორის ტვირთბრუნვა 7 მილიარდი დოლარი იყო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაეპ ერდოღანი ერაყის ქურთისტანს მაინც ქირქუქი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გადაკეტვით ემექრება... ცნობისთვის, ამ მილსადენით ქურთისტანი ყოველდღიურად 500 000 ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს, რაც მათი ანკლავის საბიუჯეტო შემოსავლების 95%-ია.

2014 წლამდე, ქურთისტანი ცენტრალურ მთავრობისგან დღეში 250 000 ბარელი ნავთობის სანაცვლოდ, ერაყის ფედერალური ბიუჯეტის წლიური შემოსავლების 17%-ს, დაახლოებით 15 მილიარდ დოლარს იღებდა. შემდეგ ეს შეთანხმება დაირღვა, რამაც ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, რეფერენდუმიც დააჩქარა... შესაბამისად, რეფრენდუმის შემდეგ, ნავთობით მდიდარი ქირქუქის გარშემო დავა უფრო გამწვავდება... მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი "ისლამური სახელმწიფოსგან" სწორედ ერაყელმა ქურთებმა დაიცვეს, ახლა ერაყი მზად არის, თუ საჭირო გახდა ქირქუქი ქურთული გავლენისგან ირანის სამხედრო დახმარებითაც გაათავისუფლოს.

ასეთი მუქარის შემცველი განცხადებების მიუხედავად, ქურთული სამხედრო დაჯგუფება "პეშმერგას" გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ისინი "ქურთული ტერიტორიებიდან გასვლას არ აპირებენ". თავის მხრივ, მათ რუსეთისა და ამერიკის მიერ მიწოდებული თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა აქვთ, საუბარია, ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექსებსა და საარტილერიო სისტემებზე...

"კატალონია - შემდეგი დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში"

ამ სლოგანით უკვე წლებია კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში იმართება მასობრივი გამოსვლები. "კატალონიას სახელმწიფო სჭირდება, ამის იგნორირება შეუძლებელია", - განაცხადა კატალონიის რეგიონალური მთავრობის ლიდერმა არტურ მასმა 2014 წლის 11 სექტემბერს ბარსელონაში მშვიდობიანი მსვლელობის დროს.

ნაციონალიზმი კატალონიისთვის უცხო არ არის, ჯერ კიდევ 1920-30-იან წლებში, კატალონიური "ესკერას" ლიდერმა, მაისამ კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით, რესპუბლიკელ ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ, თავისი დამოკიდებულება შეცვალა და  კატალონიის ავტონომიას დასთანხმდა...

ამ მხრივ ვერაფერს გახდა დიქტატორი ფრანსიცკო ფრანკო, რომელმაც კატალონიურიც კი აკრძალა, თუმცა, მისი სიკვდილის შემდეგ, 1970-იანი წლებდან, როდესაც ესპანეთში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო, კატალონიური სეპარატიზმი "გამოაღვიძა"... 1977 წელს ბარსელონაში, მშვიდობიანი მსვლელობისას, მილიონზე მეტმა კატალონიელმა ავტონომია მოითხოვა, რაც ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ თვეზე ნაკლებ დროში დააკმაყოფილა, - 1978 წლის ესპანეთის კონსტიტუციამ კატალონიას, ბასკეთს და გალისიას ავტონომია მიანიჭა.

ბოლო წლებში კატალონიელების გააქტიურების ერთ-ერთი წინაპირობა, ეკონომიკური კრიზისიც არის, მიუხედავად იმისა, რომ კატალონია ესპანეთის უმდიდრესი რეგიონია და იქაურების ცხოვრების ხარისხი 18%-ით უკეთესია დანარჩენ ესპანეთზე, კრიზისი მათ მაინც შეეხოთ. შედეგად გაჩნდა კატალონიელი ნაციონალისტების ლოზუნგი "ესპანეთი ჩვენგან იპარავს"...

რეფერენდუმამდეც კი, მთელი კატალონია, კატალონიური დროშებით იყო მორთული, ქალაქებსა და სოფლებში კატალონიურად საუბრობენ, განსაკუთრებით, ბარსელონის მიღმა, ოფიციალური პირების გამოსვლა კატალონურ ენაზეა, სკოლებში კატალონურ ენას სწავლობენ, ტელევიზიებიც ამავე ენაზეა...

ასე რომ, ცოტა გაუგებარიც კი არის, რა უნდა სინამდვილეში კატალონიას, რომელსაც როგორც ირკვევა, რუსეთი უჭერს მხარს, რადგან ის თანამოაზრეებს ეძებს და აძლიერებს, - კატალონიის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების შემდეგ, ის ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს კი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს...

ახალი სეპარატისტული კერები და საფრთხე საქართველოსთვის

ისევ ქურთისტანს დავუბრუნდეთ, - იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მის რეფერენდუმს დაგმობენ, რაც უკვე მოხდა, ერაყის ქურთისტანს თავის დასამკვიდრებლად ერთადერთი გზა რჩება - ბრძოლა. საქართველოს ამ რეგიონს, არც ისე ბევრი, 600 კილომეტრი აშორებს და თუ აქტიური საბრძოლო მოქმედებები თურქეთსა და ირანშიც დაიწყო, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს ესაზღვრება, სავარაუდოდ, მთლიანად სამხრეთ კავკასიას, მათ შორის, საქართველოსაც დაურღვევს სიმშვიდეს...

რაც შეეხება კატალონიას, - მისი დამოუკიდებლობის აღიარებამდე ალბათ ძალიან შორია, თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს გავლენების გაძლიერებას და რაც მთავარია, ჩრდილოეთ კავკასიაში დროდადრო მომხდარი "აფეთქებების" ფონზეც კი მშვიდად არის, რადგან იქ ნებისმიერ ქმედებას, ექსტრემიზმის გამოხატულებად აფასებს და სისხლში ახშობს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე