"ყველამ თავისი ბინძური სახე გამოაჩინა, საგარეო უწყებაში სოსოს საკითხი არავის აღელვებს" - რაზე ალაპარაკდა სოსო ოსორაულის ძმა

"ყველამ თავისი ბინძური სახე გამოაჩინა, საგარეო უწყებაში სოსოს საკითხი არავის აღელვებს" - რაზე ალაპარაკდა სოსო ოსორაულის ძმა

თითქმის 8 თვე გავიდა, რაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი, თადარიგის პოლკოვნიკი იოსებ ოსორაული დაატყვევეს.

ცოცხალია თუ არა ქართველი პოლკოვნიკი, დადასტურებული პასუხი ისევ არ არსებობს, თუმცა, მის მდგომარეობაზე, ამ ხნის განმავლობაში, არაერთი ვერსია გავრცელდა. ოსარაულის ქართველი მეგობრები მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. ოჯახის წევრების ვერსიით კი ქართველი მფრინავი მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანეს.

საქართველოს კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და იგი ორი წლის განმავლობაში თავის საცხოვრებელ ადგილს არ დაუბრუნდა, სასამართლოს შეუძლია ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადოს.

ასევე, იმ შემთხვევაში თუ "პირი თავის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა და ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ მოიპოვება", ან თუ "პირი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ ვითარებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა ან სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება", - სასამართლოს შეუძლია ის გარდაცვლილად გამოაცხადოს.

მიუხედავად იმისა, რომ სოსო ოსორაულის შესახებ ოჯახს ამ დრომდე ახალი ინფორმაცია არ აქვს, ისინი მისი პოვნის იმედს არ კარგავენ. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა სოსო ოსორაულის ძმამ გიორგი ოსორაულმა, სადაც ის სხვადასხვა უწყებების გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს. პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდა მფრინავმა სამსახურიც კი დატოვა. გიორგი ოსორაულის მიმართვას უცვლელად ვთავაზობთ:

"მინდა მოგიყვეთ კონგოში დატყვევებული მფრინავი სოსო ოსორაულის შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დაღუპულად ეძებს ხუთი თვეა. მოგეხსენებათ, 27 იანვარს ორმა MI-24 ტიპის შვეულმფრენმა ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში ავარიული დაჯდომა განახორციელა. შვეულმფრენი, რომელსაც სოსო მართავდა, ავარიული დაჯდომის შემდეგ აღმოჩნდა კონგოს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი 23-მარტის მოძრაობის ამბოხებულთა ტყვეობაში, რომლებსაც გენერალი სულთან მაკენგა ხელმძღვანელობს.

ამ ფაქტის შესახებ 28 იანვარს კონგოში მყოფი ქართველებისგან შევიტვე - მითხრეს, რომ სოსო ცოცხალია და კონგოს მხარე აქტიურად ჩაერთო ამბოხებულებთან მოლაპარაკებებში. 15 თებერვალს დამიკავშირდა ვინმე ბერნარდი, რომელმაც სოსოს ტყვეობის ამსახველი ფოტო გადმომიგზავნა. მითხრა, რომ გენერალი მაკენგა სოსოს სანაცვლოდ, მილიონ დოლარს ითხოვდა... მე ვუთხარი, რომ ამ თანხას ჩემი ოჯახი ვერასდროს გადაიხდიდა. მან მირჩია გამეხსნა საქველმოქმედო ფონდი და ასევე მიმემართა საქართველოს მთავრობისთვის, რომ ფულის მოგროვებაში დამხმარებოდა.

რამდენიმედღიანი დიალოგის შემდეგ, ბერნარდის მეშვეობით სოსოსთან მიმოწერა მქონდა. მან ასევე მომაწოდა ორი ვიდეო მასალა, რომლიდანაც ერთ-ერთი ივნისის თვეში ქართულ მედია სივრცეში აღმოჩნდა. 22 თებერვალს უკრაინიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საქართველოს მთავრობა ამ საქმეზე დუმს და დახმარება შემომთავაზეს... 23 თებერვალს სამსახურში მისულს მითხრეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიყავი დაბარებული. საგარეოში მისვლისას მითხრეს, რომ პირველივე დღიდან იცოდნენ დატყვევებული მფრინავის შესახებ, მაგრამ კონგოდან ელოდებოდნენ ოფიციალურ დასტურს, იმყოფებოდა თუ არა საქართველოს მოქალაქე ტყვეობაში.

ეს დასტური წინა დღეს მიიღეს და მათი თქმით, მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოიჩინა კეთილი ნება, რომ სოსოს დახმარებოდა. დახმარებაზე უარი არ მითქვამს, რადგან კანონიერი ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცვას თავისი მოქალაქე!! უწყებას მივაწოდე ის მასალა, რაც მანამდე მქონდა მოპოვებული. მათ ასევე ცალსახად მითხრეს, რომ სახელმწიფო არ იყო ფულის გადამხდელი, მაგრამ სხვა ყველაფერს იღონებდნენ მის დასახსნელად... დაახლოებით ორ კვირაში საგარეოში მითხრეს, რომ ამბოხებულთა ლიდერებთან იყვნენ კავშირზე გასულები და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. შემდეგ ვიდეომასალა მაჩვენეს, რომელიც სოსოს ფიზიკურ მდგომარეობას ასახავდა.

აპრილის დასაწყისში საგარეოში მითხრეს, რომ უგანდაში ჯგუფი იყო გაგზავნილი, ამბოხებულთა ლიდერებთან შესახვერად. 24 აპრილს საგარეოში მისვლისას მაჩვენეს ვიდეო-მასალა, რომელიც 21 აპრილს იყო გადაღებული. მითხრეს, რომ ამბოხებულებთან მოლაპარაკება შედგა. მითხრეს, რომ ფულს არ ითხოვენ და ყოველგვარი საფასურის გარეშე გადასცემდნენ სოსოს წითელ ჯვარს, როგორც კი უსაფრთხო გარემო შეიქმნებოდა.

14 მაისს დამიბარეს საგარეოში და მითხრეს, რომ ამბოხებულთა პოლიტიკურმა ლიდერმა, ბერტრანდ ბისიმვამ მიაწოდა ინფორმაცია, სოსოს სავარუდო დაღუპვის შესახებ და მას მერე ამბოხებულებთან კავშირი გაწყდა...

24 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროზე და ბისიმვას ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ რამდენიმე წყაროზე დაყდნობით სოსო ოსორაული სავარაუდოდ, შეტაკების დროს დაიღუპა... საგარეოს ამ განცხადების შემდეგ დაკავშირება ვცადე გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რომლის დროსაც მოხდა სიკვდილმისჯილი ქალების მალაიზიიდან, ხოლო მეზღვაურების სომალელი მეკობრეებისგან გამოხსნა.

ჩემი აპოლიტიკური შეხვედრები მხარეებთან, ვისაც შეეძლო ჩემთვის რაიმე ერჩია, საგარეოს თურმე მუშაობაში ხელს უშლიდა. ბრალიც კი დამდეს, რომ ამით საქმე გავუფუჭე. ნათლად ჩანდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საქმეში ხელის დაბანა სურდა და სურს - არ არის კაცი, არ არის პრობლემა... ამ დროის განმავლობაში, ყოველგვარი ფაქტების გარეშე მიმტკიცებდნენ, რომ სოსო დაღუპულია და იციან სადაც არის დაკრძალული, მაგრამ იქ შესვლა შეუძლებელია"- წერს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის ძმა, გიორგი ოსორაული.

მისივე ინიციატივით, დაანონსდა სოსო ოსორაული მხარდამჭერი აქცია, რომელიც 7 ივლისს გაიმართა.  თუმცა როგორც თავად ამბობს, ვინაიდან ყოფილი სამხედრო მფრინავია, მსგავს შეკრება-აქციებში მონაწილეობის კანონიერი უფლება არ ჰქონდა. ასევე, როგორც გიორგი ოსორაული ამბობს, მის მიერ გაკეთებულ ვიდეო-მიმართვაზე მისი სამსახურის ხელმძღვანელობამ საყვედური მიიღო...

"როდესაც თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მოიპარეს მთელი სამთავრობო გუნდი ფეხზე დადგა, ამ ყველაფრის ფონზე გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, ნუთუ მას ომის მონაწილე მფრინავზე მეტი დამსახურება ჰქონდა? მინდოდა, მიმეწვდინა ხმა მთავრობისთვის, რადგან საგარეო არაფერს აკეთებდა...

ჩემი სარდლის მეშვეობით მოვითხოვე თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა, რადგან მინდოდა პირადად ამეხსნა მისთვის, თუ რატომ დავაანონსე 7 ივლისის აქცია. 5 ივლისს შევხვდი იზორიას, ჩემს სარდალთან ერთად და არსებული ვითარება ავუხსენი. ვუთხარი, რომ მინდა კონგოში ჩასვლა და კონგოელ გენერლებთან შეხვედრა, რომლებიც დღემდე ამტკიცებენ, რომ სოსო ცოცხალია.

ასევე ვუთხარი, რომ საჭირო იყო უგანდა, რუანდაში ჩასვლა, რადგან ამბოხებულებს ფარულად ეხმარებიან. ასევე, ავუხსენი საგარეოსთან დაძაბული ურთიერთობის მიზეზები. მან მითხრა, რომ ჩემს მიერ დაანონსებულ 7 ივლისის აქციაზე ბევრი ოპოზიციური პარტია აპირებდა მისვლას, რომლებიც ამ თემას წინასაარჩევნოდ გამოიყენებდნენ. მითხრა, რომ დამეხმარებოდა და ამ საკითხს უშიშროების საბჭოზე დააყენებდა.

რა თქმა უნდა, გავითვალისწინე მინისტრის დაპირება, ვენდე, რომ დამეხმარებოდა და შევპირდი, რომ ის აქცია აღარ ჩატარდებოდა... დაახლოებით ერთ კვირაში მითხრეს, რომ 12 აგვისტოსთვის ყველაფერი მზად იქნებოდა კონგოში წასასვლელად... 14 აგვისტომდე ხმას რომ არავინ იღებდა, დავინტერესდი, რა ხდებოდა წასვლასთან დაკავშირებით.

მინისტრის მოადგილე ქალბატონმა ლელა ჩიქოვანმა შემომითვალა - მინისტრი იზორია მივლინებაშია და უყურადღებობაში არ ჩამოგვართვაო. სექტემბრის პირველ რიცხვებამდე ვითხოვდი იზორიასთან შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს შემომითვალეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ინფორმაციას ფლობს და კონგოში ჩასვლის საჭიროებას ვერ ხედავდენ.

ამ ყველაფრის შემდეგ მართველ გუნდში აღარ დარჩა ადამიანი, ვისაც შეიძლებოდა ვენდო. 2 სექტემბერს დავწერე პატაკი მინისტრ იზორიას სახელზე, სამსახურიდან წასვლის თაობაზე და 15 სექტემბერს დამიკმაყოფილეს... 8 თვე ვმოქმედებდი, როგორც სამხედრო პირი და ამ ყველაფრის ფონზე, ვნანობ ჩემს ყველა ნაბიჯს, რაც მთავრობის წევრებთან და მთავრობასთან მაკავშირებდა.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში სოსოს საკითხი არავის აღელვებს და ალბათ ერთი წლის გასვლის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადებენ... რვა თვის განმავლობაში ბევრი იყო დაინტერესებული ამ საკითხით, საბედნიეროდ, ყველამ გამოაჩინა თავისი ბინძური სახე... აი, ეს არის რეალობა!", - წერს კონგროს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ტყვედ ჩავარდნილი ქართველის ძმა, გიორგი ოსორაული. 

შეგახსენებთ, სოსო ოსორაული ტყვედ 2017 წლის 27 იანვარს კდრ-ის  მოძრაობა "23 მარტის" ამბოხებულთა მებრძოლებს ჩაუვარდა ხელში. იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე,  ავარია მეორე MI-24-აც განიცადა, რომლიც პილოტიც ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი იყო, რომელმაც მაშინ ფიზიკური დაზიანებები მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ, ახლა თავს კარგად გრძნობს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე