რუსეთი - ვერაგი საფრთხე ახლო აღმოსავლეთისთვის

რუსეთი -  ვერაგი  საფრთხე ახლო აღმოსავლეთისთვის

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ექსპერტი ანა ბორჩევსკაია, "ამერიკის ხმასთან" საუბარში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რუსეთის გააქტიურებაზე საუბრობს.

რუსეთმა უკვე გამოხატა თავისი უარყოფითი პოზიცია პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების სერტიფიცირებაზე უართან დაკავშირებით. ოფიციალური მოსკოვის განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალენტინ რიბკოვმა გაახმოვანა, რომლის თქმითაც, რუსეთი ვერ მიხვდა, რატომ არ მოახდინა პრეზიდენტმა ტრამპმა სერტიფიცირება, მით უფრო, რომ ირანი ხელშეკრულებას პირნათლად ასრულებს.

ბორჩევსკაიას თქმით, თავად ხელშეკრულება რუსეთს ძალიან აწყობს, რადგან მის ფარგლებში, თეირანს სანქციები მოეხსნა, რაც რუსეთისთვის ძალზე მისაღები იყო, რადგან ირანთან ვაჭრობის გაზრდა სურდა. "შეთანხმებაზე მელანი გამშრალი არ იყო, რუსეთმა ვაჭრობის გაზრდა რომ დაიწყო"- აცხადებს ექსპერტი, რომლის თქმითაც, მოსკოვი საკუთარი დიპლომატიური ძალის გაზრდასაც ცდილობს.

კითხვაზე, თუ რა გახდა, პრეზიდენტმა ტრამპის მხრიდან შეთანხმების პირობების მორიგ სერტიფიცირებაზე უარის მიზეზი, ბორჩევსკაია პასუხობს, რომ ის უკვე დიდი ხანია ამ შეთანხმებას მკაცრად აკრიტიკებს. ბერკეტად გამოყენებას რაც შეეხება – "გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტი ამას შესაძლებლობად აფასებდეს იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შეთანხმების პირობების გამკაცრებისკენ უბიძგოს".

არადა, ამ ხელშეკრულების გაფორმება რუსეთისთვის უდავოდ შესაძლებლობა იყო. ექსპერტის თქმით, მოსკოვმა ირანს "S-300" ტიპის რაკეტები მალევე მიჰყიდა, რაც ირანისთვის სანქციების მოხსნამდე, წლების განმავლობაში გაყინული შეთანხმება იყო. ზოგადად, ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ძლიერდება არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ ეკონომიკაშიც, რა ძალიან ადვილი შესამჩნევია.

კითხვაზე, ცდილობს თუ არა რუსეთი ირანი, საუდის არაბეთი და თურქეთი ერთმანეთს დაუპირისპიროს, მით უფრო, როდესაც ახლახან მოსკოვმა თეირანს S-300  ტიპის რაკეტები მიჰყიდა, ხოლო საუდის არაბეთსა და თურქეთს S-400-ები, ბორჩევსკაიას პოზიცია ასეთია:

"ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთის მხრიდან შიიტი მუსლიმების მხარდაჭერის ტენდენცია გამოიკვეთა. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ზედაპირულად მაინც ქმნის ობიექტურობისა და ბალანსის შთაბეჭდილებას...

ეს რუსეთის სტანდარტული მოქმედებაა, რომელიც კრემლის სახელმძღვანელო პრინციპებს კარგად წარმოაჩენს. ერთის მხრივ, სუნიტებთან კეთილგანწყობის გამოჩენა პუტინს საშუალებას აძლევს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს, ზედმეტადაა შიიტების მხარეს".

მისივე თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის როლი რეგიონში თანდათან იზრდება. ეს მხოლოდ მოსკოვის დამსახურება არ არის, - რეგიონის ქვეყნებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ამერიკის პასიურობაა.

სექტემბრის ბოლოს პუტინი ანკარაში ერდოღანს ეწვია; შემდეგ კი, მოსკოვში საუდის არაბეთის მეფე ისტორიული, პირველი ვიზიტით ჩავიდა, წლის ბოლომდე პუტინი თეირანს ეწვევა. – "მათი მხრიდან ეს რუსეთის გავლენის აღიარება და იმის დემონსტრირებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეფეს ეს არ მოსწონდეს, პუტინთან დადებითი ურთიერთობა სამეფოს ინტერესებში შედის...

რუსეთის მხრიდან კი რამდენიმე რამ ხდება. კრემლი ნულოვანი ჯამის თამაშს თამაშობს - ანუ მათი აზრით, რუსეთი გამარჯვებული ვერ იქნება, თუ ამერიკა არ დამარცხდა. ცივი ომის დროიდან დღემდე, კრემლი ამერიკის მოკავშირეების საკუთარ მხარეზე გადაბირებას ცდილობს. სუნიტები ტრადიციულად დასავლეთის პარტნიორები არიან და ამიტომაცაა ასეთი საყურადღებო საუდის არაბეთის მოქმედება"- აცხადებს ბორჩევსკაია "ამერიკის ხმასთან" საუბარში.

ექსპერტის თქმით, სირიასთან დაკავშირებით, მათ უთანხმოება ბევრ საკითხში აქვთ, თუმცა ეს ძირითადად ტაქტიკური განსხვავებებია, მთლიანობაში, მოსკოვს და თეირანს ამერიკის წინააღმდეგ გაერთიანება და ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის როლის შესუსტება სურთ, რის გამოც, ისინი სავარაუდოდ, ერთმანეთთან ურთიერთობაში ბევრ რამეს დათმობენ. "ახლა საუბარია იმაზე, თუ ვინ მოიპოვებს გავლენას სირიაზე, "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შემდეგ".

ბორჩევსკაია არსებული ვითარების ფონზე, ერთადერთ გამოსავლად, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკის როლის გაზრდას მიიჩნევს, რაც რეგიონში ძალებს დააბალანსებს. "იქ სადაც ამერიკა არ აქტიურობს, რუსეთი ვაკუუმს ავსებს. ამიტომ შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად უნდა გააქტიურდეს," – ამბობს ექსპერტი.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მომზადებულია "ამერიკის ხმის" მიხედვით

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე