ISIS-ში ცხოვრების "კანონები" - რას ყვება მამაკაცი, რომელმაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან 5 თვე გაატარა

ISIS-ში ცხოვრების "კანონები" - რას ყვება მამაკაცი, რომელმაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან 5 თვე გაატარა

"ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ყოველდღიურად მცირდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათგან მომავალი საფრთხე არ არსებობს, - ტერორისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განაგრძობენ "საქმიანობას".

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი, სერგეი ხაზოვ-კასია "ისლამური სახელმწიფოდან" დაბრუნებული რუსეთის მოქალაქეების შესახებ წერს, რომლებიც სირიის ქალაქ რაქაში იმყოფებოდნენ. ის ხალიფატიდან ჩეჩნეთში დაბრუნებულ ქალებსა და ბავშვებზე ჰყვება.

46 წლის არტურ სალიხოვი დაღესტანის სოფელ კუმში ცხოვრობდა და ადგილობრივ სკოლაში, ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა. ორი ქალიშვილი ჰყავს. 2004 წელს ცოლმა სთხოვა, რომ ნამაზს წაიკითხავდა. "დავთანმხდი... თუმცა, შევცდი. მეუღლეზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა დამ, ზაგიდატმა, რომელიც დაღესტნელ ბოევიკზე იყო გათხოვილი. 2010 წელს, ორმხრივი სროლებისას დაიღუპა... ერთი გოგონა დარჩათ," - წერს არტური და იგონებს, რომ მეუღლის ზეწოლით მეჩეთში სიარული დაიწყო...

2014 წელს ზაგიდატი შვილთან ერთად სტამბოლში წავიდა... ცოტა ხანში რაზიატმა ქმარს სირიაში წასვლა შესთავაზა, რაზეც ის უარზე იყო... მაშინ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა სირიაში... "ვიჩხუბეთ. შემდეგ გავიგე, რომ გოგონებთან ერთად სტამბოლში წასულა. საზღვარზე ბავშვები ჩემი თანხმობის გარეშე გაატარეს" - ამბობს არტური.

მოგვიანებით ცოლმა შეატყობინა, რომ თურქეთში იყო და თუ შვილების წაყვანა სურდა, ჩასულიყო... ერთი-ერთი გოგონა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რუსეთში დაბრუნდა. 2015 წელს კი არტურ სალიხოვის ცოლი და ცოლისდა, შვილებთან ერთად სირიაში, ISIS-ის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ.

ზაგიდატს უკვე ახალი ქმარი ჰყავდა, - ასევე დაღესტნელი... არტურს ახლა უკვე იქიდან სწერდა ცოლი, შვილები წაიყვანეო... ერთ დღეს, ის მართლა ჩაფრინდა სტამბოლში, სადაც ახალი ქვისლის ნაცნობი დახვდა და მისი დახმარებით სირია-თურქეთის საზღვარი გადაკვეთა. მასთან ერთი ჩეჩნური ოჯახიც მგზავრობდა, მცირეწლოვანი ბავშვებით. თან ახალგაზრდა ჩეჩენი გოგონაც ახლდათ...

რამდენიმედღიანი მგზავრობის შემდეგ, ტერორისტების მიერ კონტროლირებად ქალაქ ჯერაბლუსში აღმოჩნდა. "კომისიამ" მკითხა, - რატომ ჩამოხვედიო, - მხოლოდ არაბულად საუბრობდნენ. მათი ენა არ მესმოდა და ვიღაც რუსულენოვანმა გვითარგმნა. ავუხსენი... პასპორტი და მობილური ჩამომართვეს. მობილური დამიბრუნეს, პასპორტი - არა", - იხსენებს სალიხოვი.

დაღესტნელი ასევე ჰყვება, რომ იქ მთელი ევროპიდან იყვნენ ახალგაზრდები ჩასული. ომს არავის აძალებდნენ, მაგრამ თუ არ იბრძოდი, ფულიც არ გქონდა... სამუშაო ადგილობრივებსაც არ ჰქონდათ. ძირითადად, ვაჭრობით ირჩენდნენ თავს... ჯარისკაცებს თვეში 100 დოლარს უხდიდნენ, სახიფათო წერტილებში, კონკრეტულად, ერაყში წასულებს - 150-ს. მეომრების ცოლებს საცხოვრებელი უფასოდ ჰქონდათ და კომპენსაციის სახით, 50 დოლარს, ბაშვებს კი, - 35-ს უხდიდნენ... მეომრები რეალობას რომ ნახულობდნენ, სირიის უფრო მშვიდობიან ადგილებში, ან ლიბანში გარბოდნენ.

შეტაკებებში მეომრები ძალიან ხშირად იღუპებოდნენ, რის შემდეგაც, საცხოვრებელი ბინები სხვა მეომრების ცოლებისთვის თავისუფლდებოდა, მაგრამ მეომრების ქვრივებს იქ დარჩენის უფლება სამი თვის განმავლობაში ჰქონდათ, ახალი ქმარი რომ ეპოვნათ...

"მათ ძალით არ ათხოვებდნენ, მაგრამ შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ - ახალი პატრონი უნდა ეპოვნათ..." - იხსენებს სალიხოვი. შემდეგ დაღესტნელი ქალაქ ტაბკაში, ცოლ-შვილთან გაემგზავრა... ეს ქალაქი თურქეთის საზღვრიდან 50 კმ-ში მდებარეობს და სტრატეგიულ ადგილად ითვლებოდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური სისხლისღმვრელი ბრძოლები გაიმართა...

"ჯერ ზაგიდატი ვნახე, შემდეგ კი ჩემი ცოლი და შვილები. ცოლს უკვე ახალი ქმარი ჰყავდა, მეომარი უზბეკი თუ ტაჯიკი... რაზიატს ვუთხარი, ბავშვები უნდა წავიყვანო-მეთქი. მოვიფიქრებო, - მითხრა... ცოლისდასთან ვერ დავრჩებოდი და იქვე მდებარე მეჩეთში დავრჩი... რადგან რაზიატი ბავშვების მოცემას არ ჩქარობდა, რაქაში, შარიათის სასამართლოს მივმართე, მათ ტაბკაში გადამამისამართეს... როდესაც სასამართლომ ბავშვები მე მომაკუთვნა, რაზიატი ატირდა, მანამდე უნდა გეტირა-მეთქი, ვუთხარი..." - წერს დაღესტნელი.

მისივე თქმით, წამოსვლას ჩქარობდა. ეშინოდა, შარი არ მოედოთ და არ დაესაჯათ. სასჯელი კი ყველაფრის გამო შეიძლებოდა მიეღო - თამბაქოს მოწევის, ალკოჰოლის მიღების, მიუღებელი ტანისამოსის ტარების ან ნამაზის მიმართ შეუფერებელი დამოკიდებულების გამო. ასეთ დანაშაულებზე, 30-40-ჯერ გაწკეპვლა იყო. მსუბუქი ქურდობისთვის ხელს ჭრიდნენ, უფრო მძიმე დანაშაულისთვის კი თავს. ან პირდაპირ ესროდნენ. თუმცა, "განაჩენის აღსრულებამდე", ქალაქის ცენტრში მდგარ გალიაში სვამდნენ... დასჯის პროცესს ხალხი უყურებდა...

"რამდენჯერმე შევესწარი ხელის მოჭრის, თავის მოკვეთისა და ორი მოჯაჰედის დახვრეტის ფაქტს... აღმოჩნდა, რომ რაზიატმაც დაარღვია შარიათის კანონი და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა, მისი გადარჩენა არ მიცდია..."- იხსენებს ის.

დაღესტნელის თქმით, სკოლა არ არსებობდა. შვილებს მშობლები ასწავლიდნენ, ძირითადად, არაბულ ენას... 12 წლის ბიჭები უკვე იარაღით დადიოდნენ, "ჯიჰადის" ჯარისკაცობისთვის რომ მოემზადებინათ. გოგონები ძირითადად სახლის საქმეებს სწავლობდნენ, - გათხოვების მოლოდინში.

"იქ 5 თვეზე მეტხანს მომიწია დარჩენამ, შემდეგ კი გაქცევა გადავწყვიტე, რადგან შვილები ყოველდღე მეკითხებოდნენ, როდის დავბრუნდებოდით სახლში. ISIS-ის პატრული ყველაფერს მკაცრად აკონტროლებდა და რისკი დიდი იყო..." - იგონებს არტური. ის ახალი ქვისლის, იასინის დახმარებით, ჯელაბრუსში გადავიდა. თურქეთის საზღვრისკენ ხილის ბაღებით იარეს და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, დაღესტანში 16 სექტემბერს ჩააღწიეს. ამ დროს, ISIS-ს პოზიციები უკვე განწირული იყო, ისევე როგორც თავად მათი "სახელმწიფო სისტემა".

"ჩამოსვლისთანავე ФСБ-ში დამიბარეს... ამავდროულად, მუდმივად მემუქრებიან სირიიდან, რომ შარიათის კანონით დავისჯები... ქმრის დაღუპვის შემდეგ, დაღესტანში დაბრუნდა ჩემი ყოფილი ცოლის დაც და მაშინვე დააკავეს. მისი შვილები მე ვიშვილე. ცოლის ამბავი არც მიკითხავს. მთავარია, შვილები ჩემთან არიან...", - ჰყვება დაღესტნელი.

მოამზადა ლალი პაპასკირმა, AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე