რატომ გარბიან კავკასიიდან?

რატომ გარბიან კავკასიიდან?

"რატომ გარბიან კავკასიიდან" - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული მედია სტატიას, სადაც კავკასიის ქვეყნებიდან მოსახლეობის მიგრაციაზე საუბრობს. მათ შორის არის საქართველოც... მათივე ცნობით, კავკასიის რეგიონი მსოფლიოში მოსახლეობის გადინების მხრივ ლიდერობს. გაეროს მონაცემების თანახმად, მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სიღარიბეა. ორგანიზაციის ცნობით, კავკასიას თავისი სპეციფიკა აქვს.

2016 წლის, გაეროს მონაცემების თანახმად, სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, ევროპასა და ამერიკაში, ემიგრაციაში წასული მოსახლეობის სურათი ასე გამოიყურება, - სომხეთი 26,3 %, საქართველო, 16%, აზერბაიჯანი - 13,7%... ბელორუსი, 17, 1%, მოლდოვა, 24,2%, უკრაინა, - 12,3%... საუბარია ახალგაზრდებზე, რომლებიც სწავლის შემდეგ, კარიერის გასაკეთებლად, სამუშაოდ და საცხოვრებლად ევროპის ქვეყნებში მიდიან...

რაც შეეხება რუსეთს, - თუ ამ მხრივ, მას ადრე საგანგაშო მდგომარეობა არ ჰქონდა, იქ მიგრაციის მაჩვენებელი 7,6 %-ს არ სცილდებოდა, ბოლო წლებში, 15-%ს გადააჭარბა. რუსული მედიის თქმით, ციფრებში გამოხატული რეალობა გაცილებით მძიმედ გამოიყურება, - მხოლოდ 2016 წელს, რუსეთი 11 მილიონზე მეტმა პირმა დატოვა.

კვლევების თანახმად, კავკასიასა და მის მეზობელ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მიგრაციის მიზეზად უმუშევრობა სახელდება; სამხრეთ კავკასიაში, უცხო ქვეყნებში საცხოვრებლად წასული მოქალაქეების რაოდენობით, აზერბაიჯანი ლიდერობს. სომხეთი, მოსახლეობის პროცენტული რაოდენობიდან გამომდინარე, უცხოეთში წასული ახალგაზრდების სიმრავლით, რეგიონში პირველ ადგილს არავის უთმობს; სომხური მედიის ინფორმაციით, - ეს ნიშნავს, რომ სომხეთიდან, როგორც მცირემოსახლიანი ქვეყნიდან "ტვინის გადინებას" მასშტაბური სახე აქვს...

"15 წლის ვიყავი, როდესაც სასწავლო პროგრამით ამერიკაში მომიწია წასვლა, მაშინ მივხვდი, რამხელა განსხვავება იყო ამერიკასა და ჩემს სამშობლოს შორის... მივხვდი, რომ სომხეთში ჩვემი მთავარი ფუნქცია შვილების გაჩენა იყო და მორჩა. მე კი განათლება, კარიერა და წარმატებული მომავალი მინდოდა. იქ კი მომავალი არ მქონდა. ეს იყო 2012 წელი და მას შემდეგ ვგეგმავდი ამერიკაში წასვლას, ავიხდინე კიდეც..." - ამბობს სომეხი ვიქტორია ალექსანიანი.

იგივეს ამბობს აზერბაიჯანელი ლეია ჰუსეინოვა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. მისი თქმით, - იმ ქვეყანაში იყო ახალგაზრდა, ნიშნავს, რომ მომავალი არ გაქვს...

აღმოსავლეთ ევროპიდან ფულადი გზავნილების მხრივ არსებული სურათი ასეთია, - მოლდოვა, 23,5%, სომხეთი, - 14, 1, საქართველო, - 10,4; უკრაინა, - 6,5; აზერბაიჯანი, - 2,4 %; ბელორუსი, 1, 3%; რუსეთი, 0, 5%;

ბევრად მძიმე მდგომარეობაა ჩრდილოეთ კავკასიაში, - კვლევებმა აჩვენა, რომ მათი ქვეყნიდან გაქცევის მთავარი მიზეზი, სიღარიბისა და უმუშევრობის გარდა, მუდმივი შიშისა და დაუცველობის განცდაა. ჩეჩნეთიდან ახალგაზრდების გადინებას რამდენიმე მიზეზი აქვს, თუმცა ყველაზე მწვავედ დგას, - პოლიტიკური ნიშნით დევნა-შევიწროება. კადიროვისა და მისი გარემოცვის მიერ ათვალწუნებული ჩეჩნები, ცდილობენ, ფარულად დატოვონ რესპუბლიკა და ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, ლტოლვილის სტატუსი მიიღონ.

2013 წლის მონაცემებით, რუსეთიდან, პოლონეთსა და გერმანიას ლტოლვილის სტატუსის მიღების თხოვნით, 28,3 ათასმა მოქალაქემ მიმართა, მათი 90% ჩეჩენი იყო.

ყველაზე დიდი ჯგუფი ჩეჩნეთიდან გერმანიაში მაშინ წავიდა, როდესაც გროზნოში ხელისუფლების სათავეში რამზან კადიროვი მოიყვანეს... თუმცა, ასეთივე ნაკადი შემდეგშიც განმეორდა, - გერმანიას იმ ადამიანების ოჯახები მიაწყდნენ, ვინც რუსეთის პოლიტიკური რეჟიმს ებრძოდნენ, მათ, როგორც "ბოევიკებს", დევნიდნენ და ზეწოლის შედეგად, "თავშესაფარი" სირიაში, ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში იპოვეს...

უფლებადამცველი სვეტლანა გენუშკინას თქმით, ასეთი გადინება ჩეჩნეთიდან საბჭოთა კავშირის შემდეგ არ ყოფილა... ზეწოლის გარდა, ჩეჩნეთიდან ევროპაში მიდიან ტუბერკულოზისა და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები. ასევე, მშობლები, რომელთა შვილებსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვთ. მათ იმედი აქვთ, რომ შვილებს უცხოეთში ბევრად მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.

რუსეთიდან მხოლოდ ჩეჩნები არ გარბიან, ამ მხრივ, ყარაჩაევო-ჩერქეზეთშიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, რადგან მათ ევროპაში შესვლა უჭირთ, გეზს თურქეთისკენ იღებენ, სადაც მუსლიმური ორგანიზაციების საშუალებით ცდილობენ შეღწევას და თავის დამკვიდრებას.

"ყველა ნაბიჯზე გვაკონტროლებდნენ. გვართმევდნენ რელიგიურ ლიტერატურას, გვაპატიმრებდნენ, გვდევნიდნენ... ერთ ადამიანზე რამდენიმე მუხლით იყო და არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული... დედაჩემი 2010 წელს მოკლეს, მის წინააღდეგაც სისხლის სამართლის საქმე იყო აძრული, არც წამიკითხავს საქმე, არც მაინტერესებდა, - აბსურდული მიზეზით მოკლეს დედაჩემი, მუხლს რა აზრი ჰქონდა..."- წერს ყარაჩაევო-ჩერქეზი ხამზათ ჩერნომორჩენკო, რომელიც 2013 წლიდან თურქეთში ცხოვრობს. მისივე თქმით, სისტემა, რომელიც ახლა რუსეთს მართავს, ადამიანებს მშვიდად ცხოვრების უფლებას არ აძლევს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე