ავღანეთში ოპიუმის წარმოებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - გაერო კატასტროფულ შედეგებს პროგნოზირებს

ავღანეთში ოპიუმის წარმოებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - გაერო კატასტროფულ შედეგებს პროგნოზირებს

გაეროს ინფორმაციით, ავღანეთში მიმდინარე წელს, გასულ წლებთან შედარებით 63%-ით გაიზარდა ოპიუმის წარმოება. ავღანეთში ოპიუმის წარმოების კვლევისას, რომლის შედეგებიც 15 ნოემბერს გამოაქვეყნეს, ავღანეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამინისტროს და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის უწყების მონაცემებით, წელს ოპიუმის წარმოებამ სარეკორდო მაჩვენებელს - 9 000 ტონას მიაღწია, რაც ავღანეთის ისტორიაში მაქსიმუმია.

გაეროს ცნობებით, ავღანეთი მსოფლიოში ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანის მხრივ პირველ ადგილზეა... ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ავღანეთში ამ არალეგალური ბიზნესიდან მილიონობით დოლარი შედის...

"ვესტი.რუ"-ს ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების კვალდაკვალ, ავღანეთში კატასტროფულად იმატა ნარკობიზნესმა. არსებული ინფორმაციით, 328 ათასი ჰექტარზეა ყაყაჩოს პლანტაციები გადაჭიმული, თუმცა, ეს მაჩვენებელი ზუსტი არ არის და სავარაუდოდ, რეალური მონაცემები გაცილებით მეტია. ავღანეთიდან ოპიუმის ექსპორტისა და რეალიზაციის მთავარი მიმართულება სირია და ერაყია...

გარდა ამისა, ახალი არ არის, რომ ავღანეთი მოზარდთა ნარკომანიისა და ნარკოდილერების კუთხით, პირველ ადგილზეა, - მარიხუანა იქ ჩვეულებრივ "მიღებული მოსაწევია" და ოჯახებში, მამაკაცების გარდა, ქალებიც თავისუფლად ეწევიან... ამერიკელი ჟურნალისტები მუდმივად ამზადებენ სტატიებსა და სიუჟეტებს იმაზე, თუ როგორ ყვავის ავღანეთში ნარკობიზნესი. ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, ბავშვები, ვინც ოპიუმის ყაყაჩოს აგროვებს, შემდეგ თავად ხდება ნარკობიზნესის მსხვერპლი, რადგან ამ სახიფათო საქმიანობას ისინი 6 წლის ასაკიდან იწყებენ, მოხმარებას კი უფრო ადრე...

უკვე ათეული წლებია, ავღანეთში უამრავი ოჯახი ყაყაჩოს მოვლა-მოყვანით არის დაკავებული, - ბავშვები სკოლაში არ დადიან, უფროსებს ეხმარებიან და ყოველდღიურად მოიხმარენ ოპიუმს... ხანდახან ისინი, სიცოცხლის რისკის ფასად, კონტრაბანდისტებისთვისაც მუშაობენ და ნარკოტიკებს ირანის, ან ავღანეთის სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართულებით ეზიდებიან. ავღანეთში 1 გრამი ჰეროინი 1 დოლარი ღირს...

გაეროს უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა, იური ფედოტოვმა კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, სრულებით შესაძლებელია, მსოფლიოში ნარკომანების რაოდენობა გაიზარდოს, რადგან ნარკობაზარზე მათი მიწოდება, "მოსავლის სიუხვის გამო", გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება და ის დანარჩენ მსოფლიოში დსთ-ს ქვეყნების გავლით მოხვდება, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.

"დროა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და ავღანეთმა, პრიორიტეტად კვლავ ნარკოტიკების კონტროლი დაისახონ და აღიარონ, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა ამ გლობალურ პრობლემაზე", - განაცხადა ფედოტოვმა.

რუსული მედიის თქმით, ავღანეთში ნატოს შეიარაღებული ძალების ფარგლებში, 13-დან 16 ათასამდე სამხედროა დისლოცირებული, თუმცა, ამ პრობლემის მოგვარებაზე არავინ ზრუნავს. არალეგალური ნარკობიზნესით ხეირობს ორივე მხარე, როგორც "თალიბების" დაჯგუფება, ასევე ავღანეთის ხელისუფლება.

ამ "ბრალდებაზე" თავისი პასუხი აქვს ნატოს, - მისი თქმით, ის ავღანეთის შიდა საქმეებში არ ერევა, მით უფრო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ მიმართულებით გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს.

გაეროს ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, თუ XIX საუკუნის შუა წლების ჩინეთს არ ჩავთვლით, ამ რაოდენობის ნარკოტიკი, რასაც 2009 წლის შემდეგ, თანამედროვე ავღანეთი აწარმოებს, მსოფლიოში არ ყოფილა... 2000 წელს "თალიბანმა" მთლიანად აკრძალა ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა, რამაც ავღანეთიდან სხვა ქვეყნებში ოპიუმის ექსპორტი მკვეთრად შეამცირა.

ავღანეთის ინსტიტუტის სტრატეგიული კვლევების საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელის, დაფარ სლანტას თქმით, სამხედრო და ტერორისტული აქტივობები გეოგრაფიულად ფართოვდება. ამ მხრივ, მეტად ხელსაყრელი ადგილია ირანსა და თურქისტანის მეზობლად მდებარე ქალაქი ჰერატი, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში საკმაოდ მშვიდობიან ადგილად მიიჩნეოდა, თუმცა, ნატოს ძალების აქტიური სამხედრო მოქმედებების ძალისხმევის მიუხედავად, "თალიბები" მას არ თმობენ, - ის ოპიუმის ექსპორტირებისთვის, სხვა ქვეყნებზე გასასვლელად, მშვენიერი ადგილია.

რამდენიმე თვის წინ, დასავლური მედია წერდა, რომ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჰერბერ მაკმასტერი ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერებს, ნარკოტიკების კონტრაბანდაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, - "ისინი მას გასამდიდრებლად იყენებდნენ და ხალხის მოწამვლაში მილიონობით დოლარს იღებდნენ..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე