"აღკვეთილი ტერაქტების სინდრომი" მსოფლიოში

"აღკვეთილი ტერაქტების სინდრომი" მსოფლიოში

საერთაშორისო სამხედრო ექსპერტები ნიუ-იორკში აღკვეთილ ტერაქტებზე მსჯელობენ, - ერთი ნაწილის თქმით, ეს იყო პასუხი ტრამპის განცხადებაზე იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა, სხვები მიიჩნევენ, რომ ISIS წლების წინ დაწყებულ მოქმედებას განაგრძობს... ასეა თუ ისე, ნიუ-იორკის პოლიციამ ტერაქტის აღკვეთა შეძლო, - აფეთქება მოხდა, თუმცა, მსხვერპლი არ არის, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორგანიზატორი, რომელიც იქვე მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნიუ-იორკის პოლიციის უფროსის, ჯეიმს ო ნილის განცხადებით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მაშინ დააკავეს, როდესაც ის მეტროში აპირებდა შესვლას... პოლიციის მაღალჩინოსნის თქმით, ის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირშია ეჭვმიტანილი და მისი საშუალებით, დანარჩენი გეგმების შესახებაც სულ მალე გახდება ცნობილი. ქალაქის მერის შეფასებით, ეს არის "ტერორისტული იერიშის მცდელობა..."

New York Post-ის ინფორმაციით, აფეთქება 27 წლის მამაკაცმა, აკეიდ ულამ მოაწყო, რომელიც ბრუკლინში ცხოვრობდა. ის ნიუ-იორკში, ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ლიცენზია უკვე დამთავრებული ჰქონდა, თუმცა, მაინც ამერიკაში ცხოვრობდა. ის ბანგლადეშიდან ამერიკაში, 7 წლის წინ F4 ვიზით შევიდა. ასეთ ვიზას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აძლევს მათ, ვისი და ან ძმა ამერიკის მოქალაქეა...

პოლიცია უკვე ესაუბრა ბრალდებულს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ მცირე ინფორმაცია გაავრცელა - ახალგაზრდა ემიგრანტის თქმით, მას "ისლამური სახელმწიფოს" წევრებთან კავშირი ინტერნეტით ჰქონდა. სირიისა და ერაყის საომარ ზონებში არასდროს ყოფილა, თუმცა, მათი ახლანდელი მდგომარეობისა და გეგმების შესახებ, საკმაოდ ბევრი იცის. დაკავებულმა ამერიკულ პოლიციასთან საუბარში დასძინა, რომ ასაფეთქებელ მოწყობილობას თავის ბინაში ამზადებდა. თანამოაზრეებთან ერთად, იქვე, თავის საცხოვრებელში აგროვებდა იარაღსა და სხვა საჭირო ნივთებს...

12 დეკემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ ერაყსა და სირიაში, ISIS-ის დამარცხება შეძლო. ამ განცხადებამ რუსეთი გააღიზიანა, რადგან პუტინი მიიჩნევს, რომ სწორედ მათი ჩარევა გახდა სირიის გათავისუფლებისთვის გადამწყვეტი...

"აღვკვეთილი ტერაქტის" სინდრომი, - ასე უწოდებენ საერთაშორისო ექსპერტები განცდას, რომელიც ამის შემდეგ საზოგადოებაში რჩება, - ისინი დიდი ხნის განმავლობაში, ყველასა და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. ეს მათზე საკმაოდ მძიმე კვალს ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედია არ მომხდარა...

9-დან 11 დეკემბრამდე, ტერაქტები აღკვეთეს რუსეთშიც - ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მათ მოსკოვში, მოსკოვთან ახლოს და სტავროპოლში, სამი დღის განმავლობაში, რამდენიმე ათეული ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის არიან, რუსეთის ის მოქალაქეები, ვინც ISIS-ს რიგებში იყვნენ და სირიასა და ერაყში იბრძოდნენ...

საერთოდაც, ФСБ-ს ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბორტნიკოვის ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ტერორიზმისა და "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით, სულ დაკავებულია 1058 პირი.

"ეს ყველაფერი არ არის, ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი ინფორმაცია მათ ლიდერებზე... ასევე, ვაპირებთ გავაკეთოთ სამისამართო პროფილაქტიკა, რომლითაც ტერორიზმთან დაკავშირებული პირების გამოვლენის ახალი ტალღა დაიწყება... ამავდროულად, უნდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციაში შემოსვლის უფლება არ მივეცით 17 ათას უცხოელს, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში იყვნენ ეჭვმიტანილი", - აცხადებს ბორტნიკოვი.

მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში ტერაქტი აღკვეთეს, მის მიზეზებზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა, - ერთ-ერთის თანახმად, - ამერიკის პოლიციამ შეძლო თანმიმდევრული, საფუძვლიანი და პანიკის გარეშე, ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული ოპერაციის ჩატარება უმოკლეს ვადაში, რაც მათი მაღალი პროფესიონალიზმის, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებისა და ასევე მაღალი დონის ინფრასტრუქტურის დამსახურებაა.

მეორე ვერსიით, - სირიასა და ერაყში დამარცხებული "ისლამური სახელმწიფოს წევრები" ჯერჯერობით დაქსაქსული არიან; მათ ძლიერი, "მაღალპროფესიონალი" კადრებიც შემოელიათ, ან სხვა სტრატეგიაზე არიან გადართული; ამიტომაც, ძალების მოკრებამდე, შედარებით დილეტანტების "დავერბოვკება" და "დასაქმება" უწევთ... უსაფრთხოების ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ არც ერთი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური არ უნდა მოდუნდეს, თორემ ტერორისტებიც ისევე სწავლობენ მათ ყოველ ნაბიჯს, როგორც სპეცსამსახურები ცდილობენ მოწინააღმდეგის გეგმების გაშიფვრასა და ამოცნობას...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე