რატომ გამოიყვანა რუსეთმა ჯარები სირიიდან - რუსული სამხედრო მისიის მიღწევა და დანაკარგი

რატომ გამოიყვანა რუსეთმა ჯარები სირიიდან - რუსული სამხედრო მისიის მიღწევა და დანაკარგი

ყველასთვის მოულოდნელად 2017 წლის 11 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი სირიაში ჩაფრინდა და ჰეიმიმის საავიაციო ბაზაზე ყოფნისას, სირიიდან რუსული სამხედრო კონტიგენტის გამოყვანის განკარგულება გასცა. პუტინის განმარტებით, პრაქტიკულად ტერიტორიების გარეშე დარჩენილმა "ისლამურმა სახელმწიფომ" წინააღმდეგობა თითქმის შეწყვიტა, ამბოხებულები კი პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებას აღარ ემუქრებიან. გარკვეულწილად აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო.

სირიიდან ჯარების გამოყვანას რუსები ადრეც ცდილობდნენ. პირველი მცდელობა 2016 წლის 14 მარტს ჰქონდათ. მაშინ გაკეთებული ხმამაღალი განცხადების თანახმად, სირიაში რუსეთის არმიამ შეასრულა მის წინაშე დასახული ამოცანები. თუმცა მოსკოვი შეინარჩუნებდა ჰეიმიმის საავიაციო ბაზას და ტარტუსში მდებარე სამხედრო პორტს. მცდელობა N2 - გასული წლის 29 დეკემბრით თარიღდება. შინაარსობრივად განცხადებები წინასგან თითქმის არ განსხვავდებოდა. თუმცა ამჯერად ჯარების გამოყვანას რეალური სახე მიეცა. მოსკოვმა ჰეიმიმის ავიაბაზაზე გადასროლილი სამხედრო საფრენი აპარატების ნაწილი შინ დააბრუნა.

"11 დეკემბერს გაცემული ბრძანების საფუძველზე სირიას 23 სამხედრო თვითმფრინავი და 2 დამრტყმელი შვეულმფრენი, სამხედრო პოლიციის და სპეცდანიშნულების დანაყოფები, სამხედრო-საველე ჰოსპიტალი და გამნაღმველთა ჯგუფი დატოვებს", - განაცხადა სირიაში რუსული სამხედრო დაჯგუფების სარდალმა სერგეი სუვორკინმა. ამასთან, როგორც ირკვევა, საუბარი კვლავინდებურად მხოლოდ შემცირებაზეა. ჰეიმიმის ავიაბაზაზე შეზღუდული რაოდენობით დარჩება სამხედრო ავიაცია, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები და საინჟინრო ჯარები.

მოსკოვის განმარტებით, მათ სირიაში ამოცანა სრულად შეასრულეს. გარკვეულწილად ეს მართალია. 2015 წლის 30 სექტემბრიდან მოყოლებული "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებს რუსული ავიაცია აქტიურად ბომბავდა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ ერაყსა და სირიაში კონტროლირებადი ტერიტორიები მინიმუმამდე შემცირდა.

სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯების დემონსტრაციასთან ერთად სირიული კამპანია რუსული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღებისთვის არც ისე ურიგო რეკლამა გახდა. რეალური საბრძოლო პირობები გამოცდის საუკეთესო საშუალებაა. მოსკოვმაც "შესანიშნავი" შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა - სირიაში საბრძოლო ნათლობა 10-ზე მეტმა სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავმა და შვეულმფრენმა მიიღო. მათ შორის სტატეგიულმა ბომბდამშენებმაც.

XXI საუკუნეში ნებისმიერი სამხედრო კამპანია ძვირადღირებული სიამოვნებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2000 კმ-ის მოშორებით მყოფი ჯარების მომარაგება ზღვიდან და ჰაერიდან გიწევს. დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით განპირობებული ეკონომიური მდგომარეობის ფონზე, სირიული კამპანია კრემლის ჯიბეს მძიმე ტვირთად დააწვა.

მოსკოვში კარგად ესმით, რომ სირიაში არსებული ჩიხური ვითარება 1 და 2 წელიწადში არ დალაგდება. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში სამხედრო კონტიგენტის შენარჩუნება, უზარმაზარი ფინანსურ-მატერიალური ხარჯის გარდა, არაფერს მოიტანდა. დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამიტომაც უფრო ღრმად ჩაფლობას მოსკოვმა სირიის დატოვება "მოწოდების სიმაღლეზე" ყოფნის მომენტში ამჯობინა. კრემლში კარგად ახსოვთ 1989 წელი და ავღანეთიდან დამარცხებული ჯარის გამოყვანის სამარცხვინო პროცესი.

ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის 30 სექტემბრიდან მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე რუსებმა სირიაში 39 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. მათგან 10 მფრინავი, 12 ჯარისკაცი, 3 საზღვაო ქვეითი, 12 სამხედრო მრჩეველი და სპეციალური ძალების 2 ოფიცერი. საავიაციო დანაკარგებმა 5 საბრძოლო შვეულმფრენი და 1 თვითმფრინავი შეადგინა (თურქების მიერ ჩამოგდებული Су-24М-ი). კიდევ ორი გამანადგურებელი, ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდ კრეისერის "ადმირალი კუზნეცოვი" ყოფნისას რუსეთის ფლოტმა დაკარგა.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" "დამარცხებამ" სირიას მშვიდობა მოუტანოს. თითქმის 6 წლის განმავლობაში ომის ქარცეცხლში გახვეული სირია, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებათა შორის ღია თუ მალული დაპირისპირების ქვაკუთხედად იქცა. უდიდესი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ქვეყანა მეტისმეტად ბევრი ქვეყნის ინტერესთა გავლენის ქვეშ მოექცა.

სავარაუდოდ, ამბოხებულები - სირიის თავისუფალი არმიის სახით გააგრძელებენ ბრძოლას ასადის რეჟიმთან. გარუკვეველი რჩება მდგომარეობა სირიელ ქურთებთან მიმართებაში. გადაულახავ დაბრკოლებად რჩება თურქეთის პოზიციაც, რომელსაც სირიის ჩრდილო ნაწილი აქვს ოკუპირებული. თავის მხრივ, ქურთები უარს ამბობენ დამასკოსთვის სრულ დამორჩილებაზე და ავტონომიას ითხოვენ რაც ანკარისთვის სრულად მიუღებელია - თანხმობის შემთხვევაში საკუთარ ქურთ მოსახლეობასთან სერიოზული პრობლემები შეექმნება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე