სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენი" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობაში გადადის. ამ საკითხზე 1 ივლისს, 13.00 საათზე, თავდაცვის უწყებაში ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
დაგეგმილი პრესკონფერენციისა და მისი თემის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ 30 ივნისს საღამოს გაავრცელა. მანამდე კი "ინტერპრესნიუსი" იუწყებოდა, რომ "თბილავიამშენის" დირექტორი პანტიკო თორდია თანამდებობას ტოვებს და მის ნაცვლად თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაშაკიძე ინიშნება.
"თბილავიამშენში" დაგეგმილი ცვლილებების შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღნიშნულ საწარმოში 29 ივნისს დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ 30 ივნისს დაგეგმილი იყო სპეციალური თათბირი, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. სწორედ 30 ივნისს, საღამოს თავდაცვის სამინისტრომ "თბილავიამშენის" მის მმართველობაში გადასვლის შესახებ ანონსი გაავრცელა.