ყველაზე ძვირფასი მისთვის სამშობლო იყო. გაერთიანებულ, ძლიერ საქართველოზე ოცნებობდა. აგვისტოს ომის დროს, როდესაც სამხედრო მაღალჩინოსნების ნაწილი თბილისისკენ გარბოდა, ლევან ანანიძე ზემო ნიქოზში წინა ხაზზე იბრძოდა. როგორც მისი თანამებრძოლები, "ბრაუს" ასეულის ჯარისკაცები ამბობენ, - ომის დროს თავს არ იზოგავდა; მიუხედავად იმისა, რომ ნაღმის ნამსხვრევებით მარჯვენა ფეხში მძიმედ დაიჭრა და სისხლისგან იცლებოდა, ბრძოლის ველს არ ტოვებდაო.
თანამებრძოლებმა წინა ხაზიდან მისი ძალით გამოყვანა კი მოახერხეს, მაგრამ სანიტარიულ მანქანაში მანამდე ვერ ჩასვეს, ვიდრე თავისი იარაღი სამხედრო პოლიციას პირადად არ ჩააბარა. ამ ყველაფრის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრომ 20 წლის მეომარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისას მიღებული ჭრილობების შედეგად დაღუპულად არ ცნო, შესაბამისად, მის ოჯახს არც კომპენსაციის თანხა გადაუხადა. დღეს ლევანის მშობლები და არასრულწლოვანი და უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან და იმასაც ვერ ახერხებენ, რომ სამართლიანობის აღსადგენად, ადვოკატი დაიქირაონ.
ლევან ანანიძის საკითხში გარკვევას ჩვენ ჯერ კიდევ შარშან შევეცადეთ და "გზის" ფურცლებზე დაღუპული ჯარისკაცის მამასთან ინტერვიუც გამოვაქვეყნეთ. როგორც მაშინ გავარკვიე, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა იმ საბაბით მოიხსნა, რომ ლევანი სამკურნალო შვებულებაში ყოფნის დროს, ზღვაში ბანაობისას დაიღუპა და არა ბრძოლის ველზე, იარაღით ხელში.
გენერალურმა პროკურატურამ გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღძრა. როდესაც დაღუპულის მშობლებმა პროკურატურიდან მიღებული ესპერტიზის დასკვნაში ლევანის სიკვდილის მიზეზად "თვითმკვლელობა" ამოიკითხეს, გვამის ექსჰუმაცია მოითხოვეს, მაგრამ იმ მიზეზით, რომ გვამი უკვე გახრწნილი იყო, სამედიცინო ექსპერტიზამ სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებლად მიიჩნია. როდესაც ანანიძეებს შარშან ზაფხულში შინ ვეწვიე, ლევანის მამამ, ბატონმა ოთარ ანანიძემ შვილის გარდაცვალების შესახებ ასეთი რამ მიამბო: "ლევანი აგვისტოს ომის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
"კომანდოს" ბატალიონში მსახურობდა, "ბრაუს" ასეულის ჯარისკაცი, ერთ-ერთი საუკეთესო მეომარი, ყუმბარმტყორცნელი იყო. არანორმალურ პირობებში ვარჯიშობდა: ჭაობში ყვინთავდა, თან 20-კილოიან ბლოკებს დაათრევდა... თავიდან, სენაკის მეორე ქვეით ბატალიონში მსახურობდა, მათ ასეულს "მგლებს" ეძახდნენ, "ბრაუს" ასეულად მოგვიანებით გადააკეთეს. ამ ბიჭების ბრძოლისუნარიანობით ამერიკელი ინსტრუქტორები გაოცებულები იყვნენ, - რა მალე და რა კარგად ითვისებენ ყველაფერსო!.. ერთხელ, ნორმატივების ჩაბარების შემდეგ, დაღლილებს, წყალში "ხორუმი" უცეკვიათ. სულ გადარეულან ამერიკელები, კითხულობდნენ თურმე, რა ჯიშის ხალხიაო? აგვისტოს ომის დროს ჩემი ბიჭი წინა ხაზზე იბრძოდა.
9 აგვისტოს, დილის 11 საათზე მძიმედ დაიჭრა - არტერიაში ჭურვის 3 ნამსხვრევი ჰქონდა მოხვედრილი. #5 საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში მოათავსეს. ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო პროცედურები კი ჩაუტარეს, მაგრამ ოპერაცია არ გაუკეთეს. თქვეს, რომ იმ მომენტში ეს სახიფათო იქნებოდა და სახლში გამოუშვეს. როგორც შემდეგ, ნაცნობმა ექიმებმა მითხრეს, ლევანს ისეთი ჭრილობები ჰქონია, რომ მისი მოძრაობა არ შეიძლებოდა და ინვალიდის ეტლით უნდა ეტარებინათ.
გარდა ამისა, კლინიკის მიერ გაცემულ "ფორმა ასშიც" ეწერა, რომ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა ესაჭიროებოდა. ის კი მატარებლით შინ მარტო გამოუშვეს. ჩამოვიდა თუ არა ქობულეთში, მაშინვე ადგილობრივ კლინიკაში მივიყვანე. იქ პირდაპირ მითხრეს: ჩვენ 50 წლის წინ შეძენილი აპარატურა გვაქვს, თუ ეს ნამსხვრევები თბილისში ვერ ამოუღეს, ვერც ჩვენ გავრისკავთო. მიუხედავად იმისა, რომ გაუსაძლისი ტკივილი აწუხებდა, ყოველ დილით 6 საათზე დგებოდა და პლაჟზე ვარჯიშობდა, უნდოდა, ისევ ჯარში დაბრუნებულიყო. სამშობლოსთვის ბრძოლა მისთვის ყველაზე საპატიო საქმე იყო. ერთხელაც, ბიძაშვილებთან ერთად, პლაჟზე გავიდა.
დაახლოებით კოჭებამდე წყალში იყო შესული, როცა გული გაუსკდა. 3 კაცი მაშინვე ჩახტა წყალში, მაგრამ ვეღარ იპოვეს - ტალღამ ჩაითრია. თვითმხილველებმა დაინახეს, რომ ბავშვს პირიდან და ყურებიდან სისხლი წამოუვიდა. ყველა ექიმმა იცის, რომ ასეთი რამ ადამიანს მაშინ ემართება, როდესაც გული უსკდება. ბავშვი, სანამ ომში დაიჭრებოდა, სრულიად ჯანმრთელი იყო. გული იმიტომ გაუსკდა, რომ ნამსხვრევმა სისხლძარღვი გადაკეტა და თრომბი განვითარდა. ლევანი მყვინთავებმა მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს. ერთი წვეთი წყალი არ ჰქონდა ჩაყლაპული. როდესაც ადამიანს გული უსკდება, ზღვა მაშინვე ძირავს.
ახლა ვნანობ, რომ ექსპერტიზა მაშინვე არ ჩავატარებინე. ბავშვის სხეულის "გაწამებას" მოვერიდე... რას წარმოვიდგენდი, თვითმკვლელობას რომ დააბრალებდნენ?! ვაჟკაცი, მებრძოლი ბიჭი იყო, მისთვის ორმაგი სიკვდილის ტოლფასია თვითმკვლელობის დაბრალება. მორწმუნეც იყო. ჯარში ყოფნის დროსაც მარხულობდა. აჭარაში რაც კი წმინდა სალოცავია, თითქმის ყველა მოილოცა. გარდა ამისა, თუ თავის მოკვლა ჰქონდა განზრახული, ისე თავგამოდებით რატომ ივარჯიშებდა?.. ამბობდა, ნორმატივებს ყოველთვის კარგად ვაბარებდი და არც ახლა მინდა, თავი შევირცხვინოო... ერთი პერიოდი იმაშიც მარწმუნებდნენ, შეიძლება, ნასვამი იყო, ემოცია მოეძალა და თავის მოკვლა იმიტომ გადაწყვიტაო.
მეზობლები და ნათესავები დამემოწმებიან, რომ ლევანი საერთოდ არ სვამდა. წვეულებაზე ერთ ჭიქასაც კი არ დალევდა, - ჩემთვის არ შეიძლება, "დიხანიას დამიგდებსო"... სასმელს კი არა, ყავას არ სვამდა, მზესუმზირას არ ჭამდა და სიგარეტს არ ეწეოდა. თავისი საქმის ფანატიკოსი იყო... ძალიან მინდოდა, ჩემი შვილისთვის თვითმკვლელის ლაქა ჩამომერეცხა და ქვეყნის ხელისუფლებას, სხვა გმირ მებრძოლებთან ერთად, ისიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულად ეღიარებინა. ამიტომაც მოვითხოვე ექსჰუმაცია. 26 დღის გარდაცვლილი იყო, როდესაც ექსპერტიზა ჩაუტარეს და მითხრეს, - გვამი უკვე გახრწნილია და სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელიაო.
გარდაცვალების მოწმობაში ასეც ჩაწერეს: "სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია"... ბაგრატის ტაძარში საუკუნეების წინ დამარხული ქალის ნეშტი იპოვეს და იმას არკვევენ, სიკვდილის წინ რა ჰქონდა ნაჭამი და ნუთუ იმის დადგენა გახდა შეუძლებელი, ჩემი შვილი 26 დღის წინ რა მიზეზით დაიღუპა?! ეს ხომ სამარცხვინოა! რატომ უნდათ, რომ ჩემი მებრძოლი შვილი თვითმკვლელად გამოაცხადონ?!"
ბატონი ოთარი იმდენად გულმოკლული, შეურაცხყოფილი და გაბრაზებული მომეჩვენა, ვიფიქრე, ქვეყნისთვის ბრძოლას უმადურ საქმედ მიიჩნევს-მეთქი, მაგრამ როდესაც ვკითხე, - ნანობდა თუ არა, რომ შვილს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის უფლება მისცა, ასეთი პასუხი გამცა: "ეს არც ერთი წუთით არ მინანია. საქართველოსთვის ისევ ქართველებმა უნდა ვიბრძოლოთ, სხვა ჯურის ხალხი ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად არ მოვა.
ხერხეულიძეების დედამ 9 შვილი შესწირა სამშობლოს და მერე თავად აიღო ხელში დროშა! მაზნიაშვილსა და მის ბიჭებს რომ არ ეომათ, ვინ იცის, აჭარლებს ახლა ვისი უღელი გვედგმებოდა ქედზე?!. სხვები არ ვიცი, როგორ ფიქრობენ, მე კი იმ გმირი ქართველების შთამომავალი ვარ, რომლებისთვისაც სამშობლოსთვის ბრძოლა და სიკვდილი პატივი იყო. როდესაც ბატონმა გივი თარგამაძემ ტელევიზიით განაცხადა, - ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლებს შეუძლიათ, შეიარაღებულ ძალებში იმსახურონო, - მაშინვე საბუთები მოვაგროვე და კომისარიატში გამოვცხადდი. სამედიცინო შემოწმება გორის ჰოსპიტალში გავიარე.
ყველაფერი წესრიგში მქონდა, მხოლოდ არტერიული წნევა აღმომაჩნდა მაღალი და ამის გამო უარით გამომისტუმრეს. 45 წლის შვილმკვდარ მამას არტერიული წნევა რომ აწუხებდეს, გასაკვირია?! განა ასეთს რას ვითხოვ?.. ჩემს შვილს რაც აუხდენელ ოცნებად დარჩა, იმის ხორცშესხმა მინდა: მომცენ საშუალება, რომ მეც ვიდგე საქართველოს სადარაჯოზე. ჩემი შვილი გაერთიანებულ, ძლიერ საქართველოზე ოცნებობდა, ამ ოცნების ახდენისთვის ბრძოლა მინდა. ჩემთვის ასეთი საქმისთვის სიკვდილი ნუგეშიც კია..."
შარშან, ჟურნალ "გზაში" ამ საუბრის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში ბატონმა ოთარმა გახარებულმა დამირეკა და მითხრა, რომ თავდაცვის სისტემაში სამსახური შესთავაზეს. ერთი წლის განმავლობაში მის შესახებ აღარაფერი მსმენია. ახლახან კი ისევ დამიკავშირდა და მთხოვა, რომ იმ უსამართლობის შესახებ დამეწერა, რაც მის მიმართ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოიჩინეს...
- ბატონო ოთარ, "თავდაცვასთან" ამჯერად რა პრეტენზიები გაქვთ?
- თქვენს ჟურნალში წერილი რომ გამოქვეყნდა, "თავდაცვიდან" მალევე დამირეკეს. რამდენჯერმე დამიბარეს, წინ და უკან მატარეს და მერე ისევ გორში სამედიცინო შემოწმებაზე გამიშვეს. შარშანდელი გამოცდილება გავითვალისწინე და ვიდრე სამხედრო ექიმთან შევიდოდი, აფთიაქში ფარმაცევტს ვთხოვე, ჩემთვის წნევა გაესინჯა. ყველაფერი რიგზე მქონდა - წნევა 140/95-ზე იყო. იქიდან სულ რაღაც 5 წუთში უკვე სამხედრო ჰოსპიტალში ვიყავი.
იქ ისევ ის ექიმი დამხვდა, ვისი წყალობითაც შარშან "დამბრაკეს", თანაც, ზუსტად ის სიტყვები გაიმეორა, რაც შარშან მითხრა, - თქვენი წნევა 180/120-ია, ეს კი ძალიან მაღალიაო. მაშინვე გავიქეცი უკან და ისევ აფთიაქში შევვარდი. გაგიკვირდებათ და, წნევა ისევ 140/95-ზე მქონდა. ბევრი დავის მიუხედავად, საბუთში ჩამიწერეს, - შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისთვისო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯარში წასვლა მხოლოდ ომის დაწყების შეთხვევაში შემიძლია.
ომი თუ დაიწყო, ზოგიერთივით არ დავიმალები, აუცილებლად ავიღებ ხელში იარაღს ჩემი ქვეყნის დასაცავად, მაგრამ ხომ შეიძლება, ახლაც მომეცეს ჯარში სამსახურის საშუალება?! თან, ჩემი შვილის საქმეს გავაგრძელებდი და თან, ოჯახში ცოტაოდენ ფულს შევიტანდი. შინ ავადმყოფი მეუღლე და არასრულწლოვანი გოგონა მყავს, ლევანის საფლავიც მისახედია... არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. ქობულეთში, კოოპერატიულ ბინაში ვცხოვრობთ, ზღვის სეზონზეც კი არ გვაქვს რაიმე შემოსავალი, მთლიანად სოციალურ დახმარებაზე ვართ დამოკიდებულნი. ლევანი იყო ჩვენი ოჯახის მარჩენალი. განვადებით ტელევიზორი და რაღაცები გამოიტანა. მისი სიკვდილის შემდეგ პროცენტიც კი ვეღარ გადავიხადეთ.
- თქვენი შვილი, როგორც სამხედრო მოსამსახურე, დაზღვეული არ იყო?
- კი როგორ არა, "აი-სი ჯგუფში" იყო დაზღვეული. იმედი მქონდა, რომ დაზღვევის თანხით ლევანის საფლავს მაინც გავაკეთებდი, მაგრამ კომპანიის წარმომადგენელმა, ქეთევან ცუცქირიძემ გვითხრა, - იმ შემთხვევაში გადავიხდიდით დაზღვევის თანხას, თქვენი შვილი უბედური შემთხვევის მსხვერპლი რომ გამხდარიყოო. ვკითხე, - ზღვაში დახრჩობა უბედური შეთხვევა არ არის-მეთქი? იმან კი მიპასუხა, - თქვენმა შვილმა განგებ ჩაიგდო თავი განსაცდელში, ის ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ცივ წყალში ფეხი საერთოდ არ უნდა ჩაეყოო.
საიდან უნდა სცოდნოდა ჩემს შვილს, შეიძლებოდა თუ არა ცივ წყალში ფეხის ჩაყოფა?!. ლევანისთვის თურმე ინვალიდის ეტლის გარეშე გადაადგილებაც არ შეიძლებოდა, მაგრამ მატარებლით გამოუშვეს საავადმყოფოდან, იმის შესახებაც კი არ გააფრთხილეს, რომ ვარჯიშს მორიდებოდა. ვიცოდით, რა შეიძლებოდა და რა არა?! საერთოდ, მოგვაქცია ვინმემ ყურადღება?!. ამ ყველაფერში მხოლოდ ლევანის სიკვდილის შემდეგ გავერკვიე. ისე ვიყავი გამწარებული, გადავწყვიტე, ის ექიმი მომეძებნა, ვინც ჩემი შვილი ინვალიდის ეტლის გარეშე გამოუშვა საავადმყოფოდან.
მისი სახელი და გვარი გავიგე (პაატა თედელური ყოფილა), მაგრამ სავაადმყოფოში რომ მივედი და მოვიკითხე, მასხრად ამიგდეს, - მაგასთან რა გინდა, ეგ "ლიფტიორიაო"... უკვე დავიღალე იმის მტკიცებით, რომ ლევანს თავი არ მოუკლავს. როდის იყო, თვითმკვლელს მღვდელი წესს უგებდა?! ერკეთის დედათა მონასტერსა და წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესიაში ჩემი შვილის პარაკლისს დღესაც იხდიან. უწმინდესი და უნეტარესი, ლევანის სულს თავის ლოცვებში მოიხსენიებს...
- თუ გარდაცვალების მოწმობაში წერია, რომ სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია, სადაზღვეო კომპანია ან თუნდაც "თავდაცვა" რის საფუძველზე ამტკიცებს, რომ ლევანმა თავი მოიკლა?
- მეც ეგ არ მიკვირს, შვილო?! ძალიან უსამართლოდ მოგვექცნენ მე და ჩემს ოჯახს "თავდაცვაც", სადაზღვევო კომპანიაც და ექიმებიც, მაგრამ რა შეგვიძლია?! იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ ადვოკატი დავიქირაოთ და სიმართლე დავამტკიცოთ.
გადავწყვიტე, თავადაც დავკავშირებოდი სადაზღვევო კომპანია "აი-სი ჯგუფის" წარმომადგენელს, ქეთევან ცუცქირიძესა და თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელს, გურამ ბაბუცაშვილს და გამერკვია, რის საფუძველზე ირწმუნებიან, რომ ლევან ანანიძემ თავი მოიკლა, რატომ გახდა შეუძლებელი მისი სიკვდილის მიზეზის დადგენა და საერთოდ, რატომ არ ჩაუტარდა მას თავის დროზე შესაბამისი მკურნალობა, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. სატელეფონო საუბრისას ორივე შემპირდა, რომ რამდენიმე დღეში ყველა საჭირო ინფორმაციას მომაწვდიდა, მაგრამ დათქმულ დროს ქალბატონმა ქეთევანმა განმიცხადა, - ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერ გაგაცნობთო;
ბატონმა გურამმა კი თავი იმართლა, - რადგან საქმე დახურულია, ამ საკითხზე საუბარი ჩემს კომპეტენციაში აღარ შედის, შეგიძლიათ, თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელს, სალომე მახარაძეს მიმართოთო. მართალია, საუწყებო პრესსამსახურები ხშირად გვაწბილებენ ჟურნალისტებს, რადგან საჭირო ინფორმაციის მოწოდებაზე ან უარს გვეუბნებიან, ან უსასრულოდ გვიჭიანურებენ პასუხს, მაგრამ ვიმედოვნებთ, ამჯერად მეტ გულისხმიერებას გამოიჩენენ და, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, ანანიძეების ოჯახის საკითხს ღრმად შეისწავლიან და სამართლიანად გადაწყვეტენ.
ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)