დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანულ კომპანიებს Supacat-სა და Babcock-ს კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმად უახლოეს მომავალში 140 ახალ საბრძოლო-საპატრულო ჯავშანმანქანას Jackal 2A-ს ("ტურა") მიიღებს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო განახლებულ ჯავშანმანქანებში, რომლებსაც სავარაუდოდ ავღანეთში გამოიყენებს, 45 მილიონ ფუნტ სტერლინგს (68,3 მლნ დოლარი) გადაიხდის.
მას შემდეგ, რაც კონტრაქტი შესრულდება, ბრიტანულ არმიას საერთო ჯამში ამ ტიპის ჯავშანმანქანების 400 ერთეული ეყოლება. ეს კონტრაქტი ქვეყანაში დაწყებული სამხედრო ოპერატიული პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომლის თანახმად ბრიტანულმა ჯარმა უკვე მიიღო 120 ჯავშანმანქანა Jackal 2A და სამხედრო უზრუნველყოფის 70 მსუბუქი ავტომობილი Koyote, რომელიც "ტურას" მოდიფიკაციაა ბორბლების ფორმულით 6X6.
ბორბლების 4X4 ფორმულის მქონე ჯავშანმანქანა "ტურას" 130 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. მანქანა აღჭურვილია 12,7 კალიბრისა და 7.62 მმ-ის ტყვიამფრქვევებით. მისი მოდერნიზება წლის დასაწყისში დაიწყეს, ძველი ვერსიისგან კი ის უფრო გამძლე ჯავშნით გამოირჩევა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.