გაზეთი The Independent საიდუმლო პროექტზე დაყრდობით იუწყება, რომ ბრიტანული ჯარები ავღანეთს 2014 წელს დატოვებენ. გაზეთის ცნობით, კოლაციის ძალების შემცირება რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს.
ჟურნალისტებმა შეძლეს გაცნობოდნენ კომუნიკეს, რომლის თანახმად ირკვევა, რომ სამშაბათს პრეზიდენტი ყარზაი ”განსხვავებულ პირობებზე ეტაპობრივი გადასვლის” გრაფიკს გაახმოვანებს. განცხადება ქაბულში, ავღანეთის საკითხისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთდება, რომელშიც მონაწილეობას გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კიდევ 70 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.
”საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს ავღანეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2014 წლისთვის ავღანეთის ნაციონალური უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის ყველა პროვინციაში თავად უნდა ჩაატარონ და უხელმძღვანელონ სამხედრო ოპერაციებს”, - წერია კომუნიკეში.
კომუნიკეში, სადაც წარმოდგენილია მოქმედებათა გრაფიკი, საუბარია საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულებაზეც - კვლავაც იზრუნოს ავღანეთის უსაფრთხოებაზე, მისი შეირაღებული ძალების დაფინანსებაზე, წვრთნასა და აღჭურვაზე.
კონფერენციაზე ავღანეთის განვითარებისა და სახელმწიფო მართვის პრობლემებსაც განიხილავენ. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია კოალიციის ძალთა ამოცანები, რომელთა შორისაა ოპიუმით ვაჭრობასთან ბრძოლა. კომუნიკეში განსაკუთრებული ყურადღება მომავალში ტრანსფარენტული არჩევნების აუცილებლობასაც ეხება.
”ბრიტანეთის ხელისუფლება სულ უფრო მონდომებით ცდილობს საომარი მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნას, რომელშიც 320 ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა და ათასობით დაიჭრა”, - ნათქვამია სტატიაში.
ამ ზაფხულს სამხედრო მოქმედებები გამძაფრდა: ავღანური და კოალიციური ძალები ქვეყნის სამხრეთით პატრულირებენ, სადაც თალიბთა პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია.
გაზეთი ასკვნის, რომ: ”ავღანური უსაფრთხოების ძალების შექმნა არცთუ იოლი იქნება, რადგან ამ ქვეყნის პოლიციისა და არმიის მაღალჩინოსნები თალიბებთან შეკრულნი არიან”.
მომზადებულია inopressa.ru-ს მიხედვით.