პარასკევს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ფრანგული გემთმშენებელი საწარმოს თანამშრომლებს ახარა, რომ ისინი რუსეთისთვის "მისტრალის" ტიპის ორ ვერტმფრენმზიდს დაამზადებენ. ამის შესახებ "ფრანც პრესი" იტყობინება.
მანამდე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ განიხილებოდა ვარიანტი, რომლის თანახმად რუსეთი საფრანგეთისგან "მისტრალების" აგების უფლებას გამოისყიდდა და მათ თავად ააგებდა.
სარკოზიმ, რომელიც მძიმე ფინანსურ პერიოდში მყოფ სენ-ნაზერის გემთმშენებელ საწარმოს პარასკევს სტუმრობდა, თანამშრომლები დააიმედა, რომ ამიერიდან საქმე ულევად ექნებათ.
"თქვენ, ჩვენს რუს მეგობრებთან ერთად ორ ვერტმფრენმზიდს ააგებთ. მართალია, კონტრაქტის დეტალებზე ჯერ კიდევ ვთათბირობთ, თუმცა ეს საქმე ნამდვილად გადაწყვეტილია", - განუცხადა პრეზიდენტმა საწარმოს თანამშრომლებს.
ფრანგული გემთმშენებელი საწარმო STX უკვე წელიწადზე მეტია, სერიოზული შეკვეთების გარეშეა დარჩენილი, რამაც ტექნიკური პერსონალის უმუშევრობა გამოიწვია.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.