ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებული ათასობით საიდუმლო დოკუმენტის საიტ WikiLeaks-ისთვის გადაცემაში ეჭვმიტანილი პენტაგონის სამხედრო ანალიტიკოსი ბრედლი მენინგი დააკავეს. ბრედლი ქუვეითიდან ვაშინგტონის სიახლოვეს, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.
დაზვერვის ყოფილ ექსპერტს ვიდეო-ჩანაწერის გავრცელებაშიც ადანაშაულებენ, სადაც ბაღდადში განხორციელებული შეტაკებაა ასახული, რომლის დროსაც ფოტოკორესპონდენტი და მისი მძღოლი დაიღუპნენ.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მასმედიაში ათასობით საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გაჟონვის გამო ნერვიულობა არ ღირს, რადგან ამ დოკუმენტებში ახალი და განსაკუთრებული არაფერი იყო.
90 ათასამდე საიდუმლო ფაილი, რომლებიც აშშ-ის დაზვერვის ცნობებსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციებზე საიდუმლო ინფორმაციებს შეიცავდნენ, Wikileaks-ის საიტზე ერთი კვირის წინ გამომზეურდა.
გაზეთ New York Times-ის ცნობით, ამ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო საიტის რედაქტორის ჯულიან ასანჯის ბრალეულობის საკითხსაც განიხილავს.
ასანჯის თქმით, რომელიც არ ამხელს, ვისგან მიიღო საიდუმლო დოკუმენტები, საიტზე მასალების გამოქვეყნების გადაწყვეტილება საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა და რაც მთავარია, ამით ავღანეთში მოკავშირეთა სამხედრო ოპერაციას ზიანი არ მიადგება.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.