მიმდინარე წლის 20 ივლისს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.
კერძოდ, დღის წესრიგში იყო საქართველოს მოქალაქის, რუსეთის სასამართლოს მიერ ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდადებულ ზაზა ხერკელაძის, აგრეთვე სახელმწიფოს ღალატის მუხლით გასამართლებული რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების - პოდპოლკოვნიკების ხვიჩა იმერლიშვილისა და მარლენ ბოგდანოვის (ბალაშვილის) ადვოკატების კასაცია. რუსეთის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლოს მიერ 2010 წლის 25 მარტს გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ზემოაღნიშნულ სამ პიროვნებას საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა ბრალდებოდა და იმერლიშვილს - 13 წლით, ბოგდანოვს - 15-ით, ხოლო ხერკელაძეს - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით აქვთ მისჯილი. გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები.
რუსეთის ეფ-ეს-ბეს დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის ბოლოდროინდელი მოხსენებებიდან ირკვევა, რომ გასულ ორ წელს რუსეთის კონტრდაზვერვის მთავარი წარმატება ქართველი აგენტების გამოვლენა ყოფილა. თურმე "საქართველოს აგენტები" რუსეთის დაქცევას აპირებდნენ და ქვეყანა ბორტნიკოვის სამსახურმა იხსნა. ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებისა და აგენტების მთავარი მიზანი რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის შეგროვება და ტერაქტების მოწყობა იყო.
ეს ორწლიანი დრამა 2008 წლის ზაფხულში დაიწყო.
"საქართველოს აგენტების შემოსევისა" და "ყოჩაღი" რუსი ჩეკისტების ვაჟკაცობის ამსახველი თეატრალიზებული დადგმის პირველი ნაწილი 2008 წლის 11 აგვისტოს გაიმართა, როდესაც ეფ-ეს-ბეს ახალი დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი შეშფოთებული სახით, საქაღალდით ხელში ეახლა რუსეთის ფორმალურ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს. იქვე "შემთხვევით" რუსეთის "თავისუფალი" მასმედიის წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ და "უდიდესი სენსაციის" მოლოდინში მოუსვენრად ცმუკავდნენ.
რუსეთის "პირველი ჩეკისტის" მოხსენება "წითელ" და "თეთრ" ფერებში იყო გადაწყვეტილი. ბუნებრივია, ისტორიულად ყოველთვის "წითლები" იმარჯვებენ და საზიზღარ და მოუხერხებელ "თეთრებს" (ქართველებს, გერმანელებს, პოლონელებს, ამერიკელებს, ბალტიისპირელებს და ა.შ. - ეს სია რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების დამსახურებით, სულ უფრო იზრდება) იოლად ამარცხებენ.
ჯაშუშობის "სამზარეულოში" ჩახედულთათვის ცნობილია, რომ სპეცსამსახურები რეალური ფაქტების შესანიღბავად, როგორც წესი, ოფიციალურად ერთს აცხადებენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. ამიტომაც ყოველთვის სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ "ოფიციალურ" ინფორმაციას, მით უმეტეს, "ქართველ მზვერავთა" დაკავების საქმეზე ატეხილ აჟიოტაჟს.
ბესიკ ალადაშვილი, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” (გამოდის ხუთშაბათობით)