რუსეთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ტექნიკური აღჭურვილობის მთლიანად განახლებას აპირებს და ამისთვის ახალი შეიარაღების შეძენას გეგმავს. პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმედოვნებს, რომ რუსეთს "ახალი არმია" 2020 წლისთვის ეყოლება. სამხედრო ტექნიკის შესაძენად უწინდელზე მეტი სახსრებია გამოყოფილი, თუმცა სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, სამხედრო სფეროში რუსეთის დანახარჯები არცთუ დამაიმედებელია, - წერს Газета.Ru.
ამ დროისთვის რუსეთის არმიის შეიარაღების 10-15%-ია განახლებული, გეგმის თანახმად, მომავალი ათი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 70%-მდე უნდა გაიზარდოს.
როგორც სამხედრო სწავლებამ "Восток-2010"-მა აჩვენა, არმია გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის გადასატანი და სტაციონალური მიმღებით აქამდე არ აღჭურვეს. რუს სამხედროებს არც უპილოტო საფრენი აპარატების ქვედანაყოფი გააჩნიათ, რომელთა მეშვეობით ბრძოლის ველის მთლიანი არეალის გაკონტროლებისა და მომდევნო მანევრის დაგეგმვის საშუალებას იძლევა.
დაზვერვის, კავშირისა და მართვის სისტემებიც ძველ ფორმატში მუშაობს მაშინ, როცა წამყვანმა სახელმწიფოებმა, კარგა ხანია, ისინი ციფრული გახადეს. ამერიკელმა სამხედროებმა ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა 1987 წლიდან დაიწყეს, ებრაელებმა 2005-დან. რუსები ახალ ფორმატზე გადასვლას 2015 წლისთვის გეგმავდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ნაკლებ სარწმუნოა.
გაზეთი აღნიშნავს, რომ არმიის რეფორმა ტექნიკის განახლების გარეშე შედეგს ვერ მოიტანს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი სამხედრო ხარჯებით ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს.
ამ საკითხზე მომუშავე სტოქჰოლმის ინსტიტუტეს მონაცემებით, შარშან რუსეთმა სამხედრო სფეროში 61 მლრ დოლარი დახარჯა, შარშანწინ კი - 58,3 მლრდ. ამავე წლებში აშშ-ის სამხედრო დანახარჯებმა, შესაბამისად, 663,3 მლრდ და 616,1 მლრდ დოლარი შეადგინა. მაგალითად, ჩინეთმა 2009 წელს ამ მიმართულებით 98,8 მლრდ დოლარი არ დაიშურა.
დაახლოებით რუსეთის მსგავსი მაჩვენებლები აქვთ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს - 69,3 და 67,3 მლრდ დოლარი.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.