აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა პირველი სერიული თვითმფრინავი E-2D Advanced Hawkeye მიიღეს, რომელიც მძლავრი რადიოლოკაციური სისტემითაა აღჭურვილი. თვითმფრინავის სამხედროთათვის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი ნორფოლკის ავიაბაზაზე მოეწყო.
კონტრაქტის თანახმად, რომლის ღირებულება 408 მლნ დოლარია, კომპანია Northrop Grumman-მა ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს უახლოეს მომავალში 4 E-2D უნდა გადასცეს. შემკვეთი კიდევ 2 თვითმფრინავ-რადარს წლის ბოლომდე მიიღებს.
თვითმფრინავზე დამონტაჟებული სიგნალის მიღებისა და დამუშავების უახლესი ციფრული სისტემებით აღჭურვილი რადარი (AN/APY-9) მცირე ზომის მიზნების დიდ მანძილზე აღმოჩენის საშუალებას იძლევა და ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გარდა, სამხედრო-საჰაერო ძალებსა და სახმელეთო ჯარებსაც მიაწვდის.
თვითმფრინავმა, უახლესი რადარის გარდა, ეკონომიური ძრავა და თხევადკრისტალური დისპლეებით აღჭურვილი კაბინა მიიღო. თვითმფრინავს 650 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და 2,6 ათას კილომეტრ მანძილზე ფრენა შეუძლია.
მომავალი 10 წლის განმავლობაში კი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები სულ 75 E-2D-ის შეძენას გეგმავს, რომლებიც თვითმფრინავის მოძველებულ ვარიანტს, შეიარაღებაში გასული საუკუნის 80-იან წლებში მიღებულ E-2 Hawkeye-ს ჩაანაცვლებენ.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.