რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, საკუთარი არმიისთვის იტალიური წარმოების ჯავშანმანქანა IVECO LMV M65 შეიძინოს, რითაც უარს ამბობს სამამულო წარმოების ანალოგზე - "ვეფხვზე", რომელიც რუსულმა არმიამ სამი წლის წინ მიიღო.
სავარაუდოდ, იტალიურ ჯავშანმანქანებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გარდა, ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფედერალური უშიშროების სამსახურიც შეისყიდის.
რუსები იტალიური ჯავშანმანქანის რუსეთში აწყობასაც აპირებენ. თავდაპირველად საცდელ პარტიას მიიღებენ, მომავალში კი წელიწადში 500 ჯავშანმანქანას ააწყობენ. საერთო ჯამში რუსეთის ჯარი 5 წლის განმავლობაში IVECO LMV M65-ის 1775 ავტომობილით უნდა აღიჭურვოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითო ჯავშანმანქანა 300 ათას ევრომდე ჯდება, რუსებს ამ პროექტში დაახლოებით 300 მლრდ რუბლის გადახდა მოუწევთ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გეგმებმა არზამასკის მანქანამშენებელი ქარხნის მესვეურები გაანაწყენა, სადაც იტალიური ჯავშანმანქანის რუსული ანალოგი, სახელად "ვეფხვი" მზადდება. რუსი მწარმოებლების თქმით, IVECO "ვეფხვს" ზოგიერთ მაჩვენებლებში თუ არ ჩამოუვარდება, არაფრით ჯობს და თანაც, სამჯერ უფრო ძვირი ჯდება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.