რუსი ექსპერტები: რუსეთის არმიამ საქართველოსთან ომის შემდეგ ძალები ვერ აღიდგინა

რუსი ექსპერტები: რუსეთის არმიამ საქართველოსთან ომის შემდეგ ძალები ვერ აღიდგინა

რუსულ არმიას არც სამხედრო აღჭურვილობა და არც ოფიცრები ჰყოფნის საიმისოდ, რომ წარმატებული საომარი მოქმედებები აწარმოოს, - ამ დასკვნას ექსპერტები აკეთებენ, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი ორი წელი შეაფასეს.

გაზეთი "Независимая газета" წერს, რომ თუკი ორი წლის წინ რუსულ არმიაში ოფიცრები საჭიროზე მეტნი იყვნენ, დღეს, მასობრივი შემცირებების შემდეგ, მათი რიცხვი აშკარად არასაკმარისია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობაშიც და არმიის ხელმძღვანელობაშიც მუდმივად საუბრობენ ახალი შეიარაღების შეძენაზე, სინამდვილეში რუსული ჯარი თანამედროვე იარაღის ახალი სახეობებით მხოლოდ 10-15%-ით არის აღჭურვილი.

რუსულ არმიას აქამდე არ აქვს გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემების გადასატანი და სტაციონარული მიმღებები, ისევე როგორც, არ გააჩნია უპილოტო საფრენი აპარატების ქვედანაყოფი. მოძველებულია დაზვერვის, კავშირგაბმულობისა და მართვის სისტემებიც.

"დაზვერვას, უპილოტო საფრენი აპარატების ნაცვლად, ბომბდამშენები განახორციელებენ, სამხედრო შენაერთებს კი ბრძანებებს მოსკოვიდან, მობილურით მიაწვდიან", - ასეთ პერსპექტივას ხატავს სტატიაში სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრე ხრამჩიხინი.

საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსულმა არმიამ ქართული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისგან, რომელიც არცთუ ძლიერი იყო, დიდი დანაკარგები განიცადა. პრობლემები ჰქონდა რუსულ ჯავშანტექნიკასაც, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს ვერ პასუხობს. საერთო ჯამში, აგვისტოს მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ ნათელი ხდება, რომ რუსულ არმიას აშკარად არ ჰყოფნის როგორც ოფიცერთა შემადგენლობა, ისე შეიარაღება - მოძველებული საშუალებები ჩამოწერეს, თუმცა მათი ახლით შეცვლა ჯერაც არ მომხდარა.

დღეს, რუსეთის ჩრდილო-კავკასიური სამხედრო ოლქის უპირატესობა საქართველოს შეარაღებულ ძალებთან მიმართებაში მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ ამ უკანასკნელმა 2008 წლის აგვისტოს ომისგან განცდილი დანაკლისი აქამდე ვერ აღიდგინა. თანაც, ნატო სააკაშვილისთვის შიარაღების კუთხით დახმარებას არ ჩქარობს და შემტევი იარაღის გადაცემისგან თავს იკავებს, რადგან დასავლეთს კავკასიაში ახალი კონფლიქტის ექსკალაცია არ სურს.

მაგრამ გამორიცხული არაა, ერთ დღესაც ნატომ საქართველოს თავისი მოძველებული ტექნიკა, მაგალითად, 500 Т-72, რამდენიმე ასეული თვითმფინავი F-16 და რამდენიმე ათეული "ტორნადო" სიმბოლურ ფასად მიჰყიდოს, ან სულაც აჩუქოს. ასეთ შემთხვევაში, კავკასიაში საქართველოს სამხედრო პოტენციალი რუსულისას აშკარად დაჯაბნის, - აღნიშნავს ექსპერტი.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 წლის შემდეგ მხარეები კონფლიქტის განმეორებას არ გამორიცხავენ. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ბაღაფშის განცხადებით, "2008 წლის აგვისტოს ომის გამეორების საფრთხე არსებობს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს დასავლეთის სახელმწიფოებზე დაკვირვება, რომლებიც საქართველოს შეიარაღებით აღჭურვას განაგრძობენ".

ამ მოსაზრებას, მეორე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც იზიარებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე