აშშ-მა ყირგიზეთის ტერიტორიაზე მეორე სამხედრო ბაზის განთავსების სურვილი გამოთქვა. ოშის სიახლოვეს ობიექტის მშენებლობა 10 მლნ დოლარამდე დაჯდება და რეგიონში დესტაბილიზაციის შემთხვევში ის ამერიკელთა ზურგს დაიცავს, - ამის შესახებ The Washington Post პენტაგონის მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება.
ამავდროულად, ბიშკეკში ირწმუნებიან, რომ ქვეყნის სამხრეთით ამერიკელები არა საკუთარ ახალ სამხედრო ბაზას, არამედ ყირგიზი ჯარისკაცებისთვის გათვალისწინებულ სავარჯიშო ცენტრს აგებენ.
"ოშის პოლიგონზე" (ახალ ბაზას ასე მოიხსენიებენ) ჯარისკაცთა და ოფიცერთა ყაზარმებთან ერთად სხვა სამხედრო დანიშნულების ობიექტებიც განთავსდება. პირად შემადგენლობას ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად ნაღმტყორცნები და ყუმბარმტყორცნებიც ექნება, თუმცა მძიმე არტილერია და ჯავშანსატანკო ნაწილი ბაზაზე არ განთავსდება", - წერს ამერიკული გაზეთი.
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ყირგიზეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ სახელმწიფოს მეთაური როზა ოტუნბაევა ამ თემაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და საკითხის გადაწყვეტას პარლამენტი და ხელისუფლება აიღებს. მოგვიანებით ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ საუბარია მხოლოდ ყირგიზ სამხედროთათვის სავარჯიშო ცენტრის აგებაზე, რომლის მშენებლობის ხარჯს - 5,5 მლნ დოლარს ვაშინგტონი გაიღებს.
The Washington Post-ში მოყვანილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის რობერტ ბლეიკის სიტყვები, რომლის თანახმად, ამერიკელები ყირგიზეთის სამხრეთ სასაზღვრო რაიონების უსაფრთხოების გამო შეშფოთებულნი არიან. მისი თქმით, შესაძლოა ავღანელმა ბოევიკებმა ამ საზღვრიდან გასვლა დააპირონ.
ყირგიზეთში პირველი ამერიკული სამხედრო ავიაბაზა 2001 წლიდან არსებობს, რომელსაც შარშან ზაფხულში სახელი შეუცვალეს და ტრანზიტული გადაზიდვების ცენტრი უწოდეს. მისი მთავარი ფუნქცია ავღანეთის ტერიტორიაზე ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე საერთაშორისო კოალიციის უზრუნველყოფაა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.