სააკაშვილმა კანონი დაარღვია - გვარდიის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია

სააკაშვილმა კანონი დაარღვია - გვარდიის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსს, უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის ერთთვიანი ვადა ჰქონდა, თუმცა პრეზიდენტის მხრიდან კანონი უკვე დარღვა. ვინაიდან ერთთვიანი ვადა 9 აგვისტოს ამოიწურა, გვარდიის დეპარტამენტს კი უფროსი არა ჰყავს.

როდემდე იქნება ეს პოსტი ვაკანტური, ეს უკვე სააკაშვილზეა დამოკიდებული, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება. როდის ჩამოვა პრეზიდენტი ქვეყანაში, ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახურში არა აქვთ. სააგენტო "პირველს" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ამჟინდელი ადგილსამყოფელი "მათთვისაც უცნობია." შეგახსენებთ, რომ ის 5 აგვისტოს კოლუმბიაში ახლად არჩეული პრეზიდენტის ხოსესანტოსის ინაუგურაციაზე და სასწრებად გაემგზავრა.

როდის დაინიშნება ეროვნული გვარდიის სარდალი, ამის თქმა უჭირთ თავდაცვის სამინისტროში. "ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა," - განუცხადა "რეზონანსს" თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ.

პრეზიდენტის მხრიდან კანონის დარღვევაზე საუბრობენ სამხედრო ექსპერტები, რომლებიც პალამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს უმოქმედებაში ადანაშაულებენ.

"თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი არ ასრულებს თავიანთ მოვალეობას. შეგიძლიათ ჰკითხოთ ამ ბატონებს, რამდენჯერ ყოფილან სამხედრო ნაწილებში? ან რამდენჯერ გადაუმოწმებიათ მათ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი?" - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა, ირაკლი სესიაშვილმა. " - ასე რომ, დღევანდელ პარლამენტს პასუხს ვერ მოვთხოვთ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ პარლამენტი არ არსებობს.

"ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კანონი, მაგრამ მას ეს არ ადარდებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არ ჰყავს რეალური ოპონენტი, რომელიც მას ამაზე პასუხს მოსთხოვს. პარლამენტი, რომელიც ვალდებულია ამაზე რეაგირება მოახდინოს, ჩვენდა სამწუხაროდ, დიდი ხანია გადაქცეულია ნოტარიუსის უწყებად, რომელიც ყველა წარმოდგენილ კანონს ყოველგვარი განხილვის გარეშე ამტკიცებს.

"სამწუხაროდ ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც უმაღლეს მთავარსარდალს პასუხს მოსთხოვს ვადების დარღვევის გამო. ჩვენ რომ გვყავდეს ძლიერი პარლამენტი, მას უნდა დაეყენებინა ეს საკითხი, რატომ არ ხდება თავის დროზე ვადების დაცვა და ა.შ. როდესაც არ ვიცით, როდის მიდის პრეზიდენტი და როდის მოდის, რა განრიგი აქვს მას უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ძნელია რაიმე კრიტიკა დაიწყო იმ ვადების დარღვევის გამო, რასაც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი."

ფილოსოფოსი, სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე თვლის, რომ ეროვნული გვარდია "დაწყევლილია", ვინაიდან 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, ვერ მოხერხდა მისი ინსტიტუციონალიზება.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა კანონი დაარღვია. მაგრამ, ამაზე რეაგირება რომ ხდებოდეს, მაშინ ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში და ნორმალური ხელისუფლება უნდა გვყავდეს. ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელიც, რასაც უნდა, იმას გააკეთებს. მერწმუნეთ, რომ ეს სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ძალიან დიდ სკანდალს გამოიწვევდა. მაგრამ, ჩვენთან ეს სკანდალი არ გორდება.

"ვინ აძალებდათ, კანონში ერთთვიანი ვადა რომ ჩაწერეს?! ჩაეწერათ მაგ კაიდედმამიშვილებს ორი ან სამი თვე. მაგათ ხელში არაა პარლამენტიც და ყველაფერიც? რაც უწერიათ, ის მაინც გააკეთონ. კანონი დარღვეულია და ეს ფაქტია. ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება და პრეზიდენტი, რომელიც არღვევს კანონს და ამაზე რეაგირება არ ხდება. აქ მარტო ის კი არაა, რომ გვარდიის სარდალი არ დაინიშნა და ამ მიმართულებით დაირღვა კანონი. ეს ფაქტი არის გამოვლინება კიდევ უფრო საშიში ტენდენციისა, რომ არავითარი თავდაცვითი პოლიტიკა საქართველოს არა აქვს, ეს არის ძალიან საშიში რამე," - აცხადებს კაციტაძე.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას, პოლკოვნიკი ტარიელ ლონდარიძე ასრულებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არაა გამორიცხული, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი სწორედ ლონდარიძეს ჩააბარონ.

მეორე ვერსიით, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს კვლავ ნიკა ჯანჯღავა ჩაუდგება სათავეში, რომელიც უკვე იყო ამ თანამდებობაზე, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯანჯღავას უზარმაზარი თანხები გამოუყვეს, მან შედეგი ვერ აჩვენა.

"როგორც ვიცი, კვალიფიციური კადრების პრობლემაა. ხელისუფლებაში ნათლად დაინახეს, რომ სამოქალაქო პირი ვერ იქნება სამხედრო უწყების კომპეტენტური ხელმძღვანელი, მითუმეტეს ეს არის არაპოლიტიკური თანამდებობა, არამედ თავისი არსით და ფუნქციონალური დატვირთით წმინდა წყლის სამხედრო თანამდებობა. ამ დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ვხედავ, არის ისევ და ისევ კომპეტენტური კადრები. პრობლემა არის ისეთი ადამიანის მოძებნა, ვინც შეძლებს გადაწყვეტილებების მიღებას და იმ სისტემის შექმნას, რომელიც აუცილებელია ეროვნული გვარდიისათვის," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა გიორგი მელითაურმა.

თამთა ქარჩავა

გაზეთი ”რეზონანსი”

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე