საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედროების მიერ მოვალეობის შეუსრულებლობისადმი მიდგომები მკაცრდება. შესაბამისი ბრძანებულება, რომელიც პრეზიდენტმა გამოსცა, უკვე ძალაშია.
აქამდე სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მხრიდან მისთვის განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვანი შესრულება, დისციპლინარულ ზომად მხოლოდ საყვედურს ითვალისწინებდა.
პრეზიდენტის ბრძანებულებით კი, სასჯელად საყვედურის ალტერნატივად, ექვსი თვით ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვაც წესდება.
ასევე, ფუნქციური მოვალეობის არაერთგზის შეუსრულებლობისთვის დღეს სამხედროს ხელფასიდან მხოლოდ 25 %-ს უქვითავენ და მხოლოდ სამი თვით.
ბრძანებულების თანახმად კი, ასეთ შემთხვევაში სამხედროს ხელფასიდან 30 %, ექვსი თვით დაექვითება.
ამას გარდა, წესდება ახალი პირობა, რომლის თანახმადაც, სამხედრო ხელმძღვანელობის (მეთაურის) ფუნქციონალური მოვალეობების შეუსრულებლობად ან არაჯეროვან შესრულებად ჩაითვლება აგრეთვე ის შემთხვევები, როდესაც სამხედრო ხელმძღვანელობის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სამხედრო მოსამსახურე ან ქვედანაყოფი ვერ მიაღწევს საბრძოლო მზადყოფნისათვის, მათ შორის, ფიზიკური მზადყოფნისთვის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.
აღნიშნული გეგმა კი თავდაცვის მინისტრმა ან მის მიერ უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა დაამტკიცოს.