ოთხშაბათს კანადის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა დიმიტრი სუდასმა ჟურნალისტებს წერილები დაუგზავნა, სადაც იტყობინებოდა, რომ კანადურმა გამანადგურებლებმა ორი რუსული ბომბდამშენი შენიშნეს და ქვეყნის საჰაერო სივრცის საზღვრამდე გააცილეს.
"24 აგვისტოს ორი გამანადგურებელი CF-18 აფრინდა, რომლებმაც ვიზუალურად ორი რუსული თვითმფრინავი Ту-95 "დათვი" დააფიქსირეს. რუსული თვითმფრინავები კანადის ტერიტორიასთან ყველაზე ახლოს 30 საზღვაო მილის (55 კმ) დაშორებით დაფრინავდნენ", - ნათქვამია წერილში.
პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ CF-18-ები "დათვებს" კუდში მანამ დაჰყვებოდნენ, სანამ რუსული ბომბდამშენები უკან არ გაბრუნდნენ.
სუდასის თქმით, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის კანადა-ამერიკის გაერთიანებული სარდლობა "ჩდილოეთ საჰაერო სივრცეს გულდასმით აკვირდება და ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში მზად იყოს კანადისა და აშშ-ის სუვერენიტეტის დასაცავად".
რუსეთმა ამ საჰაერო სივრცის გაკონტროლება 2007 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ ამერიკული და კანადური გამანადგურებლები რუსულ ბომბდამშენებს რეგულარულად ხვდებიან. კანადური მხარის სტატისტიკის თანახმად, 2007 წელს - 17, 2008 წელს - 11, 2009 წელს კი 16 მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.
რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო კანადის კონსერვატორული მთავრობა მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებლების F-35-ების შეძენაზე უკვე საუბრობს.
მანამდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პიტერ მაკკეიმ განაცხადა, რომ 65 ამერიკული გამანადგურებლის შესაძენად კორპორაცია Lockheed Martin-ს კანადა 8,5 მლნ დოლარს გადაუხდის.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.