ავღანეთიდან ქართველ ოფიცერს, მუხრან შუკვანს დღეს, სავარაუდოდ, 15.00 საათის შემდეგ ჩამოასვენებენ.
ამასთან დაკავშირებით, ალექსეევკის აეროპორტში, ქართველ ოფიციალურ პირებთან ერთად, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციაც მივლენ.
28 წლის ქართველი ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი, ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა.
აფეთქების შედეგად ამავე ბატალიონის კაპრალმა, 25 წლის ალექსანდრე გითოლენდიამ ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ლეიტენანტი მუხრან შუკვანი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც, შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის მიღებული აქვს მესამე ხარისხის უწყებრივი მედალი.