ერთხელ ვეტერანმა მეომარმა მითხრა, - ომი საოცარი რამ არის, ადამიანის სულს ბოლომდე აშიშვლებს, ვერსად ამოიცნობ ისე კარგად კაცის ნამდვილ ხასიათს, როგორც ბრძოლის ველზეო. მართლაც, აგვისტოს ომმა ბევრი ადამიანი სხვა თვალით დაგვანახვა და იმაშიც დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყნის ძალას ის ერთეული ქართველები წარმოადგენენ, რომლებსაც ჩუმად, მაგრამ ძლიერ, მთელი არსებით უყვართ სამშობლო და საკუთარ შესაძლებლობებს მხოლოდ მაშინ ავლენენ, როდესაც ეს ქვეყანას განსაკუთრებულად სჭირდება. სულ ახლახან ჩემმა მეგობარმა სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპელანის, დეკანოზ იოსების საოცარი თავგადასავალი მიამბო.
35 წლის კაპელანს, 5 შვილის მამას ჯარისკაცები მაშინაც კი არ მიუტოვებია, როდესაც მრავალრიცხოვანი მტრის პირისპირ აღმოჩნდნენ. უფრო მეტიც, თავადაც დაჭრილს, სხვა დაჭრილები ზურგზე აკიდებული გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან. ისიც შევიტყვე, რომ ის ერთ-ერთი დაჭრილი ჯარისკაცის გადასარჩენად, პირდაპირ ოსების სახლშიც შესულა, - მაგრამ ამ ფაქტს თავად უარყოფს (ალბათ მათი უსაფრთხოების მიზნით) და ირწმუნება, რომ დახმარება ქართველებმა აღმოუჩინეს...
"სპის მოძღვარი" - ასე წარმომიდგინა თავი იოსებ ესაკიამ, როდესაც მას სენაკში ვესტუმრე. მართალია, საკუთარ თავზე საუბარი ძალიან არ უნდოდა, მაგრამ სტუმარს უარი ვეღარ მითხრა და ინტერვიუც შედგა...
- მამაო, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე გაჰყოლოდით?
- ბიჭებისთვის დიდი იმედი ვიყავი და იმიტომ. როდესაც ცხინვალისკენ მიმავალი ჯარი დავლოცე და ნაკურთხი წყალი ვასხურე, სხვანაირები გახდნენ, გამომეტყველება შეეცვალათ, სახეზე თავგანწირვის დაუოკებელი სურვილი გამოეხატათ. აბა, მათი მიტოვება როგორ იქნებოდა?! სპის მოძღვარი, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გავხდი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ვცდილობ, მისი უწმინდესობის იმედი გავამართლო და ჯარისკაცებისთვის მისაბაძი მაგალითი გავხდე.
- ჯარისკაცებთან ერთად, წინა ხაზზეც იყავით?
- ყველგან ვიყავი, სადაც კი საჭირო იყო.
- ხელში იარაღის აღებამაც თუ მოგიწიათ?
- ჩემი იარაღი - ჯვარია. დარწმუნებული ვარ, უფალი იმაზე მეტ განსაცდელს არ მომივლენს, რისი ატანაც არ შემიძლია. საქართველოს ისტორიიდან არაერთი სასულიერო პირის გახსენება შემიძლია, რომელიც კრიტიკულ მომენტში რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა. თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, თავსაც დავიცავდი და ჩემს ჯარისკაცებსაც.
- იქნებ გვიამბოთ - თავად დაჭრილმა, სხვა მეომრების გადარჩენა როგორ მოახერხეთ?
- ეს ღვთის სასწაული იყო...
- ჰოდა, ამ ღვთის სასწაულზე გვიამბეთ...
- აგვისტოს ომის დროს, როდესაც მორატორიუმი გამოცხადდა, სენაკის ბრიგადას შინდისში, რკინიგზის სადგურში შესვლა უბრძანეს. გვეგონა, რომ ტერიტორია "სუფთა" იყო, მაგრამ იქ მძიმე ტექნიკით შეიარაღებული რუსები დაგვხვდნენ. ალყაში აღმოვჩნდით. მეთაურის მანქანაში ვიჯექი და შესაბამისად, სადგურში პირველი შევედი. შესვლისთანავე დავინახე, რომ რუსები ჩვენს მანქანას ტყვიამფრქვევს უმიზნებდნენ. მირზა მალაზონიამ (მძღოლი) მანქანა დაამუხრუჭა და ორივე გადმოვხტით. მტერი რკინიგზის მთელ პერიმეტრზე ყოფილა ჩასაფრებული. ყველა მხრიდან ისროდნენ. მირზა დაიჭრა, მე ბეწვზე გადავრჩი, რამდენიმე ტყვია მილიმეტრებში ამცდა. ჯავშანჟილეტი გავიხადე (ძალიან მძიმე და მოუხერხებელი იყო, მოძრაობაში ხელს მიშლიდა) და მირზა ზურგზე მოვიკიდე. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე გეგმა მქონდა, მექანიკურად ვმოქმედებდი. ცოტა მოშორებით, ბუნებრივი საფარი დავინახე და იქით გავეშურე, მაგრამ ჭურვის ერთი ნამსხვრევი მუხლში მომხვდა, მეორე - მკლავში. ჩვენს მანქანას ცეცხლი წაეკიდა.
ვიფიქრე, - ეს რომ აფეთქდეს, ცოცხალი ვერც ერთი ვერ გადავრჩებით-მეთქი, ძალ-ღონე მოვიკრიბე და მირზა საფარში ჩავათრიე. იქ დიდხანს დარჩენა არ შეიძლებოდა, გარემოს დასაზვერავად გამოვფოფხდი. უეცრად ჩემს ფეხებთან ჭურვი დავარდა. არ გასკდა - ღმერთმა გადამარჩინა, თორემ ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი... რუსული ვერტმფრენები ძალიან დაბლა დაფრინავდნენ და ყველაფერს ცხრილავდნენ. თავის წამოწევაც კი სახიფათო იყო. როგორც იქნა, ფორთხვით სამშვიდობოსკენ გასასვლელი გზა მოვძებნე. ამასობაში სროლებიც შეწყდა, საფრისკენ მივბრუნდი, მაგრამ მირზა აღარ დამხვდა (როგორც მერე გავარკვიე, იქიდან ამომძვრალა). მისი ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერსად მივაგენი. მის ნაცვლად 4 ჯარისკაცი ვიპოვე. ერთ-ერთი მათგანი ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი. ვუთხარი, დამლოდებოდნენ და ისევ მირზას ძებნა განვაგრძე, მაგრამ ამაოდ... ვეღარც მას ვპოულობდი და მძიმე დაჭრილი ჯარისკაციც სისხლისგან იცლებოდა.
ანაფორა ჩავიცვი, ჯვარი გავიკეთე, დაჭრილი ზურგზე მოვიკიდე და გზას გავუდექი... მიტოვებულ სოფელს რომ მივუახლოვდი, უკვე ბნელოდა. ქუჩებში მხოლოდ ძროხების ბღავილი და ქათმების კრიახი ისმოდა, ადამიანის ჭაჭანება არსად იყო. გორისკენ ავიღე გეზი. მალე ისევ მივადექი პატარა სოფელს. ეს სოფელიც ნახევრად ცარიელი იყო. მხოლოდ რამდენიმე სახლიდან გამოდიოდა შუქი. აღარ დავიწყე იმის ძიება, ქართველები ცხოვრობდნენ თუ ოსები და მასპინძელს ვუხმე. ულვაშიანმა, ჯმუხმა კაცმა გამომხედა. ვუთხარი, რომ საპატრიარქოს წარმომადგენელი ვიყავი და ჯარს ვახლდი. არც ის დამიმალავს, ჩემს ზურგზე მოკიდებული კაცი ერთ-ერთი ჯარისკაცი რომ იყო...
- თქვენი მასპინძელი ქართულად ლაპარაკობდა?
- კი, გამართული ქართულით ლაპარაკობდა. ჩემს მასპინძელს სხვა სტუმრებიც ჰყავდა. ერთ-ერთ მათგანს ჩვენი დანახვა დიდად არ ესიამოვნა და ოთახიდან ბურდღუნით გავიდა. ექიმი ან ექთანი მოვითხოვე. შუა ხნის ქალი მოიყვანეს, რომელმაც ჯარისკაცს ჭრილობა ხმისამოუღებლად დაუმუშავა. იმ ღამით თვალი არ მომიხუჭავს, გამთენიისას ჩამეძინა და მასპინძლებმაც გამაღვიძეს, - მანქანა მოსულია და წაბრძანდითო.
- მირზა ვეღარ იპოვეთ?
- მირზა საფრიდან თავისით გამოფოფხებულა, მაგრამ შორს ვეღარ წასულა... როდესაც რუსი ჯარისკაცები საკონტროლო გასროლას ახორციელებდნენ, ავტომატის ჯერი მის ფეხებზეც გადაუტარებიათ, მაგრამ მირზას ხმა არ ამოუღია და რუსებსაც მიცვალებულად მიუჩნევიათ. მერე ადგილობრივ მცხოვრებს - ახმედ ხუციშვილს უპოვია და სამშვიდობოს გაუყვანია.
- თქვენს ჭრილობებზე არაფერი გითქვამთ, არ გაწუხებდათ?
- მაწუხებდა, მაგრამ ჩემი ჭრილობები თავად შევიხვიე, ვიდრე დაჭრილ ჯარისკაცს ზურგზე მოვიკიდებდი. ტკივილს კი ვუძლებდი, ეგ არ იყო პრობლემა.
- ე.ი. ფიზიკური მომზადება კაპელანსაც სჭირდება.
- რა თქმა უნდა...
- ვიდრე კაპელანი გახდებოდით, რას საქმიანობდით?
- სპორტსმენი ვიყავი. ისე, საქართველოს ისტორია და ქვეყნისთვის თავგანწირული სასულიერო პირების ცხოვრება ყოველთვის მაინტერესებდა. განსაკუთრებულად თორნიკე ერისთავის ცხოვრებითა და მოღვაწეობით ვიყავი აღფრთოვანებული. არ ვიცი, რაიმე გამომივა თუ არა, მაგრამ ვცდილობ...
- ალბათ რთულია, იყო, ჯარისკაცების მოძღვარი. რამდენად განსხვავდებიან ისინი სხვა დანარჩენი მრევლისგან?
- რთული - არა, უფრო - საპასუხისმგებლოა. ჯარისკაცები მრევლის სხვა წევრებისგან იმით განსხვადებიან, რომ მათ სულის სიმტკიცე მეტად მოეთხოვებათ.
- როგორც ვიცი, სენაკის სამხედრო ბაზაზე ბევრი ქალი მსახურობს.
- კი, ასეა...
- მათ მიმართ უფრო მიმტევებელი ხომ არ ხართ?
- არა. სხვათა შორის, ქალები უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს იჩენენ. ისე, ჯარში ისეთ მამაკაცებს უფრო უჭირთ, რომლებსაც ჭირვეული ცოლები ჰყავთ. აგვისტოს ომის დროს ზოგიერთ ჯარისკაცს ცოლი ურეკავდა და ეჩხუბებობდა, - ცხინვალში რა გინდა, სახლში დაბრუნდი, ცოლ-შვილს მიხედეო!.. ზოგი გამუდმებით ეწუწუნება ქმარს, - მარტო ნუ მტოვებო. ასე არ შეიძლება. ცოლის ჭკუაზე მოსიარულე ჯარისკაცს მომავალი არა აქვს. ჯარისკაცს არავინ უნდა დაუსვას სამი შეკითხვა - სად ხარ? რას აკეთებ? სად მიდიხარ? ამ შეკითხვებს არც მე მისვამს ჩემი მეუღლე.
- ალბათ მკაცრი მეუღლე და მამა ხართ...
- მკაცრი არა ვარ, მაგრამ გარკვეული წესების დაცვას მოვითხოვ. ოჯახში ყველას თავისი ფუნქცია და ადგილი აქვს. როდესაც სახლში შევდივარ, ცოლ-შვილი ფეხზე ადგომით მესალმება. ამას ისინი საკუთარი სურვილით აკეთებენ...
- დიდი ხანია, დაქორწინებული ხართ?
- კი. უფროსი შვილი უკვე 12 წლის არის. 20 წლის ვიყავი, როდესაც დავქორწინდი.
- შვილები თავიანთ პრობლემებს თუ გიზიარებენ?
- ვერ ვიტყვი, რომ მათთან ძმაკაცური დამოკიდებულება მაქვს. შვილები იმას მეუბნებიან, რაც შვილმა მამას უნდა უთხრას. ასეთივე დამოკიდებულება მაქვს მეუღლესთანაც.
- ოდესმე მეუღლისგან აღსარება თუ ჩაგიბარებიათ?
- არასოდეს. აღსარებას არც შვილებისგან ჩავიბარებ - ასეთი რამის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. სხვათა შორის, ვიდრე დავქორწინდებოდით, ჩემი მეუღლე უფრო მორმწუნე იყო, აქეთ მაძლევდა რჩევა-დარიგებებს...
- შვილების სამომავალო გეგმების შესახებ თუ იცით რაიმე?
- კი, რა თქმა უნდა, ვიცი და პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებებს. ჩემი აზრით, ბავშვს მშობელმა დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცეს.
- ამჯერად როგორია მათი არჩევანი?
- სამივე ბიჭს ჯარისკაცობა უნდა. გოგონები ჯერ არაფერს მეუბნებიან. ჩემმა ბიჭებმა რთული და საპასუხისმგებლო პროფესია აირჩიეს; საწინააღმდეგო არაფერი მექნება, თუ ბოლომდე ამ აზრზე დარჩებიან. იმედი მაქვს, ისინი მოწოდებით, ცხოვრების წესით იქნებიან ჯარისკაცები. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, იმდენი მტერი გვახვევია გარს, თუ სულიერად არ გავძლიერდებით, პირადულზე მაღლა სამშობლოს არ დავაყენებთ, მომავალი არ გვექნება. დღეს ქართველებს თავის დაზოგვისა და ცხოვრებით ტკბობის უფლება არ გვაქვს. ჩემს ჯარისკაცებს რომ ვუყურებ, მიხარია - ჭეშმარიტი მეომრები არიან. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო ძლიერი და მეტად მოტივირებული არმია გვეყოლება.
- ფიქრობთ, რომ ქართულ არმიაში აგვისტოს ომის შემდეგ რაიმე სასიკეთოდ შეიცვალა?
- კი. ადრე ჯარში ძირითადად, მაღალი ხელფასის გამო მიდიოდნენ (ამას თავისი დადებითი მხარე ჰქონდა - ახალგაზრდები ბირჟებზე აღარ იდგნენ); ბევრ მათგანს ფიქრადაც კი არ გაუვლია, ომში თუ მოხვდებოდა. დღეს არმიის უმრავლესობას მებრძოლი ბიჭები წარმოადგენენ. ახლა მათ იციან, რომ ქვეყანას შესაძლოა, მათი თავგანწირვა დასჭირდეს და ამისთვის მზად არიან. აგვისტოს ომმა, უდიდეს ტრაგედიასთან ერთად, დიდი გამოცდილებაც შეგვძინა, ჯარისკაცებმა ბევრი რამ გადააფასეს...
- თქვენზე რა გავლენა მოახდინა აგვისტოს ომმა? პიროვნულად ხომ არ შეგცვალათ?
- პიროვნულად არ შევცვლილვარ, რაც ვიყავი, ისეთივე დავრჩი; უბრალოდ, საკუთარი თავი უკეთ შევიცანი და ჩემს შესაძლებლობებში დავრწმუნდი. გარდა ამისა, უფრო გამიმყარდა ღვთის რწმენა. შინდისში ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ არა ღვთის მფარველობა, ნამდვილად, ვერ გადავრჩებოდი. უფალმა მიხსნა!..
- მამაო, მტერი თუ დაგიწყევლიათ ოდესმე?
- არა. როდესაც ადამიანს წყევლი, ცხონების გზას უკეტავ, - ამის უფლებას ჩემს თავს როგორ მივცემ?
- როდესაც ჯარისკაცები აღსარებას გაბარებენ, მტრისადმი სიძულვილზე ხშირად გელაპარაკებიან?
- ქართველი მეომრები მტრის სიძულვილის გამო კი არა, სამშობლოს დასაცავად იბრძვიან. ჩვენი ბიჭები სიძულვილის გრძნობას მაშინაც კი არ შეუპყრია, როდესაც მუხანათური ღალატის მსხვერპლი აღმოვჩნდით.
- რას გულისხმობთ?
- როდესაც ქართულმა მხარემ, ქართველების დაცვის მიზნით, სეპარატისტების განეიტრალება გადაწყვიტა, რუსულ მხარეს შეუთანხმდა. როგორც ყოველთვის, რუსებმა ამჯერადაც გვიმუხთლეს, პირობა არ შეასრულეს. სწორედ იქ დაგვხვდნენ, სადაც არ ველოდით. ახლა ურცხვად ამბობენ, ომი ქართველებმა დაიწყეს, ჩვენ კი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად ავიღეთ იარაღი ხელშიო. ჩემი თვალით მაქვს ნანახი რუსული ტანკების უზარმაზარი კოლონა, რომელიც ცხინვალს ომის დაწყების პირველივე წუთებში მოადგა.
- თუ გახსოვთ, როგორი იყო ჯარისკაცების განწყობილება, როდესაც მიხვდნენ, რომ მცირერიცხოვანი, ოსი სეპარატისტების ნაცვლად, მრავალრიცხოვან რუსულ არმიასთან შეტაკება მოუწევდათ?
- ამ ფაქტმა ზოგზე დამთრგუნველად იმოქმება (რას იზამ, ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ): ზოგი გაცოფდა, შურისძიების გრძნობით დაიმუხტა. მართალია, აგვისტოს ომი წავაგეთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის, ამით საქმე არ დამთავრებულა. ჩვენ ისეთი მეომრები გვყავს, ყველაფერს შევძლებთ. არ ვიცი, გსმენიათ თუ არა რაიმე ალექსანდრე ონიანის შესახებ, რომელიც თანამებრძოლთან ერთად, მტრის ალყაში მოექცა. სრულიად საღ-სალამათი იყო, გაქცევაც შეეძლო, მაგრამ მტერს დაჭრილი თანამებძოლი არ დაანება და მასთან ერთად აიფეთქა თავი.
- არათუ მსმენია, მისი გმირობის შესახებ სტატიაც გამოვაქვეყნე. ხოლო ის ფაქტი, რომ თავი აიფეთქა, მართლმადიდებლური თვალსაზრისით, რამდენად მართებულია?
- ეს თვითმკვლელობა კი არა, მოწამებრივი სიკვდილი იყო. ერთსაც გეტყვით: როდესაც ქალს გასაუპატიურებლად ეძალებიან და ის თავს იკლავს, ამით ცოდვას კი არ სჩადის, არამედ მოწამებრივად აღესრულება. თვითმკვლელობა ცოდვა მაშინ არის, როდესაც ცხოვრებაზე ხელს ჩაიქნევ, მომავლის იმედს გადაიწურავ და რწმენას დაკარგავ.
- რჩევებისთვის მუსლიმანი ქართველებიც თუ მოგმართავენ?
- კი, ძალიან ხშირად. ჯარისკაცებს აღმსარებლობის მიხედვით არ ვყოფ. მუსლიმან ქართველებსაც არაერთხელ გაუნდვიათ ჩემთვის თავიანთი სულის საწუხარი. ზოგიერთი მათგანი ქრისტიანულადაც მომინათლავს, მაგრამ ეს მათი ინიციატივით მომხდარა და არა ჩემი ზეწოლით. ამ რამდენიმე ხნის წინ მუსლიმანი აჭარელი მოვნათლე. ჰასანი ერქვა და ონისე დავარქვი. სხვათა შორის, ქართველმა მუსლიმანებმა ავღანეთში ყოფნის დროს დიდი სამსახური გაგვიწიეს - მათი წყალობით, ადგილობრივებთან ადვილად გამოვნახეთ საერთო ენა.
- ავღანეთში თქვენი სურვილით წახვედით?
- დიახ, იქაც ჩემს ბიჭებს გავყევი. პირველი წირვა "დავაყენეთ" ავღანეთში. ყველა საბრძოლო დავალების წინ ვლოცავდი ბიჭებს; ისინიც მეტი შემართებით ასრულებდნენ თავიანთ საპატიო მისიას.
- იმ ეკლესიის შესახებაც გვიამბეთ, რომელიც ავღანეთში თქვენი ინიციატივით ააშენეს...
- არა, ეს ჩემი კი არა, ჯარისკაცების ინიციატივა იყო. ისიც კი ბიჭებმა გადაწყვიტეს, ეკლესია თუ რომელი წმინდანის სახელობის უნდა ყოფილიყო. კურთხევა საპატრიარქოსგან - მამა დავითმა (ლონდარიძე) მოგვცა. თავიდან ლოცვების ჩასატარებლად, ერთი კარავი გვქონდა, ხატებიც იქ გვესვენა. მერე მეკავშირე ოფიცრის, ლევან სიხარულიძის დახმარებით, ფრანგულმა მხარემ ბაზილიკის სტილის ლამაზი შენობა გადმოგვცა. ამის გამო ავღანელებისგან არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, პირიქით - რომ დამინახავდნენ, თვალები უბრწყინდებოდათ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ პატივს მცემდნენ. ეს ალბათ ჩვენი ბიჭების დამსახურება იყო.
- როგორც ვიცი, ავღანელებს ქართველების მიმართ ისტორიულად აქვთ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება...
- კი, ასეც არის. თურმე შუა საუკუნეებში ავღანელები ამბობდნენ, - ირანელები ჩვენთან დედაკაცები არიან, ჩვენ კი ქართველებთან ვართ დედაკაცებიო. მებრძოლი ხალხია და ვაჟკაცების ფასიც იციან. რუსებს ვერ იტანენ, ეზიზღებათ. ამერიკელებს შედარებით კარგი თვალით უყურებენ - ამ ხალხმა ინფრასტრუქტურა მაინც შეუქმნა ადგილობრივებს და ცივილიზაციას აზიარა, რუსებმა კი მხოლოდ მიწისაგან პირისა აღგავეს იქაურობა. ჩვენმა ქალებმაც თავიანთი პატიოსნებით განსაკუთრებული პატივისცემა მოიპოვეს. ერთხელ ხანდაზმულმა ფრანგმა ქალბატონმა მკითხა, - როგორ ცხოვრობენ თქვენი ქალები ბოიფრენდის გარეშეო?.. მათთვის წარმოუდგენელია ასეთი საქციელი.
- ადგილობრივებთან რა ენაზე საუბრობდით? ინგლისური თუ იცით?
- ინგლისური ზუსტად ისე ვიცი, როგორც შენ - მეგრული (იცინის)... რაღაცებს ვიგებ და ჩემს სათქმელსაც ვაგებინენ ზოგჯერ.
- კიდევ რომელიმე ცხელ წერტილში ხომ არ აპირებთ გამგზავრებას?
- არ ვიცი, რასაც ჩემი მეთაური და საპატრიაქტო მეტყვიან, იმას მოვიმოქმედებ. ქართულ არმიაში ჩემი კონტრაქტი სამუდამოა: სანამ ცოცხალი ვარ, ჯარში უნდა ვიყო.
- წარმატებებს გისურვებთ!
- გმადლობ! მშვიდობიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებ, უფალი იყოს შენი შემწე!
P.S. მამა იოსების შესახებ კიდევ ბევრი სხვა საინტერესო და შეიძლება ითქვას, საოცარი ამბავი შევიტყვე, მაგრამ თავად მთხოვა, - ყველაფერს ნუ დაწერო. გული მწყდება, მკითხველს სრულად რომ ვერ ვუამბობ სპის მოძღვრის გმირობის, თავდადებისა თუ საოცარი სულგრძელობის შესახებ, მაგრამ რას ვიზამ - მისთვის მიცემულ სიტყვას ვერ გავტეხ...
ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)