ევროსაბჭოს ექსპერტები რუსულ და ოსურ მხარეებს ცხინვალში დაკარგული ქართველი ტანკისტების მოსაძიებლად სამუშაოების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ბრიუს პეგისა და ნიკოლას სებირის შესაბამისი რეკომენდაცია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშშია შესული.
კერძოდ, საუბარია ქართული ტანკის 406-ის ეკიპაჟის წევრების - გიორგი რომელაშვილის, ზაზა ბირთველაშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის შესახებ. ტანკი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის ბრძოლებში მონაწილეობდა და სოფელ თამარაშენისკენ მიიწევდა. ტანკზე შეტევა საფარიდან განხორციელდა და შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა.
არსებობდა ვერსია, რომ ეკიპაჟის წევრები ინტერნეტით გავრცელებულ სამ ვიდეომასალაში იყვნენ ასახულნი. მოგვიანებით დადგინდა, რომ მოპოვებულ ორ ვიდეომასალაში სხვა ჯარისკაცები იყვნენ დაფიქსირებულნი, რომლებიც ცხინვალში დაიღუპნენ. მესამე ვოდეომასალაში ასახული ქართველი ჯარისკაცის ვინაობის დადგენა კი, საბოლოოდ ვერ მოხერხდა.
ტანკი 406-ის კოშკი კი, სავარაუდოდ, დღემდე ცხინვალშია და ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაცია ახლა ცდილობს ამის გარკვევას.
ექსპერტები ბრიუს პეგი და ნიკოლას სებირი ვარაუდობენ, რომ ტანკში მყოფი ეკიპაჟის წევრების სხეულები მთლიანად განადგურდა და აღდგენას არ ექვემდებარება. მათ მიაჩნიათ, რომ ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს ზომების მიღება იმის დასადგენად, თუ სად და რა ვითარებაში ჩაუსაფრდნენ ტანკ 406-ს, ასევე, რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნდა მიაწოდონ გამოძიებას 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს განადგურებული ქართული ტანკების ადგილსამყოფელისა და სერიული ნომრების შესახებ მათ ხელთ არსებული დეტალები.
ბრიუს პეგი და ნიკოლას სებირი, ასევე, აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციამ და შესაბამისმა რუსულმა სახელისუფლო ორგანოებმა უნდა გაააქტიურონ ძალისხმევა იმ დაკარგული პირების საფლავების დასადგენად, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს შეიძლებოდა დაღუპულიყვნენ. მათივე რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ფსიქოლოგიური კონსულტაციები ტანკი 406-ის ეკიპაჟის ოჯახის წევრებისა და სხვა დაკარგული პირების ნათესავებისათვის; უნდა დაადგინოს მესამე ვიდეოზე გამოსახული ჯარისკაცის ვინაობა. ამ ჯარისკაცის ვინაობის დადგენისთანავე კი, ყველა მხარემ უნდა მიიღოს ზომები.
ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში და მის შემდგომ უგზოუკვლოდ დაკარგული პირების საქმეების გამოძიების მონიტორინგის შედეგები 29 აგვისტოს გამოქვეყნდა.