აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" მის თანაშემწეზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულ თანამდებობაზე შალიკაშვილი ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას, 1993-დან 1997 წლამდე მუშაობდა.
წარმოშობით ქართველი ივანე შალიკაშვილი (ჯონ შალიკაშვილი) 1936 წელს პოლონეთში დაიბადა. მისი მშობლები, პოლკოვნიკი, გრაფი დიმიტრი შალიკაშვილი და გრაფინია მარია რიდიგერ-ბელიაევა იყვნენ. 1951 წელს ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა. ამ დროისთვის უმცროსი შალიკაშვილი ინგლისურ ენაზე თითქმის არ საუბრობდა. თუმცა, მოგვიანებთ ის გახდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის პირველი ხელმძღვანელი, რომელიც ამერიკაში არ დაბადებულა.
შალიკაშვილი მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, ხელმძღვანელობდა ნატოს ჯარებს ევროპაში. მისი გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და პირველმა ლედიმ.