მფრინავი ჯავშნოსნები

მფრინავი ჯავშნოსნები

უახლოესი წლების განმავლობაში, წამყვანი ქვეყნების არმიებში რადიკალურად განსხვავებული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდება, რომელიც დაჯავშნული ავტომობილისა და შვეულმფრენის შესაძლებლობებს ერთად შეითავსებს.

პენტაგონმა მოიწონა ვერტიკალური აფრენის შესაძლებლობის მქონე წარმოდგენილი საბრძოლო ჯავშანმანქანების პროექტები და მათ მწარმოებლებს მუშა პროტოტიპების შექმნის ვადებიც დაუწესა. აშშ-ის არმიისთვის განკუთვნილ მფრინავი საბრძოლო ჯავშანმანქანების პროექტებზე ორი ამერიკული კომპანია პარალელურად მუშაობს. მაგრამ მათი მიდგომა და გადაწყვეტილებები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება.

პენტაგონის პერსპექტიული იარაღის შექმნის სააგენტო DARPA-მ, კომპანია Lockheed Martin-ისა და კორპორაცია AAI-ს შემოთავაზებული მფრინავი ჯავშანმანქანების პროექტების რეალიზაცია ჩათვალა მიზანშეწონილად. ამგვარად, პროგრამა Transformer, რომელსაც არაოფიციალურად კულუარებში "მფრინავ ჰამერსაც“ უწოდებენ, მეორე ფაზაში გადავიდა. ეს კი ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლას ნიშნავს. ანუ პროექტირების სტადიიდან კომპანიები მოქმედი პროტოტიპების შექმნაზე გადავლენ.

კომპანია AAI აქცენტს თვითმფრინავის ფრთებისა და შვეულმფრენის მზიდი ხრახნის შერწყმულ კონსტრუქციაზე აკეთებს. მიწაზე მოძრაობისას, ამ მფრინავი ფრთახრახნიანი მანქანის საავიაციო ელემენტები დაიკეცება. ამ შემთხვევაში, ფრთები მზიდ ხრახნს ამწევი ძალის წარმოქმნაში დაეხმარებიან. ფრენისას კი ამ უჩვეულო აპარატის ჰორიზონტალურ გადაადგილებას, მის უკანა ნაწილში არსებული პროპელერი უზრუნველყოფს.

რაც შეეხება კომპანია Lockheed Martin-ის პროექტს, მის შემთხვევაში ფრთებზე ხრახნების განლაგება სპეციალურ რგოლებში მოხდება, რომელსაც მობრუნების და შესაბამისად შეტევის კუთხის ცვლილების საშუალება ექნებათ.

კომპანიების წინაშე დასახული პირობების თანახმად, პროტოტიპები 2012 წლისთვის უნდა დამზადდეს, რის შემდეგაც DARPA მათ შორის ერთ-ერთს ამოირჩევს. ფინალისტს კი 2015 წლისთვის მფრინავი პროტოტიპის შექმნის ვალდებულება დაეკისრება.

ამ ყოველივეს განხორციელების შემთხვევაში, ამერიკელები თანამედროვე ტექნოლოგიის საინტერესო სიმბიოზს მიიღებენ. ოთხადგილიან მაღალი გამავლობის დაჯავშნულმა მანქანამ, 60 წამში საფრენ აპარატში ტრანსფორმაცია უნდა მოახდინოს. თანაც ამ უჩვეულო საბრძოლო საშუალების მძღოლს არ უნდა მოეთხოვებოდეს პროფესიონალი პილოტის ცოდნა-გამოცდილება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეში ამერიკელები პირველები არ არიან. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანელები ამერიკული "ვილისის“ ბაზაზე მფრინავი ჯიპის შექმნას ცდილობდნენ. მისი ავტორი შვეულმფრენების ავსტრიელი კონსტრუქტორი რაულ ჰაფნერი იყო, რომელსაც ერთ-ერთი შოტლანდიერი მილიონერი აფინანსებდა.

ავსტრიელმა ინჟინერმა 1928 წელს შვეულმფრნების რამდენიმე პროტოტიპი შექმნა. მაგრამ დიდი წარმატებით არცერთი არ გამოირჩეოდა.

იმის დაწყებასთან ერთად, ჰაფნერი დიდ ბრიტანეთში გადაბარგდა და იქ Rotachute შექმნა. ერთ ადამიანზე გათვლილ ფრთახრახნიანი პლანერი - პარაშუტი მბრუნავი ფრთით. ეს უცნაური გამოგონება თვითმფრინავით 1-2 კმ-ის სიმაღლეზე აყავდათ და შემდგომ ავტონომიურ ფრენაში უშვებდნენ. მიზიდულობის ძალის მოქმედებით, ქვემოთ დაშვებისას მიმწყდომი ჰაერის ნაკადი ხრახნს ატრიალებდა. პილოტი აპარატს სასურველი გეზით მართავდა და ტყვიამფრქვევით მიწაზე მყოფ მოწინააღმდეგეს ანადგურებდა. ჩანაფიქრი თამამი იყო, მაგრამ 3 პროტოტიპის შექმნის იქით საქმე არ წავიდა.

1942 წელს ინგლისელ სამხედროებს ახალი აზრი მოუვიდათ - Rotachute-ის გამოყენება უფრო გაბარიტული და მძიმე ტვირთვის შემთხვევაში შეიძლებოდა და ჰაფნერი მათ ორ ვარიანტს სთავაზობს. მფრინავი ჯიპი და მფრინავი ტანკი. ეს უკანასკნელი იდეის დონეზე დარჩა. ჯიპის ვარიანტი კი სამხედროებმა მოიწონეს.

სტანდარტულ ამერიკულ "ვილისზე“ 12,4 მ-ის დიამეტრის მზიდი ხრახნი და თვითმფრინავის იმპროვიზირებული კუდი დაამაგრეს. Rotabuggy-ის მასამ 1411 კგ შეადგინა. 946 კგ-ს მანქანა იწონიდა, წონის დანარჩენი ნაწილი კი მის საავიაციო ელემენტებზე მოდიოდა.

1943 წლის 16 ნოემბერს Rotabuggy, რომელსაც ბომბდამშენი ბუქსირით ექაჩებოდა, პირველად აფრინდა ჰაერში და 105 კმ/სთ-ის ტოლი სიჩქარეც განავითარა. გამოცდები 1944 წლის ბოლომდე გაგრძელდა. მაგრამ მათი წარმატებულობის მიუხედავად, მფრინავ ჯიპზე მუშაობა შეწყდა. გაცილებით პერსპექტიული საავიაციო ტექნიკის შექმნასთან ერთად, Rotabuggy-მ აქტუალობა დაკარგა.

რაც შეეხება DARPA-ს მფრინავი დაჯავშნული ავტომობილის პროექტს, მისი სავარაუდო ფასი დაახლოებით 1 მილიონი დოლარი იქნება. შედარებისთვის, ჩვეულებრივი სამხედრო Humvee დაახლოებით 400 ათასი ღირს, მსუბუქი შვეულმფრენი კი - 4 მილიონი დოლარი.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე