საქართველო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სამხედრო კონტინგენტს ზრდის. შესაბამისი წარდგინებით პრეზიდენტმა პარლამენტს დღეს მიმართა და ავღანეთის უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) დამატებით ერთი ქვეითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ თანხმობა ითხოვა.
საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, დამატებითმა ბატალიონმა ამერიკის შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში უნდა იმსახუროს.
ამასთან, საქართველოს პარლამენტს უკვე გამოხატული აქვს თანხმობა ISAF-ის მისიაში ერთი ქვეითი ასეულისა და ინსტრუქტორთა ჯგუფის (საფრანგეთის კონტინგენტში), ერთი ქვეითი ბატალიონის (ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტში) და ორი სამხედრო მოსამსახურის (თურქეთის კონტინგენტში) მონაწილეობის თაობაზე.
ავღანეთში დამატებით ერთი ქვეითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ შესაბამის თანხმობას პრეზიდენტი პარლამენტისგან მომავალი კვირის რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.