როგორც ჩანს, ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან დაკავშირებით ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდა. 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყებამ მფრინავი საბრძოლო ლაზერების შექმნის პროგრამა დახურა. არადა, ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ, სისტემა აქტიურ გამოცდას გადიოდა და ახლო მომავალში მისი შეიარაღებაში მიღებაც იგეგმებოდა.
საჰაერო ბაზირების ლაზერულ სისტემა ABL-ზე, აშშ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ფარგლებში მუშაობდა. გეგმის მიხედვით, საბრძოლო ლაზერიან თვითმფრინავს მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტები ფრენის საწყის უბანზე უნდა გაენადგურებინა.
პროექტი სათავეს გასული საუკუნის 80-იან წლებში იღებს. თუმცა მასზე აქტიური მუშაობა მხოლოდ 1996-ში დაიწყო. პროგრამის საწყისი ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ორ საცდელი პროტოტიპის აშენებასთან ერთად, ხუთი სერიული თვითმფრინავისთვის საჭირო თანხას მოიცავდა. 2006 წლისთვის ხარჯების ოდენობამ 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ კი 7-8 მილიარდს მიუკაკუნა. სწორედ ეს გახდა პროგრამა ABL-ის დახურვის მთავარი მიზეზი. თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების ფარგლებში, მსგავსი პროექტი უწყებისთვის წარმოუდგენელი ფუფუნება იყო.
დახურვის პირას პროგრამა რამდენიმეჯერ ყოფილა. მაგრამ მწარმოებლები ახერხებდნენ მთავრობის დარწმუნებას მათი შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! აუცილებლობაში. თუმცა, ამჯერად მოყვანილმა არგუმენტებმა ვერ გაამართლა.
ABL-ის შემთხვევაში, საჰაერო პლატფორმად მოდიფიცირებული სამგზავრო ლაინერი Boeing 747-400 გამოიყენებოდა. საბრძოლო ლაზერი ფირმა Northrop Grumman-ის შექმნილია, მისი დამიზნების სისტემა კი Lockheed Martin-ის.
ლაზერის წარმოსაქმნელად საჭირო ყველა მოწყობილობა ფიუზელაჟის შიგნით არის განთავსებული. „ლაზერული ქვემეხი“ კი ფიუზელაჟის ცხვირზე მაგრდება. თვითმფრინავზე ლაზერის სხივის სამი სახეობა გამოიყენება. პირველი - სამიზნის აღმოჩენასა და დაფიქსირებას ახდენს, მეორე - ატმოსფერული ხარვეზების კომპენსირებას უზრუნველყოფს, მესამე კი თავად საბრძოლო ლაზერია. პენტაგონის ჩანაფიქრით, საჭიროების შემთხვევაში, ასეთი თვითმფრინავები იმ ქვეყნების მახლობლად იმორიგევებდნენ, საიდანაც რაკეტული საფრთხე იქნებოდა მოსალოდნელი.
2007-ში ედვარდსის ავიაბაზაზე ABL-ის პირველი გამოცდა ჩატარდა. მის ფარგლებში სამიზნის აღმოსაჩენად და გასაცილებლად განკუთვნილმა ლაზერმა საშტატო რეჟიმში იმუშავა.
2010 წლის 3 თებერვალს კი ჩატარებული მორიგი გამოცდების სერია უკვე რეალური ბალისტიკური რაკეტის განადგურებას ისახავდა მიზნად. იმავე თვის 11 რიცხვში, საჰაერო ბაზირების ლაზერმა როგორც მყარ, ასევე თხევად საწვავზე მომუშავე ბალისტიკური რაკეტები წარმატებით გაანადგურა.
რაკეტის სტარტის შემდეგ, თვითმფრინავის საბორტო დამიზნების სისტემამ სამიზნე მიზანში ამოიღო და თვითმფრინავის ცხვირა ნაწილში დამაგრებული ლაზერული დანადგარიდან, რაკეტის მიმართულებით ლაზერის ძლიერი სხივი გაუშვა. ოპერაცია დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა. პირველი გამოცდიდან, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, კუნძულ სან-ნიკოლასიდან მეორე მყარსაწვავიანი რაკეტა გაუშვეს, რომელიც ABL-მა ასევე წარმატებით გაანადგურა.
სხვათა შორის, ამგვარი იარაღის თემატიკა აქტუალური საბჭოთა კავშირშიც იყო. 1970-იან წლებში კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგეტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთმა ფილიალმა 1 მეგავატის სიმძლავრის ლაზერი შექმნა, რომელიც გამოსაცდელად Ил-76-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავზე დააყენეს.
წარმოებაში ლაზერის ეს საავიაციო ვარიანტი ინდექსით А-60 ჩაუშვეს. პირველი თვითმფრინავი ჰაერში 1981 წლის 19 აგვისტოს აფრინდა. მაგრამ მას დიდხანს სიცოცხლე არ ეწერა. 1989-ში ის ჩკალოვსკის სამხედრო აეროდრომზე დაიწვა. იმავე წლის აგვისტოში ჰაერში უკვე მეორე А-60 აფრინდა. წლების განმავლობაში უფულობის გამო პროექტი შეჩერებული იყო. მაგრამ 2010 წელს საავიაციო ლაზერულ სისტემაზე მუშაობა რუსებმა ისევ დაიწყეს.
როგორც ჩანს, ამერიკული პროექტ ABL-ის დახურვის შემდეგ, რუსული А-60 ერთადერთ თვითმფრინავად დარჩება, რომელზეც საჰაერო ბაზირების ლაზერია დაყენებული.
ნუკრი მგელაძე