ამერიკის შეერთებული შტატები ორმუზის სრუტის დახურვის შემთხვევაში ირანს ძალის გამოყენებით ემუქრება. უცხოური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ამერიკულ ტელეარხ "სი-ბი-ეს"-ის ეთერში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ გააკეთა.
"ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. შეერთებული შტატები არ მოითმენს ორმუზის სრუტის დახურვას. ეს არის წითელი ხაზი, რომელზე გადასვლაც არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი ძალისმიერ ზომებს მიმართავს", - განმარტა ლეონ პანეტამ.
ცოტა ხნის წინ ირანის ვიცე პრეზიდენტმა რეზა რახიმიმ განაცხადა, რომ თეირანი ორმუზის სრუტეს დაკეტავს, თუკი ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტზე სანქციები იქნება დაწესებული. ორმუზის სრუტე - მნიშვნელოვანი სანაოსნო გზაა, რომელიც სამხრეთ ირანს სპარსეთისა და ომანის ყურეებთან აკავშირებს. სრუტეს ნავთობის გლობალური ტრანსპორტირებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
სრუტის საშუალებით მსოფლიო ნავთობის 40%-ის ტრანსპორტირება ხდება.